შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს"
რას გამოხატავს ბავშვი გაბრაზებით და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რაც განიცდის ამ დროს მისი შვილი - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ხათუნა დოლიძემ ისაუბრა.
,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს. მაგალითად, შესაძლოა, ის გვეუბნება, რომ აკლია უსაფრთხოების განცდა და უფროსებისგან სურს, მოაქციონ გარკვეულ ჩარჩოებში... ან იმედგაცრუებულია, დაღლილია და ა.შ. ბრაზი არის ადაპტაციური ემოცია, რომელიც ადამიანს ეხმარება, რომ საფრთხე აღიქვას. ერთი შეხედვით, ის თითქოს ადვილი გამოსახატავია, მაგრამ რეალურად სიბრაზის დროს ვართ სუსტები და მოწყვლადები. პატარები ამ დროს განსაკუთრებით იმპულსურები არიან, რადგან განვითარების პროცესში იმყოფებიან, ჯერ არ აქვთ გამომუშავებული თვითკონტროლი.
მცირე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, ისწავლონ ბრაზის მართვა, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ თანმიმდევრული მიდგომა და მოთმინება. როდესაც ის ბრაზს განიცდის, შიშის განცდაც ეუფლება. ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ დროს მის ორგანიზმში მიმდინარეობს, გონებას იმდენაც მოიცავს, რომ ბავშვებს უძნელდებათ გონივრულად მოქმედება. იმის გაგება, რომ ბრაზი არის სხეულის განგაში, რომელიც რაღაცას გატყობინებს, უკვე ეხმარება ბავშვს იმაში, რომ გაუმკლავდეს განცდებსა და ემოციებს. მათ უმეტესობას სჭირდება უფროსების დახმარება, რათა მართოს ბრაზი და დაარეგულიროს ნერვული სისტემა. უფროსის მხრიდან მნიშვნელოვანია იმის ძიება, თუ რა ამშვიდებს და რა აღადგენს ბავშვის ემოციურ ბალანსს. პატარებისთვის პირველი დახმარება გახლავთ მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება. როდესაც ბავშვი ბრაზობს და ხედავს მშობელს, რომელმაც ასევე დაკარგა კონტროლი, ეს კიდევ უფრო ზრდის შიშს. ბრაზის მართვის სწავლების საუკეთესო იარაღი არის ემპათიით მოსმენა. ამით არა მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბავშებს, არამედ ვუმტკიცებთ რწმენას, რომ უარყოფით ემოციებთან გამკლავება შესაძლებელია.
გაზარდეთ ბავშვების ემოციების ცოდნა, ესაუბრეთ ემოციებზე, ასწავლეთ სიტყვები ემოციების გამოსახატავად. როდესაც სიტყვებით იწყებ ემოციების გამოხატვას, იქ უკვე გრძნობების ქმედებით გამოხატვა აღარ გჭირდება. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ბრაზი ნიშანია, რათა დაფიქრდე, შეჩერდე, დაამშვიდო შენი თავი და იფიქრო გამოსავალზე", - ამბობს ხათუნა დოლიძე.