Baby Bag

როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში? - პირველადი დახმარება, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში? - პირველადი დახმარება, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ უცხო სხეული არ მოხვდეს სასუნთქ გზებში? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

,,სასუნთქ გზებს ჰაერგამტარ გზებსაც უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მხოლოდ ჰაერმა უნდა გაიაროს და ნებისმიერი სხვა რამ, რომელიც მოხვდება მასში არის უცხო და იწვევს სასუნთქი გზების ნაწილობრივ ან სრულ დახშობას”.

- რატომ არის უცხო სხეულის გადაცდენა, ანუ სასუნთქ გზებში მოხვედრა უფრო ხშირი ბავშვებში?

- უცხო სხეული სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, უმეტესად, ესენია მცირე ზომის საგნები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ, იდებენ პირში და იმავდროულად საუბრობენ, იცინიან ან ტირიან.

- როგორ გავარჩიოთ სასუნთქი გზები სრულადაა დახშული თუ ნაწილობრივ?

- არასრული, ანუ ნაწილობრივი დახშობის დროს ბავშვს შეუძლია საუბარი ან ტირილი და აქვს ხველა, ხოლო სრული დახშობის დროს ბავშვს არ შეუძლია საუბარი და/ან ტირილი. სრული ობსტრუქციის (მოხრჩობის) უნივერსალური ნიშანია - კისერზე შემოხვეული ხელები

- როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში?

- არასრული დახშობის დროს, როდესაც ბავშვს შეუძლია დაახველოს არ ვერევით და არ ვატარებთ რაიმე მანიპულაციას, ხველა არის იდელური რეფლექსი სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის გამოსადევნად.

უცხო სხეულის გადაცდენისას ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა სრული ობსტრუქცია, ბავშვს არ შეუძლია ტირილი ან/და საუბარი და ეფექტური ხველა. პირველ რიგში, ვეძახით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და შემდეგ, 1 წლამდე ასაკის ბავშვებთან ვატარებთ სენდვიჩის მანევრს, ხოლო1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებთან და მოზრდილებთან - ჰეიმლიხის მანევრს.

სენდვიჩის მანევრის ჩასატარებლად ბავშვი სახით ქვემოთ დაიწვინეთ მკლავზე, თავი და კისერიდაუფიქსირეთ ქვედა ყბაზე, ხელის თითების მოთავსებით და ჩაატარეთ 5 ბიძგისებური მოძრაობა ბეჭებს შორის, შემდეგ გადმოაბრუნეთ, დაუთვალიერეთ პირის ღრუ და თუ უცხო სხეული არ ჩანს, ჩაატარეთ ორი თითით 5 ზეწოლა მკერდის ძვლის ქვედა მესამედში. გააგრძელეთ სენდვიჩის მანევრი იქამდე, ვიდრე არ ამოვარდება უცხო სხეული ან არ მოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რაც შეეხება ჰეიმლიხის მანევრს, ეს არის ბიძგისებური მოძრაობები მუცელზე, რომელიც ტარდება 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებთან და მოზრდილებთან, რა დროსაც უნდა დადგეთ დაზარალებულის უკან, შემოხვიეთ ორივე ხელი და მუშტით ახდენთ ბიძგისებურ მოძრაობებს მუცელზე, ჭიპის ზემოთ, იქამდე, ვიდრე არ ამოვარდება უცხო სხეული.

 

- რა უნდა გავაკეთოთ რომ უცხო სხეული არ მოხვდეს სასუნთქ გზებში?

- პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. პატარა საგნები, სათამაშოს მცირე ზომის ნაწილები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

4 წლამდე არ მისცეთ მაგარი ან მრგვალი ფორმის საკვები, როგორიცაა: საწუწნი კანფეტები, თხილი, ყურძენი, ქიშმიში, თხილეული, პოპკორნი, საზამთროს კურკა, უმი სტაფილო. დასაღეჭი და ტაბლეტირებული მედიკამენტები ნებადართულია მხოლოდ 4 წლის შემდეგ.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ საკვები დაღეჭონ კარგად, კვების დროს თამაში, სირბილი, ყვირილი, ლაპარაკი, ტირილი და სიცილი ზრდის გადაცდენის რისკს და თავიდან უნდა ავიცილოთ. 

სიფრთხილე გამოიჩინეთ მოზრდილ დედმამიშვილებთან, მათ შეუძლიათ სახიფათო ნივთების გაზიარება უმცროსი და-ძმისთვის

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნაღველი რეაგირებს ქარზე, თებერვალში რევოლუცია ხდება ბუნებაში და ასეთივე რევოლუცია ხდება კუჭ-ნაწლავში,“- ნინო ვაშაკიძე

„ნაღველი რეაგირებს ქარზე, თებერვალში რევოლუცია ხდება ბუნებაში და ასეთივე რევოლუცია ხდება კუჭ-ნაწლავში,“- ნინო ვაშაკიძე

არატრადიციული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ვაშაკიძემ ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც განსაკუთრებული გამწვავება თებერვლის თვეში ახასიათებს:

„დილას რომ გავიღვიძებთ, უნდა მოვეფეროთ ნაღველს, ნაღვლიანად არ უნდა ვიყოთ და არ უნდა გავბრაზდეთ. აქ საუბარია მრისხანებაზე. ერთ-ერთი, რაზეც რეაგირებს ნაღველი არის ეს. ნაღველი რეაგირებს ქარზე, არასწორ საკვებზე. თებერვალში ავღნიშნავთ, რომ თებერვლის პაციენტები მოვიდნენ. თებერვალში რევოლუცია ხდება ბუნებაში და ასეთივე რევოლუცია ხდება კუჭ-ნაწლავში.“

ნინო ვაშკიძის თქმით, ჩვენს სხეულში მოძრავი ტალღები სიხშირეს, ამპლიტუდასა და სიჩქარეს იცვლიან, რაც ტკივილის არეალის მონაცვლეობას იწვევს:

„ჩინეთში რომ ჩავედი, იქ ვიკითხე, ყველაზე მეტი დაზიანება რომელ მერიდიანშია. მერიდიანი არის ტალღა, რომელიც მოძრაობს ჩვენს სხეულში. მას აქვს თავისი ტრაექტორია, სიხშირე, ამპლიტუდა და სიჩქარე. ტრაექტორია, რა თქმა უნდა, არ იცვლება. დიდი ხნის განმავლობაში ეს ეგონათ ზღაპარი, მერე აღმოჩნდა, რომ არ არის ზღაპარი. თანამედროვე აპარატურა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ტრაექტორია დავინახოთ. როდესაც იცვლება სიხშირე, ამპლიტუდა ან სიჩქარე ამ ტალღის, იმის გაყოლებაზე შეიძლება დაგვეწყოს თავის ტკივილი, რომელსაც უწოდებენ ნაღვლის ბუშტის თავის ტკივილი, ასევე თვალის პრობლემა, თვალის ბუდის ტკივილი, კისრის ტკივილი. არ მეზარება და ​ხშირად ვიმეორებ ნაღვლის ბუშტის ტრაექტორიას. შემდეგ არის ყურის უკან ტკივილი, შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ წნევა აქვს, კისრის მალები ხდება სუსტი წერტილი.“

„იცის ვითომ გულის შეტევა, რომელიც წააგავს გულის შეტევას, მაგრამ 50-60 წლის ასაკში ასეთ ადამიანებს, ალბათ, დასჭირდება შუნტირება, სტენტირება. ძალიან საფრთხილოა ნაღვლის ბუშტი. შეიძლება ფეხის მეოთხე თითი ტკიოდეს ადამიანს, სხვა არაფერი და ესეც ნაღვლის ბუშტია. იცის შებერილობა, შეკრულობისკენ ან აშლილობისკენ მიდრეკილება, ასევე არასასიამოვნო გემო პირში და ნადები. ნაღვლის ბუშტმა ასევე იცის თავბრუსხვევა,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ვაშაკიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​POSTV

წაიკითხეთ სრულად