Baby Bag

რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში?

რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში?
რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში და რამდენად დიდი როლი აქვს მას? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
- ბავშვის აღზრდის პროცესში, ძირითადად დედები არიან ხოლმე ჩართულები. რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი?
- მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება გვერდით, როგორც დედა, ისე მამა. მისთვის აუცილებელია მამა იყოს დაინტერესებული, მხარს უჭერდეს, უყვარდეს, უგებდეს და აფასებდეს. ამ მხრივ, მამის მიერ შეტანილი წვლილი განსხვავდება იმისგან, რასაც დედა აძლევს შვილებს და მხოლოდ დედასთან ურთიერთობა ამას ვერ ჩაანაცვლებს. დღეისათვის მამების როლი ბავშვების აღზრდის პროცესში შეცვლილია. ამ მხრივ შეინიშნება დადებითი ტენდენცია - მამების მეტი ჩართულობა ბავშვთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესში. მამის მონაწილეობა აღზრდაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით და დისციპლინის უზრუნველყოფით. ეს ტენდენცია იკვეთება იმ მომენტებშიც, რომ დღეს უფრო ხშირად ნახავთ მამას, რომელიც მიჰყვება შვილს ექიმთან კონსულტაციაზე, მშობელთა კრებაზე ან უბრალოდ თავისუფალ დროს ატარებს ბავშვთან. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია შეცვლილ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობასთან - მამებს დღეს მეტად აქვთ საშუალება, ჩაერთონ ბავშვებზე ზრუნვის პროცესში, ხოლო დედებს მეტად აქვთ საშუალება, რეალიზდნენ პროფესიაში და შექმნან ეკონომიკური დოვლათი.
- ცალ-ცალკე რომ ვისაუბროთ მამის როლზე გოგონების და ბიჭების შემთხვევაში.
- ორივე სქესის ბავშვისთვის მამის მონაწილეობა აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მამების შვილები უკეთესად ვითარდებიან, აქვთ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები და ზრდასრულ ასაკშიც მეტად წარმატებულები არიან. მეცნიერები ამას „მამის ეფექტს“ უწოდებენ. „მამის ეფექტი“ არის ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშ მოიაზრება ყველა ის სარგებელი, რაც მოსდევს ბავშვის ცხოვრებაში მამის არსებობას და მონაწილეობას. საინტერესოა, რომ ბევრი კვლევის მონაცემებით, მოზარდობის ასაკამდე მამის ეფექტი ბიჭების და გოგონების აღზრდაში დიდად არ არის განსხვავებული. მოზარდობის პერიოდში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის გოგონების თვითშეფასების, იდენტობის და საწინააღმდეგო სქესთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მოზარდი ბიჭების შემთხვევაში, მამა არის როლური მოდელი, ასევე ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად აქტიური იქნება მოზარდი სოციალურ ურთიერთობებში. მოზარდობის პერიოდში აღზრდაში ჩართული მამების შვილები ნაკლებად არიან მიდრეკილი განახორციელონ სარისკო და სოციალურად მიუღებელი ქცევა, ან მიიღონ ნაადრევი სექსუალური გამოცდილება.
- რა სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მამის პასიურობამ აღზრდის პროცესში?
- მამის პასიური პოზიცია შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ ბავშვებზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა გადაჰქონდეს დედაზე (მათ შორის, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება). ასეთ შემთხვევაში, მამა ნაკლებად იზიარებს პასუხისმგებლობას აღზრდის პროცესზე და არ რეაგირებს ბავშვის ქცევაზე, არ აძლევს ადეკვატურ უკუკავშირს, შესაძლოა, ყველაფრის ნებას რთავდეს ბავშვებს, ან უბრალოდ არ რეაგირებდეს არც კარგ და არც ცუდ ქცევაზე. ასევე შესაძლოა, მამა იყოს დისტანციური, ემოციურად მიუწვდომელი, ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჭირს მამის დამოკიდებულების ინტერპრეტაცია - მოეწონა ეს საქციელი თუ ეწყინა? ორივე შემთხვევაში, ბავშვის საჭიროებები (ფიზიკური, ემოციური, სოციალური) არ არის მიღებული და დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ის სარგებელი, რასაც ბავშვი მიიღებდა აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართული მამის შემთხვევაში, მათ შორის, უსაფრთხოების განცდა (მამა დიდი და ძლიერია, ზრუნავს დედაზე და მასზე), ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა და წარმატებულობის განცდა (როდესაც მამა ამაყია შვილის მიღწევებით და გამოხატავს ამას), განსხვავებული აზრი რეალობის სხვა კუთხით დანახვა, ვიდრე დედა ხედავს, და ბევრი სხვა სარგებელი იკარგება.
- რა დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობას და როგორ შეიძლება შევცვალოთ გავრცელებული წარმოდგენა, რომ შვილების აღზრდა დიდწილად დედების მოვალეობაა?

- ნებისმიერი მამაკაცისთვის, გახდეს მამა ძალიან დიდი მოვლენაა. რეალურად არავინ იცის, როგორი მამა იქნება მანამ, სანამ ამ რეალობაში არ აღმოჩნდება. ყოველი ახალი რეალობა კი ადამიანისთვის სტრესია. სამწუხაროდ, მამის როლის მორგებას ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე დედობას. ამ ახალი როლისთვის მას ფიზიკური მომზადებაც სჭირდება და ემოციურიც (უძილო ღამეები, ზოგჯერ ჩვილის ხშირი ტირილი, რადგან ამ ეტაპზე ბავშვისთვის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა). ორსულობის და მშობიარობის პროცესებში ხშირად მომავალი მამები ნაკლებად მონაწილეობენ და ასე ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდებიან ახალ რეალობაში, როდესაც მთელი ყურადღება გადადის ახალშობილზე და მის მოთხოვნილებებზე. ამდენად, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას მამების ჩართულობის მიმართულებით ესაა მათი მონაწილეობა ორსულობის მონიტორინგის პროცედურებში, მშობიარობის დროს მხარდაჭერა შეუფასებელი გამოცდილებაა, როგორც ორივე პარტნიორისთვის, ისე ჩვილისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მამების გამოცდილება საკუთარ მშობლებთან, რადგან აღზრდის პროცესში ხშირად ვიყენებთ იმ მიდგომებს და მეთოდებს, რასაც ჩვენი მშობლების იყენებდნენ ჩვენთან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიდგომების გაუმჯობესება არ შეგვიძლია. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს მამების ჩართულობის წასახალისებლად, „ვაცალოთ“ ზრუნვა ჩვილზე, მივცეთ საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ჩვილის დაბანის, დაძინების პროცესებში, კრიტიკისა და ზედმეტი კომენტარების გარეშე. ყოველ შემდგომ ეტაპზე ყოველთვის არის ზრუნვისა და თამაშის აქტივობები, რომლებშიც შესაძლებელია მამების აქტიური ჩართვა. პირველი 2-3 წლის ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სამყაროს შეცნობა, ამ პროცესში მამამ შეიძლება მიიღოს აქტიური მონაწილობა, როგორც მეგზურმა და მხარდამჭერმა ამ აღმოჩენებში, არ შეზღუდოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, არამედ დააზღვიოს და უზრუნველყოს უსაფრთხოება. სკოლამდელ ასაკში, მამა კარგი როლური მოდელია ბავშვისთვის სხვადსახვა ყოფითი წინააღმდეგობის გადალახვაში. აქ მნიშვნელოვანია ბავშის მოტივირება იყოს მეტად დამოუკიდებელი და დარწმუნებული საკუთარ ძალებში (რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება მამის მხარდაჭერას). სასკოლო ასაკის და შემდგომ ეტაპებზე, მამა ხდება სოციალური და მორალური ღირებულებების მოდელი. მესამე მნიშვნელოვანი მომენტია თავად მშობლების ურთიერთობა, რამდენად ჯანსაღი ემოციური კლიმატია სახლში, რამდენად შეუძლიათ მშობლებს ყოფითი პრობლემების ერთობლივი ეფექტური გადაწყვეტა, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის შეცდომების ან მიღწევების მიმართ, რამდენად აქვთ ერთმანეთის იმედი და მხარდაჭერა გადამწყვეტ მომენტებში.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

შეიძლება დაინტერესდეთ

არა ნიშნავს არას - როგორ ვასწავლოთ ბავშვს უარის მშვიდად მიღება?

არა ნიშნავს არას - როგორ ვასწავლოთ ბავშვს უარის მშვიდად მიღება?

მშობლების დიდ ნაწილს შვილის თხოვნაზე უარის თქმა უძნელდება. ისინი ბავშვებს უხსნიან, თუ რატომ ვერ ასრულებენ მათ თხოვნას და საკუთარ უარს არგუმენტებით ამყარებენ, რაც ხშირად კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას იწვევს. ბავშვები კიდევ უფრო მეტ ახსნას და განმარტებას მოითხოვენ, ვიდრე იღებენ. საბოლოოდ მშობლები მახეში ებმებიან და გამუდმებით თავის მართლების პოზიციაში იმყოფებიან. ასე რომ არ მოხდეს, ბავშვისთვის ერთი და მყარი არგუმენტის თქმით შემოიფარგლეთ. თქვენი უარის მიზეზები ბავშვს რამდენჯერმე არ უნდა განუმარტოთ.

იმისთვის, რომ ბავშვმა არას მიღება ისწავლოს და ყოველდღიური თავის მართლების რეჟიმში არ მოგიხდეთ ყოფნა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ.

1. ყვირილი გამოსავალი არ არის

ბავშვი თქვენს უარს თუ არ მიიღებს, შეგეპასუხებათ და აგრესიულ ქცევას გამოავლენს, ყვირილს ნუ დაიწყებთ. გასაგებია, რომ ამ დროს ემოციების მოთოკვა რთულია, თუმცა თუ ბავშვის აგრესიას თქვენც აგრესიით უპასუხებთ, ის ეცდება საკუთარი უკმაყოფილება კიდევ უფრო მეტი აგრესიით გამოხატოს. შესაძლოა, დაყვირების შემდეგ მან მიიღოს უარი და გაჩუმდეს, თუმცა ეს მხოლოდ რამდენჯერმე გაჭრის. დადგება დღე, როდესაც ბავშვს ყვირილით ვეღარ დაიმორჩილებთ. თუ ის უარს ვერ ეგუება, გირჩევთ, მშვიდად აუხსნათ, რომ მან თქვენი წესებით უნდა ითამაშოს, ხოლო თუ ასე არ მოიქცევა, გარკვეულ პრივილეგიებს დაკარგავს, რომლითაც ის აქამდე სარგებლობდა.

2. ავტორიტეტი ადრეული ასაკიდანვე უნდა მოიპოვოთ

მშობელს ავტორიტეტი ადრეული ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს. მან გარკვეული სტრუქტურა უნდა შექმნას და ბავშვს საზღვრები დაუწესოს. ორი წლის პატარას ქუჩაში სათამაშოდ მარტოს არავინ უშვებს, ისევე როგორც სამი წლის ბავშვს ვერ გავუშვებთ აუზზე დამოუკიდებლად საცურაოდ. მშობელმა ბავშვებს მცირეწლოვანი ასაკიდანვე უნდა განუსაზღვროს, რა არის მისაღები და რა - მიუღებელი. თუ ბავშვები უკვე მოზარდები არიან, მშობელს ავტორიტეტის მოპოვება გაუჭირდება, თუმცა გარკვეული დროისა და მოთმინების ფასად, ის ამასაც შეძლებს.

3. გაღიზიანებულ ბავშვთან განსხვავებულად უნდა მოიქცეთ

ბავშვი თუ ძალიან გაღიზიანებულია, მასთან საუბარს აზრი არ აქვს. ის თავის ოთახში გაიყვანეთ და ხუთი წუთით იქ დატოვეთ, რათა დამშვიდება შეძლოს. შემდეგ გაესაუბრეთ და უთხარით, რომ მან თქვენი წესების მიღება უნდა ისწავლოს. თუ ის კვლავ წინააღმდეგობას გაგიწევთ, ისევ ოთახში დააბრუნეთ. ასე მოიქეცით მანამ, სანამ ბავშვი თქვენს უარს არ მიიღებს. თუ ბავშვი მაღაზიაში გიწევთ წინააღმდეგობას და აგრესიულია, დასამშვიდებელ სივრცედ ამ შემთხვევაში მანქანა გამოიყენეთ.

4. თუ ბავშვი წუწუნს არ წყვეტს, მას ზურგი აქციეთ და ყურადღება არ მიაქციოთ

თუ ბავშვი წუწუნს არ წყვეტს და ჩხუბს განაგრძობს, საუკეთესო არჩევანი მისი უყურადღებოდ დატოვებაა. უთხარით თქვენს შვილს: „ამ საკითხზე საუბარს აღარ ვაპირებ!“ შემდეგ ზურგი შეაქციეთ და აღარ დაელაპარაკოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას გეტყვით ბავშვი ამის შემდეგ, პასუხი აღარ დაუბრუნოთ და არ უპასუხოთ. ბავშვს რაციონალური განმარტებები სჭირდება, თუმცა ამან შეუქცევადი ხასიათი არ უნდა მიიღოს. როდესაც მას ერთხელ აუხსნით უარის მიზეზს, ეს მისთვის საკმარისი უნდა იყოს.

5. ბავშვს წესები მას შემდეგ განუმარტეთ, როდესაც ის დამშვიდდება

ბავშვი როდესაც მშვიდად არის, მას მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრეთ. თქვენი შვილი დასვით და უთხარით: „როდესაც უარს გეუბნები, უნდა იცოდე, რომ არა ნიშნავს არას. თუ ეს სიტყვა შენზე ნეგატიურად მოქმედებს, შენს ოთახში შედი და ხუთი წუთით მარტო დარჩი, რომ დამშვიდდე. გააკეთე რამე, რაც გსიამოვნებს, რომ უსიამოვნო შეგრძნებები დაძლიო.“ თუ ორი, სამი ან ოთხი წლის ბავშვს უფლებას მისცემთ, რომ ისტერიკები მოაწყოს და თქვენი უარი არ მიიღოს, ის მოზრდილ ასაკში უარესად მოიქცევა, რაც მას ცხოვრებაში უდიდეს პრობლემებს შეუქმნის.

6. ზედმეტი სიმკაცრე ნეგატიურ შედეგს გამოიღებს

ბავშვს თქვენით მანიპულირების უფლება არ უნდა მისცეთ, თუმცა სიმკაცრე ზომიერად უნდა გამოიჩინოთ. დროსთან ერთად თქვენს შვილს მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოთ, თუმცა თქვენი ავტორიტეტი ძველებურად უნდა შეინარჩუნოთ. ბავშვი, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ საზღვრები გაარღვიოს და საკუთარი სურვილები აისრულოს, ეს ბუნებრივია და არ უნდა გაგიკვირდეთ.

7. ნუ ეცდებით თქვენი შვილის მეგობარი იყოთ

მშობლის მთავარი ფუნქცია ბავშვის განათლება, მისი წინამძღოლობა და მეურვეობაა. როდესაც მშობელს არ მოსწონს შვილისთვის გარკვეული საზღვრების დაწესება და მასთან მეგობრობით შემოიფარგლება, ის შეცდომას უშვებს. მცირეწლოვან ბავშვს მშობლის სახით არა მეგობარი, არამედ მასწავლებელი სჭირდება, რომელიც მას გარკვეულ მიმართულებას მისცემს. მშობელმა უნდა უთხრას ბავშვს, როდის მოდის ძილის დრო, როდის უნდა იმეცადინოს ან როდემდე შეიძლება ეზოში დარჩენა. მშობელმა შვილთან მეგობრობა მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც ის უკვე მოზრდილია. შვილთან თბილი და მოსიყვარულე, მეგობრული დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოთ, მაგრამ, პირველ რიგში, მისი მასწავლებელი უნდა იყოთ.

ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლის სიტყვას გარკვეული ძალა აქვს. თქვენმა შვილმა პატივი უნდა სცეს თქვენს მითითებებს და მოწოდებებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის დისციპლინაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე დაიწყოთ.

მომზადებულია ​empoweringparents.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად