Baby Bag

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის, არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის, არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ჩვილები ყველასთვის საყვარლები და ძვირფასები არიან, რის გამოც უფროსები ყოველთვის ცდილობენ მათ კოცნას და მოფერებას. მართალია, კოცნა სიყვარულის და სითბოს გამოხატვის ფორმაა, მაგრამ ჩვილის შემთხვევაში ის, შესაძლოა, ძალიან სახიფათოც იყოს. თუ ჩვილი ბავშვის მშობლები ხართ, მოგიწოდებთ, დაიცვათ თქვენი შვილი ახლობლების მხრიდან კოცნისა და მოფერებისგან.

ახალშობილებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, რის გამოც დაბადებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში ისინი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ნებისმიერი სახის ვირუსს ან ბაქტერიას მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. სანამ ბავშვს შეეხებით, ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ. ვირუსებისა და ბაქტერიების წყარო მხოლოდ ხელი არ არის, ისინი ჩვენს სახეზეც ბუდობენ, რის გამოც კოცნა ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


ჩვილები განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტივი ჰერპეს ვირუსის მიმართ, რომელიც ზრდასრულებში ტუჩის ირგვლივ წყლულების განვითარებას იწვევს, ხოლო ჩვილისთვის, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული ადამიანი პირით შეეხება ბავშვის ხელს, შემდეგ ბავშვი ხელს მიიტანს თვალთან, ცხვირთან ან პირთან, ვირუსი ლორწოვან გარსში შეაღწევს. სუსტი იმუნური სისტემის გამო ვირუსმა, შესაძლოა, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ანთება გამოიწვიოს.

ბავშვის დაბადებიდან პირველი რამდენიმე თვე განსაკუთრებით საფრთხილოა და მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. ნებისმიერი ოჯახის წევრი, რომელიც შეუძლოდაა, ბავშვისგან იზოლირებული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხელში უნდა ავიყვანოთ, აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა დავიბანოთ ხელები. ჩვილობისას მოერიდეთ ბავშვის გაყვანას ხალხმრავალ ადგილებში და სტუმრიანობას სახლში. გახსოვდეთ, კოცნისას პათოგენები პატარას კანზე გადადის და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დავიცვათ ჩვილების სიცოცხლე და მოვარიდოთ ის ზედმეტ ფიზიკურ კონტაქტს. ნუ მოგვერიდება სტუმრებისთვის თქმა, რომ ბავშვის კოცნა არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უცნაურად მოეჩვენებათ მათ თქვენი სიტყვები. მშობლებისთვის უპირველეს საზრუნავს ჩვილის ჯანმრთელობა უნდა წარმოადგენდეს.

წყარო: ​Timesofindia.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„არტერიული ჰიპერტენზია გლობალურად სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება“ - ინტერვიუ რამაზ ბათავანთან

„არტერიული ჰიპერტენზია გლობალურად სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება“ - ინტერვიუ რამაზ ბათავანთან

„არტერიული ჰიპერტენზია გლობალურად სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება, ამ დაავადების გართულებით წელიწადში 10,4 მილიონი ადამიანი იღუპება. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა 50% - ზე მეტს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გართულების რისკი. არაკონტროლირებულ არტერიულ ჰიპერტენზიას სერიოზული გართულებები მოსდევს, შეიძლება განვითარდეს ინსულტი (იშემიური ან ჰემორაგიული), აორტის ანევრიზმა ან /და განშრევება, სტენოკარდია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თვალის ბადურის დაზიანება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ინსულტების 54% და გულის იშემიური დაავადების შემთხვევების 47% არტერიული წნევის პირდაპირი შედეგია, ამდენად, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინსულტის შემთხვევების კლება დიდწილად გამოწვეულია არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლით“ - რამაზ ბათავანი.

საკითხის ირგვლივ, MOMSEDU.GE გთავაზობთ ინტერვიუს 30-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელ რამაზ ბათავანთან.

- რა არის არტერიული ჰიპერტენზია?

რამაზ ბათავანი: „თანამედროვე სამედიცინო სახელმძღვანელოები არტერიულ ჰიპერტენზიას განმარტავენ როგორც არტერიული წნევის 140/90 მმ. ვწყ. სვ. და მეტად მომატებას. არტერიული წნევა არა სტატიკური, არამედ დინამიური მაჩვენებელია და ფიზიკური დატვირთვისა თუ ფსიქოემოციური მდგომარეობის მიხედვით იცვლება. ჯანმრთელ ადამიანებში წნევა ფიზიკური დატვირთვის დროს იმატებს, ხოლო მოსვენებისას ნორმას უბრუნდება. არტერიული ჰიპერტენზიის დროს კი წნევა, როგორც მოსვენების, ისე დატვირთვის დროს სცდება დასაშვები ნორმის ფარგლებს.

- არტერიული ჰიპერტენზიის რა ფორმები არსებობს და როგორი სიმპტომებით ხასიათდება?

რამაზ ბათავანი: „არტერიული წნევა კლასიფიცირდება, როგორც პირველადი (ესენციური) და მეორადი. ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არცერთ კლინიკურ მეთოდს არ შეუძლია განსაზღვროს არტერიული წნევის მომატების კონკრეტული მიზეზი. მეორადი არტერიული ჰიპერტენზია გამოწვეულია რომელიმე ორგანოს პათოლოგიით. ჰიპერტენზიის მქონე პირთა 10-15%-ს აქვს პოტენციურად განკურნებადი მიზეზით გამოწვეული მეორადი ჰიპერტენზია. მეორადი ჰიპერტენზიის მიზეზებია: თირკმლის არტერიის სტენოზი, ჰიპერალდოსტერონიზმი ან ფეოქრომოციტომა. პაციენტს, რომელსაც აწუხებს რეზისტენტული არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მაშინაც კი, თუ ის რეგულარულად იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. უხშირესად არტერიული ჰიპერტენზია იწყება კონკრეტული სიმპტომის გამოვლენის გარეშე, ზოგჯერ მისი დიაგნოსტირება შემთხვევითი გაზომვის დროს ხდება, ამიტომ რეკომენდებულია, რომ ამ დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით, მოზრდილმა ადამიანმა ჩაიტაროს შესაბამისი სკრინინგი: 24- საათიანი ამბულატორიული წნევის მონიტორინგი. სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს არტერიულ ჰიპერტენზიას მოიცავს: თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, სუნთქვის გაძნელებას, დაღლილობას, მოთენთილობას, ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენას“.

- რა არის ნორმა?

რამაზ ბათავანი: „ოპტიმალურია თუ წნევა არ აღემატება 120/80-ს, ნორმალური წნევის ციფრების მერყეობს 120-139/80-85 ფარგლებში. 18-იდან 40 წლამდე ქალების ნორმა 110/68, ხოლო ამავე ასაკის მამაკაცებში 119/70 ფარგლებშია, 60 წელზე მეტი ასაკის ქალებსა და მამაკაცებში კი - 135/70. ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 1/3-ს აქვს მომატებული არტერიული წნევა. ამერიკის კარდიოლოგიური საზოგადოებები თავიანთ უახლეს რეკომენდაციებში არტერიული წნევის მნიშვნელობებს 130–139/85–89 მმ. ვწყ. სვ. დიაპაზონს მიიჩნევენ, როგორც I ხარისხის ჰიპერტენზიას, მაგრამ აქვე აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე მკურნალობა უნდა წარიმართოს მედიკამენტების გარეშე. ევროპული გაიდლაინებით კი ეს მაჩვენებელი (130-139/85-89) აღიარებულია, როგორც ნორმის ზედა დიაპაზონი და რეკომენდებულია ჩატარდეს მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების ძალიან მაღალი რისკი.“

- როდის უნდა მიმართონ პაციენტებმა ექიმს?

რამაზ ბათავანი:მინიმალური სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაციის მიღება, თავის ტკივილის, ზოგადი სისუსტის, ადვილად დაღლის, გულის ფრიალის სიმპტომები აუცილებლად საჭიროებს გამოკვლევასა და შესაბამისი ზომების მიღებას. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს შენიღბული და პაციენტს არ ჰქონდეს გამოხატული ჩივილები. გვხვდება შემთხვევები, როდესაც მომატებულ წნევას ზოგიერთი პაციენტი არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას და თვლის რომ ეს მისი წნევაა, ამგვარი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს ორგანიზმის სხვა სისტემებს. ადეკვატური მკურნალობის გარეშე არტერიული ჰიპერტენზია გარდა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა, აზიანებს თავის ტვინს, მხედველობასა და თირკმლებს.“

- როგორ მკურნალობთ არტერიულ ჰიპერტენზიას?

რამაზ ბათავანი: „არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია, მოწოდებულია სხვადასხვა ჯგუფის წნევის დამწევი პრეპარატები, როგორც ცალკე, ასევე კომბინირებული სახით. მათ მოქმედების განსხვავებული მექანიზმები აქვთ, ბუნებრივია, რომ ყველა პაციენტს არ შეიძლება ერთი და იმავე პრეპარატით ვუმკურნალოთ. როგორც წესი, არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, თანმხლები დაავადებების, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით, ამიტომ ექიმის კონსულტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, თვითმკურნალობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას.“

- რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომელთაც არტერიული ჰიპერტენზია აწუხებთ?

რამაზ ბათავანი: „პაციენტებმა, რომელთაც მაღალი წნევა აწუხებთ, უნდა გადახედონ საკუთარ ყოველდღიურ რეჟიმს, პირველ რიგში, საჭიროა სწორი კვება, სტრესის შემცირება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, წონის დაკლება, ქოლესტერინის დიეტის დაცვა, სუფრის მარილის შეზღუდვა, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლური სასმლის მინიმალურად მიღება და პერიოდულად ექიმთან ვიზიტით არტერიული წნევის სათანადო კონტროლის მიღწევა.“

R. 

წაიკითხეთ სრულად