Baby Bag

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

ბავშვისთვის დედის ჩახუტება სამყაროში ყველაზე კარგი შეგრძნებაა. დედა ყოველთვის პატარასთან ახლოს არის და ნებისმიერ დროს მზად არის მას მოეხვიოს, ჩაეხუტოს და მოეფეროს. როდესაც ბავშვი ტირის, სევდიანია ან უბრალოდ ჩახუტება სურს, დედა მის გასამხნევებლად ყოველთვის მზად არის.

იცოდით, რომ ბავშვის ჩახუტებას დედის ორგანიზმზე მაგიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია? ჩახუტება დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. კვლევებით დგინდება, რომ შვილის ჩახუტება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კვლევებით დადგენილია, რომ ჩახუტება დედის შფოთვას ამცირებს და ბავშვსა და მშობელს შორის მიჯაჭვულობას აძლიერებს. ჩახუტება დადებითად მხოლოდ დედის განწყობაზე არ ზემოქმედებს და მას სხვა სარგებელიც მოაქვს. ჩახუტებას მშობლის ქცევის შეცვლა შეუძლია. ჩახუტება დედას უფრო მგრძნობიარეს ხდის ჩვილის საჭიროებების მიმართ და მას ბავშვის მოთხოვნილებების ამოცნობაში ეხმარება, რაც ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას აადვილებს.

ჩახუტების აქტი ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება, რადგან კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე ორგანიზმში ქვეითდება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის ჩახუტებისას დედის ორგანიზმში ჰორმონი ოქსიტოცინი გამომუშავდება, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს. ოქსიტოცინი არის ნეიროპეპტიდი, რომელიც ხელს უწყობს ერთგულების, ნდობისა და კავშირის გრძნობის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას.

ჩახუტება აუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას პატარასთან. რა თქმა უნდა, ბავშვთან ჩახუტება მხოლოდ დედისთვის არ არის სასარგებლო. ჩახუტება ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს.

ჩახუტება ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას, აძლიერებს მის იმუნურ სისტემას და ასწავლის ემოციურ რეგულაციას.

დროა, წახვიდეთ და თქვენს პატარას ჩაეხუტოთ! ეს ორივეს ბედნიერებას მოგიტანთ.

წყარო: ​mother.ly

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად