Baby Bag

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევა?
- დასწავლის უნარის დარღვევა ზოგადი სახელწოდებაა და ვლინდება ბაზისური აკადემიური საგნების წერის, კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში, რაც გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების სპეციფიკურობით. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეთა 5-15%-ს დასწავლის უნარის დარღვევა აქვს.
დისლექსია, იგივე კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ფორმაა. სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს სიტყვის სწორად ამოკითხვაში, კითხვის ტემპსა და წაკითხულის გააზრებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი კითხვის დროს შეიძლება უშვებდეს შეცდომებს ასოების ან სიტყვის ამოკითხვაში, ვერ აერთიანებდეს მარცვლებს, კითხულობდეს ნელა ან ძალიან სწრაფად და მიხვედრით. წერის უნარის სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს მართლწერაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში, ასევე, წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბებასა და ნაწერის ორგანიზებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი შეიძლება ამატებდეს, ტოვებდეს, ანაცვლებდეს სიტყვაში ასოებს. ჰქონდეს ფურცელზე სივრცის დაცვის და ასოების მოხაზვის სირთულე. უშვებდეს ბევრ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომას, წინადადებების წყობა იყოს გაუმართავი, ნაწერში ნათლად არ იკითხებოდეს აზრი. მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების მნიშვნელობის წვდომაში, არითმეტიკული ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობაში. უფრო კონკრეტულად, ჰქონდეს რიცხვების და მათი ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, ამოცანის ამოხსნისას ურევდეს მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობას.
- რა შეიძლება იყოს დასწავლის უნარის დარღვევის მიზეზი?
დასწავლის უნარის დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევაა და საფუძვლად ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკური დეფიციტი უდევს. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხავა გენეტიკური, სამედიცინო და გარემო ფაქტორები.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნები?
- სწავლის სირთულეები, როგორც წესი, შესამჩნევი დაწყებით კლასებში ხდება, როდესაც მოსწავლეს მოეთხოვება აითვისოს ბაზისური აკადემიური უნარები. თუმცა, შესაძლოა თავიდანვე არ იყოს გამოხატული აკადემიური სირთულეები და თავი იჩინოს მოგვიანებით. დასწავლის უნარის დარღვევის მახასიათებლების გამოვლენა ასაკის მიხედვით განსხვავებულია. სკოლამდელ ასაკში ბავშვი არ გამოხატავს ინტერესს ისეთი თამაშების მიმართ, რომლებიც მოითხოვს სიტყვების გამეორებას, არ აქვს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი, არ გამოთქვამს სიტყვებს სწორად, მაშინ როდესაც ეს ასაკობრივად უკვე მოეთხოვება, აქვს ფერების, ფორმების, საგნების დასახელების დამახსოვრების სირთულე, აქვს მითითების გაგების და შესრულების სირთულე. დაწყებით კლასებში აქვს ასოების დამახსოვრების და ამოკითხვის სირთულე, რის გამოც შეიძლება კითხვისას სიტყვაში ტოვებდეს, ანაცვლებდეს ასოებს, კითხულობდეს ნელა და ხარჯავდეს დიდ ძალისხმევას ან კითხულობდეს სწრაფად და მიხვედრით და შესაბამისად, უშვებდეს ბევრ შეცდომას. საუბრისას ჰქონდეს აზრის ჩამოყალიბების სირთულე, ჰქონდეს ასაკის შეუსაბამო, მწირი ლექსიკური მარაგი, ფაქტების დამახსოვრების, წერის, საათის ცნობის და დროის ორგანიზების სირთულე, თანატოლებთან შედარებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდეს სწავლის პროცესში და მიუხედავად ამისა, არ ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასწავლის უნარის დარღვევის დროს ინტელექტის მაჩვენებელი ძირითადად ნორმის ფარგლებშია, ამიტომ ხშირად აღნიშნული სპეციფიკური სირთულეების იდენტიფიცირება რთულდება.
- როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს?
- თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სირთულეები და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების მიუხედავად სწავლაში არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, მიმართეთ კლინიკურ ნეიროფსიქოლოგს ან კლინიკურ ფსიქოლოგს. შეფასების პროცესში ასევე შეიძლება ჩაერთოს განათლების ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი.
- შესაძლებელია თუ არა სპეციალისტის დროული ჩარევის შედეგად ეს პრობლემა სრულიად მოგვარდეს?
- დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა ადრეული შეფასების და ინტერვენციის შედეგად, ადამიანები აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას. სწავლება ეფუძნება უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას და ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ აღვზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი?

როგორ აღვზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი?

ბავშვებს თავდაჯერებას არა მშობლების და ნათესავების მხრიდან ქების მოსმენა, არამედ საკუთარი მიღწევები მატებთ. ისინი საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდებიან, როდესაც ახალ უნარებს იძენენ და ცოდნას იღრმავებენ. მშობლებს ძალიან უნდათ, რომ თავდაჯერებული შვილები ჰყავდეთ. თუ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ის სირთულეებს გაცილებით მარტივად უმკლავდება, ვიდრე მისი ნაკლებად თავდაჯერებული თანატოლები. მართალია, ყველა პატარა ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ძალიან დაგეხმარებათ, რომ შვილს თავდაჯერება შემატოთ.

1. გამონახეთ დრო თამაშისთვის

თამაში ბავშვისთვის საუკეთესო მასწავლებელია. გარდა ამისა, როდესაც მშობელი ბავშვთან ხშირად თამაშობს, ბავშვი ხვდება, რომ ის მშობლისთვის ძვირფასია. პატარები ამჩნევენ, რომ მშობლები მათთვის დროის გამოყოფას ახერხებენ. თამაშის დროს თქვენი ყურადღება მთლიანად ბავშვზე გადაიტანეთ. ბავშვები ძალიან მარტივად ხვდებიან, როდესაც უფროსები სხვა რამეზე ფიქრობენ და უგულისყუროდ თამაშობენ. როდესაც ბავშვის მიმართ ყურადღებას იჩენთ, მას თვითშეფასება უმაღლდება. ბავშვი გრძნობს, რომ მას უსმენენ. მშობლებს თამაშისთვის დრო იშვიათად რჩებათ. როდესაც თავისუფალი დრო გექნებათ, თამაშში მთელი გულით უნდა ჩაერთოთ. ბავშვთან თამაშის პარალელურად საოჯახო საქმეებით ნუ დაკავდებით. მშობელსა და შვილს შორის ძლიერი და მტკიცე ურთიერთკავშირი სწორედ თამაშის დროს მყარდება.

2. ბავშვი ხშირად დაასაქმეთ

ბავშვებს საკუთარი უნარების გამომჟღავნება ძალიან აბედნიერებთ. ისინი ოცნებობენ, რომ მათი ძალისხმევა უფროსებმა შეამჩნიონ და დააფასონ. ბავშვი ბედნიერდება, როდესაც მშობლები მას საოჯახო საქმეებში დახმარებას სთხოვენ. ბავშვი შემდეგ საოჯახო საქმეებში უნდა დაიხმაროთ: მაგიდის გაწყობა, თოჯინების დალაგება, მტვრის გაწმენდა, მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება, თეფშების რეცხვა, ბაღის მოვლა, გასარეცხი ტანსაცმლის გადახარისხება. ბავშვის დასაქმებისას მისი ინტერესები გაითვალისწინეთ და ისეთი საქმე დაავალეთ, რომელიც მას გააბედნიერებს. როდესაც ბავშვი თქვენ მიერ მიცემულ დავალებას ასრულებს, მას თავდაჯერება ემატება. თუ ბავშვს დროთა განმავლობაში მობეზრდება საოჯახო საქმეების კეთება, აუხსენით მას, რომ შრომა საჭიროა და ის ხშირად თამაშს წინ უძღვის.

3. ბავშვს სათანადო ყურადღება დაუთმეთ

ბავშვს ყველაფერზე მეტად მშობლების ყურადღება აბედნიერებს. როდესაც შვილისადმი ყურადღებას იჩენთ, ის თავს მნიშვნელოვან ადამიანად აღიქვამს. როდესაც ბავშვი გესაუბრებათ, მას თვალებში უყურეთ და აგრძნობინეთ, რომ ყურადღებით უსმენთ. თუ გრძნობთ, რომ ბავშვს თქვენთან საუბარი უნდა, მთელი ყურადღება მისკენ მიმართეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი აზრები და განცდები მნიშვნელოვანია. ბავშვის გრძნობებს პატივი ეცით და აგრძნობინეთ, რომ მისი ემოციები თქვენთვის გასაგებია. ბავშვმა საკუთარი ემოციების გამოხატვა მარტივად რომ შეძლოს, მასთან ემოციები თავადაც უნდა გამოხატოთ.

4. ბავშვი ხშირად წაახალისეთ

გაიხსენეთ, რა იგრძენით, როდესაც თქვენი გაკეთებული საქმე სათანადოდ დააფასეს და თქვენი შესაძლებლობების გამო შეგაქეს. ბავშვის შესაძლებლობების აღიარება მას არამხოლოდ მოტივაციას მატებს, არამედ თავდაჯერებასაც. ბავშვის წახალისებასა და შექებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. შექება ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის კარგი მხოლოდ მაშინაა, როდესაც რაღაცას იდეალურად აკეთებს, ხოლო წახალისება ბავშვის ქმედებებზე აკეთებს აქცენტს. შექებაა, როდესაც ბავშვს ეუბნებით: „ეს ქვიშის სასახლე შესანიშნავია!“ წახალისებაა, როდესაც ამბობთ: „ქვიშის სასახლის შენებისას საოცრად კარგად იმუშავე!“ ხშირი შექება ბავშვს აკომპლექსებს. ის ზეწოლას განიცდის და ყოველთვის აღიარების მოლოდინშია. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ყველაზე მთავარი ძალისხმევა და მონდომებაა. მისი შრომისმოყვარეობა და მცდელობები აუცილებლად წაახალისეთ.

ბავშვის წახალისება, მასთან ხშირი საუბარი და თამაში, მის მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენა თქვენს შვილს თავდაჯერების მატებაში ძალიან დაეხმარება, რაც მას წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს.

მომზადებულია ​childmind.org - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად