Baby Bag

რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მშობლების მიერ ყურადღების არასწორად გადანაწილებამ ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში?

რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მშობლების მიერ ყურადღების არასწორად გადანაწილებამ ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში?
რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მშობლების მიერ ყურადღების არასწორად გადანაწილებამ ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.
მარი ჯოხარიძე: ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ დროს უყალიბდება ადამიანს წარმოდგენები, დამოკიდებულებები საკუთარი თავის, გარშემომყოფების, მოვლენების მიმართ. გარემო დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ მის მომავალზეც. თუ ისეთ გარემოში იზრდება, სადაც გრძნობს გულგრილობას, თავს უმნიშვნელოდ თვლის, მშობლები ადარებენ დას ან ძმას, უმეტესად რომელიმე ერთი შვილის ინტერესებს ითვალისწინებენ, ხშირად აკრიტიკებენ, არ უთმობენ დროს, რომელშიც მთავარი ხანგრძლივობა კი არა, ხარისხია, მაშინ ადამიანს ბავშვობაშიც და ხშირად, ზრდასრულ ასაკშიც დაბალი თვითშეფასება აქვს, პრობლემები ურთიერთობებში, უჭირს რეალიზება, საკუთარი რესურსების მობილიზება და იტანჯება დეპრესიით.
ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მთავარია, დიდი დრო გაატარონ ბავშვთან და ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ დროის ხანგრძლივობა მიაჩნიათ. სინამდვილეში, მთავარია, როგორ ვიყენებთ ამ დროს. შეიძლება მთელი დღე ბავშვთან გავატაროთ ფიზიკურად, მაგრამ მასთან არ გვქონდეს კომუნიკაცია, არ ვეთამაშოთ, არ გავუზიაროთ ემოციები და შემოვიფარგლოთ მხოლოდ მოკლე ინსტრუქციებით, შენიშვნებით, ან პირიქით, მხოლოდ ნახევარი საათი გავატაროთ ბავშვთან, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მთელი ჩვენი ყურადღება ეთმობოდეს მას, ვეთამაშოთ, ვესაუბროთ, მოვუსმინოთ, მოვეფეროთ. აქტივობები დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და განვითარებაზე, მთავარია, პროდუქტიულად ავითვისოთ ბავშვთან გატარებული დრო.
- რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?
- მაგალითად, თუ მშობელს ჰყავს ორი შვილი, 10 წლის და 5 თვის, აქ ხომ ბუნებრივია, დრო თანაბრად ვერ გადანაწილდება, ახალშობილს სჭირდება გამუდმებითი მოვლა და მეთვალყურეობა, მშობლები ასეთ დროს დაღლილები და დაძაბულები არიან, თან ნერვიულობენ, რომ უყურადღებოდ არ დარჩეთ უფროსი შვილი. მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, თუ რას აკეთებენ მაშინ, როდესაც უფროს შვილთან ერთად არიან. დაინტერესდნენ მისი ფიქრებით, ემოციებით, ესაუბრონ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა აქვს ბავშვს სამეცადინო, არამედ იმაზე, თუ როგორი დღე ჰქონდა, რას გრძნობს, გაუზიარონ საკუთარი ემოციებიც. ხშირად რთულ ქვევას სწორედ მშობლების ყურადღების მისაქცევად ავლენენ ბავშვები. მშობლებს ვურჩევ, რომ თუნდაც 10 წუთი დაუთმონ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად ისე, რომ პატარამ იგრძნოს მშობლების ყურადღება მხოლოდ მისკენ არის მიმართული.
- აღზრდის მეთოდებზეც რომ ვისაუბროთ. რას ურჩევდით მშობლებს?
- ბავშვების აღზრდისას, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ბავშვი არის უნიკალური, განსხვავებული, ამიტომ არ შეიძლება მათი ერთმანეთთან შედარება. ხშირად მსმენია, როცა მშობელი ამბობს: „შენი და ისეთი მშვიდი ბავშვია და შენ ვის დაემსგავსე ასეთი მოუსვენარი?“, ან: „შენი ძმა ისე კარგად სწავლობს მათემატიკას და შენ რა გჭირს?“ მშობელი ასეთი საქციელით არა მხოლოდ ბავშვის თვითშეფასებაზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ ბავშვს თავის დას ან ძმას ისე ანახებს, როგორც მის კონკურენტს, რომელსაც უნდა შეეჯიბროს, გაუტოლდეს ან აჯობოს, დაამარცხოს. ხშირად ეს ქმნის კონფლიქტს არა მხოლოდ ბავშვობის ასაკში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება.

მშობლებს ვურჩევ, ხშირად მისცენ შვილებს ერთობლივი დავალებები. მაგალითად, დახმარება სადილის მომზადების დროს, სახლის დალაგების, ტანსაცმლის გარეცხვის, პროდუქტების დახარისხების დროს. მოუსმინონ ბავშვებს, გაითვალისწინონ მათი ინტერესები და შესაძლებლობები და ამის მიხედვით გადაანაწილონ როლები და ფუნქციები.

​​ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთის გათვალისწინება, დათმობა, ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარულის გამოხატვა. უნდა იგრძნონ, რომ ყველა მათგანი არის ოჯახის და შემდეგ უკვე საზოგადოების სრულფასოვანი, სრულუფლებიანი წევრი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, ბავშვი ინგრევა ამ დროს,“ - მარინა კაჭარავა

„არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, ბავშვი ინგრევა ამ დროს,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის ცხოვრებაში მშობლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ:

„პირველი ექვსი წელი ხდება პიროვნული კარკასის ჩამოყალიბება. ნდობა სამყაროსადმი ან აქვს ადამიანს, ან არ აქვს.​ ნულიდან ერთ წლამდე ხდება ამის ჩამოყალიბება. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ხდება ისე, რომ შეიძლება მშობელი წავიდეს, დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ბავშვს ძალიან ჯანსაღად უნდა მიეწოდოს. არაფრით არ შეიძლება, რომ ერთმა მშობელმა მეორეზე ცუდი უთხრას ბავშვს, იმიტომ, რომ ბავშვი ინგრევა ამ დროს.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს მიწა ეცლება, როდესაც ერთ-ერთი მშობლის ნათესავები მეორე მშობელს მისი თანდასწრებით ლანძღავენ და აკნინებენ:

„ბავშვს მამაც პოზიტიური სჭირდება და დედაც. როდესაც ერთის ნათესავები ლანძღავენ მეორეს, მეორე მშობლის ნათესავები - პირველს, ამით ბავშვს მიწას აცლიან. დაცულობის განცდა მთლიანად მოშლილია.​ თუ ასეთი რამ მოხდება, უნდა მოხდეს ადამიანურად ახსნით. მამა საფლავიდანაც ზრდის ადამიანს, თუ მისი სწორი ხატი არის მიწოდებული მშობლისგან.“

„გაიზრდება და ბევრ რამეს მიხვდება ადამიანი, რომ მამა და დედა ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ბავშვისთვის მამა არის, როგორც ზრდასრული, მორწმუნე ადამიანისთვის ღმერთი, დაცულობის გარანტიაა, მისი უსაფრთხოების. ასევე დედა, რომელიც არის ზრუნვა, სითბო, სიყვარული. ეს ყველაფერი რომ ჩამოეშლება ბავშვს, ბუნებრივია, ​მას ექნება განცდა, რომ ის მარტოა, რომ ის არ არის საკმარისი, რომ ის არავის სჭირდება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად