Baby Bag

რა იწვევს კვებით აშლილობას ბავშვებში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მათ?

რა იწვევს კვებით აშლილობას ბავშვებში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მათ?

რა იწვევს კვებით აშლილობას ბავშვებში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მათ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი.

რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა ფსიქიკურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მდგომარეობა ყოველთვის დაკავშირებულია კვების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებასთან. კვებითი აშლილობის დროს თავს იჩენს საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ცხადია დროთა განმავლობაში იწვევს, როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ავადმყოფობა ყოველ მე-5 ადამიანში ქრონიკულ სახეს იღებს და ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ ხანგრძლივი დროით ებრძვიან დაავადებისგან გამოწვეულ შედეგებს, მაგალითად, გულსისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მონელებელი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს. კვებითი აშლილობა სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით ვლინდება ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანებში. თუმცა, სტატისტიკურად, უმეტესად კვებით აშლილობას ვხვდებით მოზარდობისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.

- რა არის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში?

რაც შეეხება მიზეზებს, სპეციალისტები ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ. ისინი გვთავაზობენ ფართო სპექტრს იმ ფაქტორებისა, რაც შეიძლება იყოს კვებითი აშლილობის გამომწვევი. გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს:

  • გენეტიკური - მაღალი ემოციური მგრძნობელობა, ან აზროვნების თავისებურებები, მაგალითად მომატებული დეტალიზაციის სახით;
  • ფსიქოგენური - სტრესული გარემო, დაბალი თვითშფასება, პერფექციონიზმი, მოზარდობის ასაკში ავტონომიისკენ სწრაფვის ტენდენცია;
  • სოციოკულტურული - სოციუმში დამკვიდრებულია გარკვეული ღირებულებები, მაგალითად, ე.წ. სილამაზის სტანდარტი, აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება მოერგოს აღიარებულ სტანტარტს. როდესაც ასეთი მოთხოვნილება სცდება საღ აზრს შესაძლოა ვივარაუდოთ რომ უკვე გარკვეული ჩანასახი არსებობს კვებითი აშლილობის.

- რა სახის კვებითი აშლილობები არსებობს და მათ სიმპტომებზე რომ ვისაუბროთ.

კვებითი აშლილობის რამდენიმე სახეს გამოყოფენ. მათგან საკმაოდ გავრცელებულია ნერვული ანორექსია, რომელიც ძირითადად ვლინდება 14-15 წლის ასაკში. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მადის დაქვეითებაზე, ეს არის საკუთარი სხეულის, წონის არასწორი, დარღვეული აღქმა. ადამიანს ჰგონია რომ აქვს ზედმეტი წონა და ამის გამო ცდილობს შეზღუდოს საკვები. ნერვული ანორექსიის ძირითადი ნიშანია, როდესაც მოზარდის სხეულის წონის ინდექსი ნორმის ქვემოთ ჩამოდის. ასევე, დამახასიათებელია დაღლილობა, დიეტების და კალორიების დათვლის მიმართ გადამეტებული ინტერესი, ჭარბი ფიზიკური აქტივობა, კვების დროს განმარტოების ტენდენცია, საკუთარი სხეულის კრიტიკულად შეფასება.

ბავშვებში კვებითი ქცევის დარღვევა ორგანიზმისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის, როდესაც ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის დეფიციტშია და ორგანიზმს არ მიეწოდება. გარდა ამისა, ვლინდება სომატური პრობლემები, მაგალითად, საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული სისტემის, ასევე, ადგილი აქვს თმის ცვენას, სტომატოლოგიურ პრობლემებს, ზრდის შეფერხებას. უმეტეს შემთხვევებში, მკურნალობის შედეგად ეს პრობლემა დაძლევადია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნერვული ანორექსია არის იმ მცირე რაოდენობის ფსიქიკური აშლილობებიდან ერთ-ერთი, რომელსაც აქვს ე.წ ლეტალური გამოსავალი და რთული შემთხვევებიდან 5% სამწუხაროდ ლეტალურ შედეგზე გადის.

კიდევ ერთი სახეობა კვებითი დარღვევისა არის ნერვული ბულემია. ამ დროს ადამიანი ჭარბად იკვებება და საკვების მიღების შემდეგ ცდილობს გაათავისუფლოს საკუთარი კუჭი ხელოვნურად, პირღებინებით. ბულემიის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა დაავადება, მაგალითად, დეპრესია. ამ შემთხვევაში, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ქცევას, როგორიცაა აბაზანით ხშირად და ხანგრძლივად სარგებლობა. ამასთან, საყურადღებოა სხეულის წონის მკვეთრი ცვლილება, განწყობის უმიზეზოდ ცვალებადობა, თმის ცვენა, ხშირი ვირუსული დაავადებები, ღრძილების ანთება, საყლაპავი მილის დაზიანება, რომელიც ხშირი პიღებინებით არის გამოწვეული.

ასევე, არსებობს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა (Binge Eating Disorder ) . ამ დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს კვების რაციონს და ჭარბად მიღებული საკვების შემდეგ მას ეუფლება სინდისის ქენჯნა, სირცხვილის განცდა. ასეთი აშლილობის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.

ზოგჯერ კვებით აშლილობას მიაკუთვნებენ:

  • რუმინაციას (მიღებული საკვების რეგულარულად ამოღება);
  • ჯანსაღი კვებით გატაცებას, თუ ის წონის კლების იდეით არის განპირობებული;
  • ღამით ჭამის სინდრომს;
  • პიკას- როდესაც ხდება საკვებად გამოუსადეგარიან მავნე საკვების მიღებისკენ მიდრეკილება, რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა;
  • საფაღარათო აშლილობას, რომელსაც ახასიათებს განზრახ ღებინება ან საფაღარათო აბების მიღება.

რაც შეეხება საფრთხეს, რომელსაც კვებითი აშლილობა იწვევს ბავშვებში. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სოციალური იზოლაციისკენ მიდრეკილებას, დადებითი ემოციებისგან თავის არიდებას, დეპრესიისკენ მიდრეკილებას და რთულ შემთხვევაში სუიციდურ აზრებს.

- როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, რას ურჩევდით მშობლებს?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების გულისხმიერებას და დამოკიდებულებას. თუ მათ შეამჩნიეს ბავშვის სულიერი მდგომარეობის ცვლილება, აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. კვებითი აშლილობის მქონე მოზარდებში მთავარი მანიშნებელი პრობლემისა არის წონის მკვეთი ცვლილება, უმიზეზო დაღლილობა და სისუსტე, შფოთვა საკვების მიღების დროს, თუ ზედმეტად აღელვებს საკუთარი სხეულის ფორმები, მოჭარბებულად იღებს საკვებს ან პირიქით, ზედმეტად არის გატაცებული დიეტებით, ჯანსაღი კვებით და იკვებება იზოლირებულად. ადრეულ ასაკში მშობელი შეიძლება დააკვირდეს ბავშვს აქვს თუ არა საკვების ხანგრძლივად ღეჭვის ჩვევა, ან მყარი საკვების ღეჭვის დროს გულისრევის რეაქცია,ვერ გრძნობს შიმშილს ან მიდრეკილია მუდმივად ჭამისკენ.

როგორც აღვნიშნე, მშობლის ყურადღება არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან თუ მცირეწლოვან ასაკში არ მოაგვარა ეს პრობლემა, შესაძლოა დროთა განმავლობაში სერიოზული ფორმით იჩინოს თავი კვებითმა აშლილობამ.

რაც შეეხება სპეციალისთან კომუნიკაციას, რაც უფრო ადრეულ ასაკში მივმართავთ, მით უფრო მოკლე ვადაში მოხდება პრობლემის აღმოფხვრა. ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია დიაგნოზის სწორად დასმა. ფსიქიატრიაში რომელიმე აშლილობის დიაგნოზის დასმის დროს ხელმძღვანელობენ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით შემოთავაზებული იმ სიმპტომების ჩამონათვალით, რაც მიესადაგება ამა თუ იმ დაავადებას. დიაგნოზის დასმა ხდება ფსიქიატრის მიერ და მკურნალობა არის კომპლექსური. პროცესში ჩართულია ფსიქიატრი, კვებითი სპეციალისტი და ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული ჩარევა, რომლის დროსაც ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰერვიორული თერაპია.

მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რატომ არის სასარგებლო ფეტვი და რომელი თვიდან შევთავაზოთ პატარას?

​რატომ არის სასარგებლო ფეტვი და რომელი თვიდან შევთავაზოთ პატარას?

რატომ არის სასარგებლო ფეტვი და რომელი თვიდან შევთავაზოთ პატარას, - ამ თემაზე პედატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

​ბურღული ბავშვისათვის აუცილბელი საკვებია, რომაა, ეს ხომ ისედაც იცით. თუმცა მარტო ბავშვისათვის კი არა, მოზრდილთა რაციონში საკვების დღიური მოცულობის 30% სწორედ ბურღულის წილად უნდა მოდიოდეს.

​და თუ თქვენ უკვე შესთვაზეთ პატარას წიწიბურაც, ბრინჯიც, ხორბალიც, შვრიაც, სიმინიდის გემრიელი ფაფაც გაასინჯეთ და დაფიქრდით, კიდევ რა შეიძლება იყოს მისთვის სასარგებლოც და გემრიელიც, ფეტვი გაიხსენეთ.

​ამბობენ, რომ ათასწლეულთა წინ, სანამ ადამიანი მის კულტივაციას დაიყებდა, ამ მცენარის გარეული სახეობა აფრიკაში იზრდებოდა. წვრილი მარცვლები, რომლებიც მდიდარია მიკრო- და მაკრონუტრიენტებით, თანდათან გახდა აზიელთა და ევროპელთა საყვარელი საკვებიც.

​რატომ ფეტვი?

