ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ბავშვის სიცელქესა და ჰიპერაქტივობის სინდრომს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:
„ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი გახლავთ განვითარების აშლილობა. ის ქცევის დარღვევით ვლინდება. ეს სინდრომი დაახლოებით 3-დან 9%-მდე ბავშვებში არის გამოხატული. პროცენტი საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია მოვახდინოთ დიფერენცირება, არის ეს სიცელქე თუ საქმე გვაქვს სინდრომთან, რომელსაც სჭირდება სპეციალისტის ჩარევა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? აუცილებელია, რომ ეს ნიშნები გამოხატული იყოს ორ გარემოში. თუ ბავშვი სახლში არაადეკვატურად იქცევა და სკოლაში მას არ აქვს არანაირი პრობლემა, ე.ი. ეს არ არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი.
სპეციალისტისთვის ძალიან ადვილად გასარჩევია, სიცელქე რა არის და რა არის ჰიპერაქტივობა. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდომის მქონე ბავშვს არ შეუძლია მოსვენება, ვერ ჩერდება გაკვეთილზე. პირველი, რასაც მშობელს ვეკითხებით: „დადის გაკვეთილზე? აქვს ეს ჩივილი?“ ხშირად ბავშვი დგება გაკვეთილზე, გადის. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მას ასე უნდა, ის ამას ვერ აკონტროლებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ თავის ტვინში არის გარკვეული უბნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ყურადღების კონცენტრაციაზე, კონტროლზე, რეაქციაზე, სტიმულზე. მათი არასრულფასოვანი განვითარება იწვევს ამ ნიშნებს ბავშვებში.
ადრეულ ასაკში ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლინებაა, რომ მოტორული აქტივობა არის საკმაოდ მკვეთრი, ვერ ხდება ბავშვის გაჩერება, მშობელს არ შეუძლია კონტროლი, არის მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეები. ასეთი ბავშვი გაუჩერებლად ლაპარაკობს, სვამს კითხვებს, ძალიან კომუნიკაბელურები არიან, მათ ძალიან მაღალი მოსწრების უნარიც აქვთ. ეს არ არის სიცელქე. ეს უკონტროლო მოტორული აქტივობაა, რომელიც შემაწუხებელია მშობლისთვის. ბაღში ბავშვს არ შეუძლია აქტივობებში ჩართვა, ინსტრუქციის დამახსოვრება. ამით მშობელი უნდა მიხვდეს, რომ მიმართოს სპეციალისტს. დიაგნოზი უნდა დაისვას მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით. პირველი რგოლი არის პედიატრი, შემდეგ - ნევროლოგი, შეიძლება დაგვჭირდეს მეტყველების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი. რამოდენიმე ხნის დაკვირვების შემდეგ უნდა დაისვას დიაგნოზი,“- აღნიშნულ საკითხზე გვანცა არველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
წყარო: „იმედის დილა“
წაიკითხეთ სრულად