Baby Bag

როგორ ხდება ძუძუს თვითგასინჯვა ბინის პირობებში?

ძუძუს თვიგასინჯვის შესახებ ექთანმა თამარ დაუსმა ისაუბრა. მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა გაისინჯოს ქალმა სახლში მკერდი: 

,,ქალბატონებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მენსტრუალური ციკლი, ციკლის ბოლო დღე შეიძლება აირჩიონ იმისთვის, რომ ჩატარდეს თვითგასინჯვა. ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ პირველი - არ გამოგვრჩება თარიღი, მეორე იმიტომ, რომ ქსოვილი არ არის წყლით კარგად გაჯერებული, ის ჩაჩუტული და რბილია.

როგორ უნდა გაისინჯოთ მკერდი? - უნდა გაიხადოთ და დადგეთ სარკის წინ, ვიზუალურად შევხედოთ, არის თუ არა მკერდი ერთი და იგივე ზომა. შეიძლება მცირედი განსხვავება იყოს, მაგამ არა რადიკალურად. არის თუ არა ძუძუს თავი ორივე ერთ ადგილას განლაგებული, ხომ არ არის შებრუნებული. ასევე ხომ არ არის სიწითლე. ყურადღებამისაქცევია, თუ არის მუდმივად ერთ ადგილას ქავილის შეგრძნება. ამ ყველაფერს სწორ პოზიციაში ვაკვირდებით, შემდეგ კი უნდა გავაკეთოთ დოინჯი, ოდნავ წინ გადმოვიხაროთ და დავაკვირდეთ ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს. ამის შემდეგ ფეხზე მდგარ პოზიციაში ხელები მაღლა ავწიოთ და ისევ დავაკვირდეთ მკერდს. 

სარძევე ჯირკვლის გასინჯვის შემდეგი ეტაპია შხაპის, თბილი წყლის ქვეშ გასინჯვა, რადგან ამ დროს მოდუნებულია ქსოვილი. თუ ვისინჯავთ მარცხენა მკერდს, მარცხენა ხელი უნდა დავიჭიროთ თავის უკან და მარჯვენა ხელის სამი თითით ლავიწის ძვლიდან უნდა ჩამოვიდეთ დაბლა, ჩამოვცდეთ ძუძუს ქსოვილს და ვამოწმებთ ხომ არ გვხვდება რაიმე ისეთი, რაც თქვენში ეჭვს იწვევს. ძალიან მნიშვნელოვანია შემოწმდეს იღლიის არე, სადაც ლიმფური კვანძებია განლაგებული. უნდა ჩავუყვეთ ვერტიკალური მოძრაობებით მთლიან მკერდს, შემდეგ კი ვიწყებთ წრიულ მოძრაობებს, იმისთვის, რომ გადავაკონტროლოთ, სადმე ხომ არაფერი გამოგვრჩა. ასევე მკერდის ძვალთანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან აქაც არის ლიმფური კვანძები. თუ ყოველთვე ამას გავაკეთებებთ, გვეცოდინება რა არის ნორმა და მარტივად შევამჩნევთ რაიმე ცვლილებას. თუ ცვლილება შევამჩნიეთ, უნდა მივმართოთ სკრინინგ ცენტრს,'' - მოცემულ საკითხზე თამარ დაუსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“