  • ​იმიტომ, რომ ეს ჰიპოალერგიული, ძალიან სასარგებლო ბურღულია, რომელიც არ შეიცავს გლუტენს.
  • ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის მძიმე მეტალების გამოდევნას.
  • მდიდარია ბეტა-კაროტინით, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვილის ზრდა-განვითარების, აგრეთვე თვალის ფუნქციონირებისათვის.
  • ფეტვი B ჯგუფის ვიტამინების მდიდარი წყაროა. შეიცავს პრაქტიკულად ყველა ჯგუფის B ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისათვის, მონაწილეობს ორგანიზმის ენრეგიით უზრუნველყოფაში, ხელს უწყობს კარგ გუნება-განყობას.
  • მის შემადგენლობაში არსებული E ვიტამინი საუკეთესო ანტიოქსიდანტია და უჯერედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უშლის ყაბზობის განვითრებას. ამავდროულად, საკვები ბოჭკოები ნაწლავური მიკროფლორის საუკეთესო საკვებია და ეხმარება სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას.
  • შეიცავს ამინომჟავებს, მათ შორის შეუცველელ ამინომაჟავებსაც - ვალინს, ლეიცინს, ლიზინს, ასე აუცილებელს ბავშვის ზდრა-განვითარებისათვის. შეგახსენებთ, შეუცველელი ამინომჟავების წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, ისინი საკვებთან ერთად უნდა მივიღოთ.
  • ამავდროულად, ფეტვის ცილები ადვილად აითვისება.
  • აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი.
  • ანემიის პროფილაქტიკისათვის გამოსადეგ ამ პროდუქტში რკინა და ფოლიუმის მჟავის საკმარისი რაოდენობაა.
  • ფეტვის მდიდარი მინერალური შემადგენლობა განსაკუთრებულად სარგებლიანს ხდის მას. რამდენიმე განვიხილოთ:
  • დიდი რაოდენობით კალციუმი და ფოსფორი ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია ელემენტებია.
  • შეიცავს ფტორს, რაც პატარას კბილების განვითარებისათვის სჭირდება.
  • შეიცავს იოდს, რაც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ფეტვის შემადგენლობაში არსებული ე.წ თიონამიდისმაგვარი ნივთიერება, შესაძლოა, აბრკოლებდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს.
  • თუთია მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში, წარმოადგენს ორგანიზმში არსებული 300-მდე ფერმენტის შემდგენელ ნაწილს.

​მოკლედ, გამოიყენეთ ფეტვი ბავშვთა კვებისთვის მისი მდიდარი და სასარგებლო ნუტრიციული თავისებურებების გამო, თუმცა ნუ დაივიწყებთ მრავალფეროვნებას, რისთვისაც საჭიროა პატარას სხვადასხვა ბურღული შესთავაზოთ.
როდიდან და რა ფორმით?
სხვა ბურღულეულთან შედარებით, ფეტვი უფრო ძნელი მოსანელებელია, ამიტომ ფეტვის ფაფას ნუ შეარჩევთ პირველ ბურღულის ფაფად.
8 თვიდან, მას შემდეგ, რაც პატარას სხვა ბურღული გაასინჯეთ, შეგიძლიათ ფეტვიც შესთავაზოთ.
გახსოვდეთ, რომ მოხარშვამდე ფეტვი რამდენჯერმე კარგად უნდა გარეცხოთ, უმჯობესია, რამდენიმე საათით ოთახის ტემპერატურის წყალშიც დაალბოთ. იხარშება დაახლოებით 15 წუთში.
ფეტვის ფანტელები 1 წლის ასაკიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ფორმის ბურღულის ჩალბობა საჭირო არ არის. ის იხარშება რამდენიმე წუთის მანძილზე, შემდეგ უნდა დატოვოთ თავდახურულ ჭურჭელში მცირე ხნით.

​ფეტვისაგან გემრიელი ფაფის გარდა სადილიც შეგიძლიათ მოამზადოთ.

​გემრიელი რეცეპტიც მოგიმზადეთ - შვრია სტაფილოთი და ყაბაყით. 1 წლიდან ფანტელითაც შეგიძლიათ მოამზადოთ, 8 თვიდან კი მარცვალი გამოიყენეთ.

შვრია სტაფილოთი და ყაბაყით - მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 50 გრამი სტაფილო
  • 50 გრამი ყაბაყი
  • 2 სუფრის კოვზი ფეტვი (მარცვალი ან ფანტელი)


​მომზადების წესი კი ასეთია:

  • ფეტვის ფანტელი იხარშება მდუღარე წყალში 1 წუთის მანძილზე, მორევით. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დატოვეთ თავდახურულ ქვაბში კიდევ 1 წუთი. 
  • მარცვალი იხარშება დაახლოებით 15 წუთი. 
  • ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული, დაჭყლიტეთ და შეურიეთ მზა ფეტვს.
  • დაამატეთ 5 მლ. ზეითუნის ზეთი.

წაიკითხეთ სრულად