Baby Bag

ჩახუტების მნიშვნელობა ოჯახის ცხოვრებაში - რატომ უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს ყოველდღიურად?

ჩახუტების მნიშვნელობა ოჯახის ცხოვრებაში - რატომ უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს ყოველდღიურად?

ჩახუტებას ოჯახში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. ჩახუტება ერთმანეთთან გვაახლოვებს. ის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაში გვეხმარება. ჩახუტება უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას აძლიერებს. ის ადამიანს კომფორტის განცდას უქმნის და ემოციური ხასიათის ზიანის განკურნებაში ეხმარება.

ადამიანები ხშირად ბევრ რამეს გარანტირებულად თვლიან, რის გამოც ზოგიერთ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, მათ შორის, ჩახუტებასაც. ნუ დაელოდებით იდეალურ შემთხვევებს იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს ჩაეხუტოთ, იდეალური შემთხვევები თავად შექმენით. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო ოჯახის წევრები დილით სამსახურებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში გარბიან, ისე, რომ გამომშვიდობებასაც ვერ ასწრებენ. საღამოს კი გაღიზიანებულები და დაღლილები საკუთარ სამყაროში იკეტებიან. ზოჯერ ისინი ძილის წინ ოჯახის წევრებს სოციალური ქსელებით ემშვიდობებიან და მათთან ფიზიკური შეხება არ აქვთ.

ყოველდღიური რუტინის პირობებში, ადამიანები კოცნას ერთმანეთს დისტანციურად უგზავნიან და იმის შიშით, რომ ერთმანეთს პირადი სივრცე არ დაურღვიონ, სიყვარულს იშვიათად გამოხატავენ. სხვისი პირადი სივრცის დაცვა არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს სიყვარული არ აგრძნობინოთ. თუ შვილებს ამ დამოკიდებულებით გაზრდით, მათ გრძნობების გამოხატვის უნარი არ ექნებათ.

ერთი უბრალო ჩახუტება ისეთი ჰორმონების გამომუშავების სტიმულაციას უწყობს ხელს, როგორებიცაა: ოქსიტოცინი, სეროტონინი და დოფამინი. ჩახუტება სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნასაც ასტიმულირებს, რაც იმუნიტეტს აძლიერებს. ჩახუტებით თქვენ შეგიძლიათ ადამიანის დღე უკეთესი გახადოთ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანს საკუთარ პასუხისმგებლობებთან გასამკლავებლად დღეში 4 ჩახუტება ესაჭიროება,  ხოლო პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის - 12.

არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრებს მოეფეროთ. ნუ აქცევთ ჩახუტებას მექანიკურ ქმედებად და ის მთელი გულით შეიგრძენით. ოჯახში დაძაბულობის ან კამათის შემდეგ, როდესაც დამშვიდდებით, აუცილებლად ჩაეხუტეთ ერთმანეთს, რათა სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ. თუ თქვენი შვილი მოწყენილია, ჰკითხეთ, რა აწუხებს. შესაძლოა, მან უარი თქვას თავისი საიდუმლოს გამხელაზე, მაგრამ გამამხნევებელ ჩახუტებაზე უარს არ გეტყვით. ნებისმიერი წარმატება, თუნდაც მცირედი, ჩახუტებით აღნიშნეთ. გამამხნევებელი სიტყვები ჩახუტებით განამტკიცეთ და არასდროს თქვათ უარი ჩახუტებაზე, როდესაც ამის სურვილი გექნებათ.

წყარო: ​youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად