Baby Bag

კვლევა: მკაცრი დედები წარმატებულ გოგონებს ზრდიან

კვლევა: მკაცრი დედები წარმატებულ გოგონებს ზრდიან

მკაცრი დედები წარმატებულ გოგონებს ზრდიან. დისციპლინას მშობლები იმისთვის იყენებენ, რომ შვილებმა მიზნების მიღწევა და ოცნებების ასრულება უკეთ შეძლონ. ის ადამიანები, რომლებიც სირთულეებს უმკლავდებიან და საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად ბევრს მუშაობენ, წარმატებას უფრო ადვილად აღწევენ.

დედებს სურთ, რომ მათი ქალიშვილები წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. წარმატება მწვერვალების დაპყრობას გულისხმობს, როდესაც ადამიანი საკუთარ საქმიანობაში საუკეთესო შედეგებს აღწევს, გარდა ამისა მას პატივს სცემენ მისი ღირებულებებისა და თვისებების გამო. წარმატება კავშირშია მატერიალურ შესაძლებლობებთანაც. ქალები, რომლებსაც საკუთარი შემოსავალი აქვთ და ფინანსების განკარგვა ეხერხებათ, წარმატებულებად აღიქმებიან.

მნიშვნელოვანია წარმატების ემოციური ასპექტებიც. ადამიანი წარმატებულია, როდესაც ბედნიერია იმით, თუ ვინ არის, რას აკეთებს, რას ფლობს და როგორ ცხოვრობს. წარმატებულია ქალი, რომელიც ემოციურ კმაყოფილებას განიცდის, რომელიც უყვართ და თავადაც შეყვარებულია, რომელსაც თამამად შეუძლია იმის თქმა, რომ წარმატებას მიაღწია.

ინგლისში 15 500 გოგონაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მკაცრი დედები წარმატებულ გოგონებს ზრდიან. 13-14 წლის ასაკის გოგონებზე დაწყებული დაკვირვება 6 წლის მანძილზე გრძელდებოდა. გოგონები, რომლებსაც მკაცრი და მომთხოვნი დედები ჰყავდათ, რომლებიც დისციპლინის წესების მკაცრი დაცვით იზრდებოდნენ, უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ და მათ საკუთარ პროფესიაში წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მკაცრი დედების ქალიშვილებს თინეიჯერობის ასაკში ნაადრევი ორსულობის ნაკლები რისკი ჰქონდათ, ვიდრე ნაკლებად მომთხოვნი დედების გოგონებს.

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ მკაცრი დედა მოძალადე დედისგან. მოძალადე დედას შვილზე არანაირი დადებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ბოროტება და ძალადობა თქვენს ქალიშვილს მომავალში სწორ გზაზე ნამდვილად არ დააყენებს. ცხოვრებისთვის ვერ მოამზადებთ შვილს, რომელსაც მუდმივად სჯით და მის მიმართ სიყვარულს არ ამჟღავნებთ.

მკაცრი დედა, რომელიც საზღვრებს იცავს და მოძალადე არ არის, ყოველთვის ითვალისწინებს იმ ასპექტებს, რომელიც მას შვილთან ურთიერთობაში ეხმარება. მკაცრი დედა არასდროს უყენებს შვილს იმაზე მეტ მოთხოვნებს, ვიდრე მას შეუძლია, რომ შეასრულოს, თუმცა ის არასდროს ელის შვილისგან იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას შეუძლია. მკაცრი დედა შვილს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში სჯის, ამასთან დასჯას არ აქვს ძალადობრივი ხასიათი! მკაცრი დედა მომთხოვნია, მაგრამ არ არის ცივი და შვილის მოფერება კარგად ეხერხება. მას არ აქვს გამუდმებით სერიოზული გამომეტყველება და აფასებს შვილის მონდომებას, მაშინაც კი, როდესაც მას დასახული მიზნის მიღწევა არ გამოსდის.

წყარო:​ youaremom.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

წაიკითხეთ სრულად