Baby Bag

შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი

შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი
ადრეულ ასაკში ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბების და ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. 

ქვემოთ მოცემულ სახელმძღვანელოში მოცემულია ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, სადაც გაერთიანებულია ინფორმაცია იმის შესახებ, განვითარების რა დონეს უნდა აღწევდეს ბავშვი დაბადებიდან სკოლაში წასვლამდე, რა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს იგი. 

სტანდარტებში ჩამოყალიბებულია ბავშვის განვითარების მაჩვენებლები კონკრეტულ ასაკთან მიმართებაში და წარმოადგენს სასურველ მოლოდინსა და შედეგებს, რომელთა მიღწევა შესაძლებელია ბავშვის მშობლების, მეურვეებისა და მასწავლებლების ერთიანი ძალისხმევით.

იხილეთ სახელმძღვანელო და შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა ვაპატიოთ. ყველანი ადამიანები ვართ, ხანდახან წყობიდან გამოვდივართ და რაღაცები გვეშლება,“ - ნეიროფსიქოლოგი მაია ჯავახიშვილი

„პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა ვაპატიოთ. ყველანი ადამიანები ვართ, ხანდახან წყობიდან გამოვდივართ და რაღაცები გვეშლება,“ - ნეიროფსიქოლოგი მაია ჯავახიშვილი

ნეიროფსიქოლოგმა მაია ჯავახიშვილმა ბავშვთან ურთიერთობისას მშობლის მაგალითის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მშობლობა მუდმივი განვითარება და თვითანალიზია:

„მე თუ შენ გასწავლი, რომ ​უზრდელური სიტყვები არ უნდა გამოიყენო, უფროსს პატივისცემით ელაპარაკო, არ უნდა იუხეშო და მე ამ დროს ყოველ წამს წყობიდან გამოვდივარ, ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფას ვაყენებ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის დამაბნეველია. რეალურად მშობლობა რა არის? მუდმივი განვითარება, თვითანალიზი, თვითდაკვირვება და საკუთარი თავის გაუმჯობესება. რამდენადაც მე, როგორც მშობელი, გავიუმჯობესებ თავს, იმდენად გავაუმჯობესებ ბავშვის ქცევას.“

მაია ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მშობელმა შეცდომის დაშვების შემთხვევაში ბავშვს უნდა მოუბოდიშოს, მან საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს:

„მობოდიშებას თავისი წონა და როლი რომ ჰქონდეს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ​ერთია, რომ არ ვადანაშაულებთ ბავშვს. ხშირად ვამბობთ, რომ მე შენ დაგიყვირე, მაგრამ ნელი რომ ხარ, ვაგვიანებთ დილით. მე კი მომეშვა, რომ ბოდიში მოგიხადე, მაგრამ რაღაცნაირად შენ გადმოგაბრალე. ტვირთი შენზე გადმოვიტანე და ისევ შენ გრძნობ თავს ცუდად. ბევრი ახსნა-განმარტება არ უნდა, მე თუ ცუდად მოვიქეცი, ვამბობ, რომ ვწუხვარ, მეტად უნდა მომეთოკა თავი. ადვილად შეიძლება შენი სინანული გადაიზარდოს დადანაშაულებაში.“

მაია ჯავახიშვილის თქმით, ჩვენს საზოგადოებაში ბოდიშის თქმა ადამიანებს ძალიან უჭირთ, რაც ჭარბი სიამაყით არის გამოწვეული:

„ჩვენი საზოგადოების ძალიან მწვავე პრობლემაა, რომ ბოდიში „არ მოსულა“ ჩვენთან. ​თუ მოვიბოდიშებ, ე.ი, უნდა ვაღიარო, რომ შემეშალა. სიამაყე ამას ეწინააღმდეგება. ეს იმ ეპოქის ნაწილია, როდესაც მაწავლებელი ტუალეტში არ დადიოდა, ისეთი აღმატებული იყო. ზრდასრულს, რომ შეცდომა არ მოსდის და ბავშვთან მიმართებაში არასდროს აღიარებს, ესეც იმ სცენარიდან არის. ჩვენ ხელახლა უნდა გადავხედოთ ამ საკითხს და ამ მიდგომებს ბავშვთან მიმართებაში. სამართალს ასაკი არ აქვს.“

„რა თქმა უნდა, ამას დანაშაულის განცდაც ახლავს მშობლის მხრიდან. შეიძლება არ ვაღიარო, მაგრამ ხომ ვხვდები, რომ ჩემი მხრიდან გული ვატკინე ბავშვს ღრიალით და წყობიდან გამოსვლით. პირველ რიგში, ჩვენს თავსაც უნდა ვაპატიოთ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ხანდახან წყობიდან გამოვდივართ და რაღაცები გვეშლება. ამით ბავშვსაც ვაძლევთ მაგალითს, რომ ​შენ თუ შეგეშლება, არ ნიშნავს, რომ ცუდი ხარ. მეც, როგორც მშობელი, თუ მოგიბოდიშებ და ვაღიარებ, რომ რაღაც შემეშალა, არ ნიშნავს, რომ მე ცუდი ვარ. მე შევცდი, როგორც ყველა ადამიანი ცდება და ვეცდები, რომ ეს გავაუმჯობესო. ჩემს თავს ვპატიობ, შენც მაგალითს გაძლევ, რომ შენს თავსაც უნდა აპატიო და სხვასაც,“ - აღნიშნულ თემაზე მაია ჯავახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად