Baby Bag

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ,“- ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ ბავშვებში მეტყველების დაწყების ვადებსა და იმ ეტაპებზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვი მეტყველების დაწყებამდე გადის:

„ის პროცესები, რომლებიც მეტყველების დაწყებამდე ვითარდება, არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. ეს არის სხვა ადამიანზე ყურადღების ფოკუსი, ჯერ ემოციური და მერე ინიციატივების გამოხატვა, მაგალითად, რაღაც მინდა და ამას მივიღებ უფროსისგან. გარემოს წინასწარმეტყველება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 6 თვის ბავშვი ტიტინებს, ერთი წლის ასაკში ერთ ან ორ, ან რამდენიმე სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. 2 წლის ასაკში ბავშვი ორსიტყვიანი წინადადებების თქმას უნდა იწყებდეს, 3 წლის ასაკამდე უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ენა და ბავშვები რთულ წინადადებებს ამბობენ. ამ ეტაპების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი.

თანამედროვე კვლევები ძირითადად იმაზე ლაპარაკობს უკვე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციური პარტნიორის როლი. ამაში იგულისხმება უფროსი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია, როგორ ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რამდენად შესაბამისია მისი ენა. ძალიან პატარა ასაკიდან რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან, მით უფრო ადვილად ახერხებს ბავშვი ამ ეტაპების გავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. პრაქტიკაში ეს როგორ გამოიყურება? 6 თვის ბავშვი მიჭირავს ხელში. რაღაც მოხდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში. ბავშვს ველაპარაკებოდი, ჩემი ყურადღების ფოკუსი წავიდა იმ მოვლენისკენ და ბავშვის ყურადღების ფოკუსიც წავიდა იმ მოვლენისკენ. შეიკრა სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი მომენტი, როდესაც ბავშვი ამოხედავს მშობელს და ეუბნება: „მიყურე, რას ვაკეთებ,“ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ელემენტები ავითარებს ენას და კომუნიკაციას.

თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ. შესაძლებელია, რომ მანამდეც მივაქციოთ ამას ყურადღება. თუ ბავშვი ნაკლებად დაინტერესებულია გარშემო ადამიანებით, ადამიანზე ფოკუსით, ადამიანთან ყურადღების გაზიარებით, ემოციური გაცვლა-გამოცვლით, ეს უკვე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, ხომ არ დავინტერესდე სპეციალისტის აზრით,“- მოცემულ საკითხზე ნინო ცინცაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შანსი იმისა, რომ უცნობი ეტიოლოგიის ჰეპატიტი საქართველოში დაფიქსირდეს მინიმალურია,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„შანსი იმისა, რომ უცნობი ეტიოლოგიის ჰეპატიტი საქართველოში დაფიქსირდეს მინიმალურია,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში უცნობი ეტიოლოგიის ჰეპატიტის გავრცელების შესახებ ისაუბრა:

„მსგავსი შემთხვევები საქართველოში არ დაფიქსირებულა. ზოგადად ასეთი შემთხვევების რაოდენობა ძალიან ცოტაა. სულ 450 შემთხვევაა მსოფლიოში. იმის შანსი, რომ საქართველოში დაფიქსირდეს მინიმალურია. სულ 25 ქვეყანაშია ჯერჯერობით აღწერილი. ეს ძალიან ცოტაა.

მიმდინარეობა ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია. ეს არის ცხელება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შარდისა და განავლის ფერის შეცვლა. შარდი ხდება მუქი, განავალი ხდება ღია ფერის. შემდეგი კი, რაც ყველასთვის ხდება საგანგაშო არის კანის ფერის შეცვლა, სიყვითლე. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ღვიძლი დაზიანებულია.

29 პაციენტთან აუცილებელი გახდა ღვიძლის გადანერგვა. ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ დაავადებას ასეთი მიმდინარეობა აქვს. ოდნავი ეჭვი სიყვითლის არსებობაზე, აუცილებლად საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას. რაც უფრო სწრაფად მოხდება დიაგნოსტიკა, შედეგები იქნება უფრო კარგი. პაციენტთა 72%-ში დაფიქსირებულია ადენოვირუსი. ადენოვირუსის ერთ-ერთი შტამი, 41-ე შტამი არის უმრავლეს შემთხვევაში აღმოჩენილი. ასევე ფართოდ განხილული მოსაზრებაა კორონავირუსთან კავშირი. ამას სჭირდება უფრო დეტალური შესწავლა. ბავშვების უმრავლესობა არის 5 წლამდე ასაკის.

მე არ მგონია, რომ რომელიმე დედა ბავშვს სახლში დატოვებს, თუ სიყვითლეს შეამჩნევს. სიყვითლე დაავადების საწყის პერიოდშია. ტემპერატურის მატება ყველა შემთხვევაში არ არის. ნაწლავთა გახშირებული მოქმედება არ არის ექიმთან წასვლის მიზეზი. განავლის და შარდის ფერის შეცვლა აუცილებლად საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას. როდესაც განავალი ხდება უფერული და შარდს აქვს ძალიან მუქი შეფერილობა, ეს უკვე საგანგაშოა. ნებისმიერი სახის სიყვითლე, მსუბუქიც კი, მშობლისთვის უნდა გახდეს ბავშვის საავადმყოფოში წაყვანის მოტივაცია,“- მოცემულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად