Baby Bag

როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში? - პირველადი დახმარება, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში? - პირველადი დახმარება, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ უცხო სხეული არ მოხვდეს სასუნთქ გზებში? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

,,სასუნთქ გზებს ჰაერგამტარ გზებსაც უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მხოლოდ ჰაერმა უნდა გაიაროს და ნებისმიერი სხვა რამ, რომელიც მოხვდება მასში არის უცხო და იწვევს სასუნთქი გზების ნაწილობრივ ან სრულ დახშობას”.

- რატომ არის უცხო სხეულის გადაცდენა, ანუ სასუნთქ გზებში მოხვედრა უფრო ხშირი ბავშვებში?

- უცხო სხეული სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, უმეტესად, ესენია მცირე ზომის საგნები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ, იდებენ პირში და იმავდროულად საუბრობენ, იცინიან ან ტირიან.

- როგორ გავარჩიოთ სასუნთქი გზები სრულადაა დახშული თუ ნაწილობრივ?

- არასრული, ანუ ნაწილობრივი დახშობის დროს ბავშვს შეუძლია საუბარი ან ტირილი და აქვს ხველა, ხოლო სრული დახშობის დროს ბავშვს არ შეუძლია საუბარი და/ან ტირილი. სრული ობსტრუქციის (მოხრჩობის) უნივერსალური ნიშანია - კისერზე შემოხვეული ხელები

- როგორ მოვიქცეთ უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში?

- არასრული დახშობის დროს, როდესაც ბავშვს შეუძლია დაახველოს არ ვერევით და არ ვატარებთ რაიმე მანიპულაციას, ხველა არის იდელური რეფლექსი სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის გამოსადევნად.

უცხო სხეულის გადაცდენისას ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა სრული ობსტრუქცია, ბავშვს არ შეუძლია ტირილი ან/და საუბარი და ეფექტური ხველა. პირველ რიგში, ვეძახით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და შემდეგ, 1 წლამდე ასაკის ბავშვებთან ვატარებთ სენდვიჩის მანევრს, ხოლო1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებთან და მოზრდილებთან - ჰეიმლიხის მანევრს.

სენდვიჩის მანევრის ჩასატარებლად ბავშვი სახით ქვემოთ დაიწვინეთ მკლავზე, თავი და კისერიდაუფიქსირეთ ქვედა ყბაზე, ხელის თითების მოთავსებით და ჩაატარეთ 5 ბიძგისებური მოძრაობა ბეჭებს შორის, შემდეგ გადმოაბრუნეთ, დაუთვალიერეთ პირის ღრუ და თუ უცხო სხეული არ ჩანს, ჩაატარეთ ორი თითით 5 ზეწოლა მკერდის ძვლის ქვედა მესამედში. გააგრძელეთ სენდვიჩის მანევრი იქამდე, ვიდრე არ ამოვარდება უცხო სხეული ან არ მოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რაც შეეხება ჰეიმლიხის მანევრს, ეს არის ბიძგისებური მოძრაობები მუცელზე, რომელიც ტარდება 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებთან და მოზრდილებთან, რა დროსაც უნდა დადგეთ დაზარალებულის უკან, შემოხვიეთ ორივე ხელი და მუშტით ახდენთ ბიძგისებურ მოძრაობებს მუცელზე, ჭიპის ზემოთ, იქამდე, ვიდრე არ ამოვარდება უცხო სხეული.

 

- რა უნდა გავაკეთოთ რომ უცხო სხეული არ მოხვდეს სასუნთქ გზებში?

- პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. პატარა საგნები, სათამაშოს მცირე ზომის ნაწილები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

4 წლამდე არ მისცეთ მაგარი ან მრგვალი ფორმის საკვები, როგორიცაა: საწუწნი კანფეტები, თხილი, ყურძენი, ქიშმიში, თხილეული, პოპკორნი, საზამთროს კურკა, უმი სტაფილო. დასაღეჭი და ტაბლეტირებული მედიკამენტები ნებადართულია მხოლოდ 4 წლის შემდეგ.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ საკვები დაღეჭონ კარგად, კვების დროს თამაში, სირბილი, ყვირილი, ლაპარაკი, ტირილი და სიცილი ზრდის გადაცდენის რისკს და თავიდან უნდა ავიცილოთ. 

სიფრთხილე გამოიჩინეთ მოზრდილ დედმამიშვილებთან, მათ შეუძლიათ სახიფათო ნივთების გაზიარება უმცროსი და-ძმისთვის

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად