Baby Bag

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

ბავშვისთვის დედის ჩახუტება სამყაროში ყველაზე კარგი შეგრძნებაა. დედა ყოველთვის პატარასთან ახლოს არის და ნებისმიერ დროს მზად არის მას მოეხვიოს, ჩაეხუტოს და მოეფეროს. როდესაც ბავშვი ტირის, სევდიანია ან უბრალოდ ჩახუტება სურს, დედა მის გასამხნევებლად ყოველთვის მზად არის.

იცოდით, რომ ბავშვის ჩახუტებას დედის ორგანიზმზე მაგიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია? ჩახუტება დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. კვლევებით დგინდება, რომ შვილის ჩახუტება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კვლევებით დადგენილია, რომ ჩახუტება დედის შფოთვას ამცირებს და ბავშვსა და მშობელს შორის მიჯაჭვულობას აძლიერებს. ჩახუტება დადებითად მხოლოდ დედის განწყობაზე არ ზემოქმედებს და მას სხვა სარგებელიც მოაქვს. ჩახუტებას მშობლის ქცევის შეცვლა შეუძლია. ჩახუტება დედას უფრო მგრძნობიარეს ხდის ჩვილის საჭიროებების მიმართ და მას ბავშვის მოთხოვნილებების ამოცნობაში ეხმარება, რაც ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას აადვილებს.

ჩახუტების აქტი ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება, რადგან კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე ორგანიზმში ქვეითდება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის ჩახუტებისას დედის ორგანიზმში ჰორმონი ოქსიტოცინი გამომუშავდება, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს. ოქსიტოცინი არის ნეიროპეპტიდი, რომელიც ხელს უწყობს ერთგულების, ნდობისა და კავშირის გრძნობის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას.

ჩახუტება აუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას პატარასთან. რა თქმა უნდა, ბავშვთან ჩახუტება მხოლოდ დედისთვის არ არის სასარგებლო. ჩახუტება ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს.

ჩახუტება ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას, აძლიერებს მის იმუნურ სისტემას და ასწავლის ემოციურ რეგულაციას.

დროა, წახვიდეთ და თქვენს პატარას ჩაეხუტოთ! ეს ორივეს ბედნიერებას მოგიტანთ.

წყარო: ​mother.ly

შეიძლება დაინტერესდეთ

„სოდასთან და მარილთან ცოტა ფრთხილად იყავით, ამას სჯობს აფთიაქში იყიდოთ რაღაცები, ან სწორი დოზირება ისწავლეთ,“ - ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე

„სოდასთან და მარილთან ცოტა ფრთხილად იყავით, ამას სჯობს აფთიაქში იყიდოთ რაღაცები, ან სწორი დოზირება ისწავლეთ,“ - ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე

ოტორინოლარინგოლოგმა მიშა ხუჯაძემ ომიკრონით გამოწვეული ყელის ტკივილის მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„ყელის ტკივილის არ უნდა შეგეშინდეთ, რომ დაგახრჩობთ. როგორც წესი, ეს მთავრდება კატარალური მოვლენებით, ეს არის ტკივილი, ყლაპვის პრობლემები, სასაზე ისეთი გრძნობა, რომ გგონია, დაიხრჩობი, თუმცა არ დაიხრჩობი. არის წყალბადის ზეჟანგი, გლიცერინის სავლებები, გვირილა და ა.შ. ხალხური მეთოდებიც ძალიან კარგია. მთავარია არ შეგეშალოთ რაღაც. სოდას ზედმეტი კონცენტრაცია არ უნდა ჰქონდეს. სოდა ცოტათი აშრობს ყელს. გვირილა, ხახვი კი ბატონო, მაგრამ კონცენტრაცია უნდა იყოს დაცული. სოდასთან და მარილთან ცოტა ფრთხილად იყავით, ამას სჯობს აფთიაქში იყიდოთ რაღაცები, ან სწორი დოზირება ისწავლეთ.“

„ვირუსი მოქმედებს ლორწოვან გარსზე და არა ლორწოს ქვეშა სივრცეებზე. ანგინის დროს, აბსცესის დროს იქ არის ჩირქგროვა, აქ როგორც წესი, მარტო ლორწოვანის პრობლემაა და ეს იწვევს საშინელ ტკივილს, ჩახეხვას, მაგრამ არ არის საშიში, რომ დაგახრჩოთ, არ არის საშიში, რომ ჩიქრი სადღაც ქვემოთ წავიდეს კისერში. ეს არის ვირუსული ეტაპი და შემდეგ გადის ეს სიმპტომები და თქვენ ყველაფერი ისევ ისე გექნებათ. წყალს გერჩივნოთ წყალბადის ზეჟანგი, ოღონდ არა 3%-იანი, არამედ ყელის გამოსავლები 1%-იანი. თუ მასში გარეულია გლიცერინი, ძალიან შველის. დღეში 5-ჯერ-6-ჯერ გამოივლეთ,“ – აღნიშნულ საკითხზე მიშა ხუჯაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად