Baby Bag

„რეცეპტული ენის დარღვევას ვხვდებით მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს სხვისგან მიღებული ინფორმაციის გაგება და გადამუშავება“

„რეცეპტული ენის დარღვევას ვხვდებით მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს სხვისგან მიღებული ინფორმაციის გაგება და გადამუშავება“

რეცეპტული ენის დარღვევაზე MomsEdu.ge-ს ფსიქოკონსულტანტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი თათული ბაკურაძე ესაუბრა.

- რა არის რეცეპტული ენის დარღვევა?

- როდესაც გვესმის ენის განვითარების დარღვევა, მასში არ იგულისხმება მეტყველებასთან, კერძოდ კი არტიკულაციასთან/გამოთქმასთან დაკავშირებული სირთულეები, ეს არის კომუნიკაციური უნარების დარღვევის ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც შეიძლება იყოს რეცეპტული ენის დარღევა, ექსპრესიული ენის დარღვევა ან რეცეპტული და ექსპრესიული ენის დარღვევა ერთდროულად.

ბავშვებს უჭირთ ენის მნიშვნელობის აღქმა, მათ აქვთ ენის ცოდნასთან დაკავშირებული სირთულეები. ასეთ დროს ბავშვის სმენა წესრიგშია, მას ესმის ყველანაირ სიმაღლეზე ნათქვამი სიტყვა, თუმცა მაინც არ შეუძლია აზრი გამოიტანოს ნათქვამიდან და შესაბამისად, სწორ კონტექსტში დააბრუნოს პასუხი. რეცეპტული ენის დარღვევა ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს, როგორც ზეპირი საუბრის, ასევე დაწერილი ტექსტის გაგება. მათთვის სირთულეს წარმოადგენს სიტყვების მნიშვნელობების გაგება და მათი ფუნქციური დატვირთვის ცოდნა, შესაბამისად, რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვს ხშირ შემთხვევაში უჭირს სხვისი საუბრის შინაარსის აღქმა.

- რა ნიშნებით გამოიხატება რეცეპტული ენის დარღვევა ბავშვებში?

- რეცეპტული ენის სირთულე არის განვითარების დარღვევა და ის ადრეული ბავშვობიდანვე შეიმჩნევა. ჩამოვთვალოთ ის ნიშნები, რაც შეიძლება ახასიათებდეს რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვს:

  • უყურადღებობა, როდესაც მას ესაუბრებიან;
  • უჭირს ინსტრუქციების შესრულება და მიმართული საუბრის გაგება;
  • უჭირს პასუხის გაცემა შეკითხვებზე;
  • ეჭრება და აწყვეტინებს სხვებს საუბარს;
  • საჭიროებს წინადადების ან შეკითხვის რამდენჯერმე გამეორებას ან გამარტივებული ენით თქმას;
  • მისი პასუხი ყოველთვის არ შეესაბამება დასმულ შეკითხვას;
  • წინადადების შინაარსს არასწორად იგებს;
  • ვერ აღიქვამს ხუმრობით ამ გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ წინადადებას.

- რა უნარებია საჭირო, რათა რეცეპტული ენის განვითარებას ხელი შევუწყოთ?

როდესაც მშობელი ატყობს რომ ბავშვს აქვს გარკვეული სირთულეები ენის აღქმასა და პროდუცირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც მშობელმა უნდა გადადგას არის:

  • სმენის სკრინინგი, რათა გამოირიცხოს სმენასთან დაკავშირებული სირთულეები,
  • შემდეგ მიმართოს ენისა და მეტყველების თერაპევტს, რათა შეფასდეს ბავშვის ენობრივი განვითარება. სპეციალისტი შეძლებს დიფერენცირებას ენის დარღვევის რომელ სირთულესთან გვაქვს საქმე,
  • დაიწყოს ენისა და მეტყველების თერაპიები,
  • აქტიურად ჩაერთოს პროცესში ოჯახის ყველა წევრი.

რეცეპტული ენის შეფასება და დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა რაც უფრო ადრე მიმართავს მშობელი სპეციალისტს მით უკეთესია, რადგან მაქსიმალურად მოხდეს ენობრივი უნარების ათვისება და ენის განვითარების მიახლოება ბავშვის ქრონოლოგიურ ასაკთან. ამისათვის საჭიროა, როგორც ენისა და მეტყველების თერაპიების ინტენსიურად მიღება, ასევე, ოჯახის წევრების აქტიური ჩართვა პროცესში, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, მრავალფეროვანი სამეტყველო გარემო, საუბრით დატვირთული როლური თამაშები, მშობლის მხრიდან ბავშვის ჩართვა თავის ყოველდღიურ აქტივობებში, ეს იქნება სახლის დალაგება თუ საჭმლის მომზადება, ილუსტრირებული წიგნების თვალიერება და მასზე საინტერესო ზღაპრების მოფიქრება, ბევრი სეირნობა და ბუნებასთან პირისპირი კავშირი. ასეთ დროს, მშობელი თავადაც ბავშვი უნდა გახდეს, რადგან მათი თამაში და ურთიერთობა მაქსიმალურად ბუნებრივი, საინტერესო და „მადისაღმძვრელი“ იყოს პატარასთვის, რათა სურვილი გაუჩნდეს მოგბაძოთ და მაქსიმალურად ბევრი ისწავლოს თქვენგან.

- რაში შეიძლება შეუშალოს ბავშვს ხელი რეცეპტული ენის დარღვევამ?

- რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვებს უჭირთ ადამიანებთან დაკონტაქტება ბაღის, სკოლის ან ნებისმიერ სხვა გარემოში. ამან მათში შესაძლოა გამოიწვიოს სირცხვილის გრძნობა. სირთულე აქვთ, როგორც საკუთარი აზრის ზეპირად ან წერილობით გამოხატვის დროს, ასევე, სხვისი საუბრის აღქმაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სირთულეები ენობრივ განვითარებაში არ უკავშირდება ინტელექტუალურ დარღვევას, მათ შესაძლოა ჰქონდეთ საკმაოდ მაღალი ინტელექტი, თუმცა ამის გამოვლენაში ხელს უშლიდეთ მათი არასაკმარისად განვითარებული ენობრივი უნარები, რის გამოც ისინი შესაძლოა იყვნენ საკმაოდ ფრუსტრირებულები და იმედგაცრუებულები. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები, ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორც ისინი, ვისაც ეს სირთულე არ აღენიშნებათ.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

​ვიტამინებით გამდიდრებული ლოკო-მოკოს რძე თქვენი პატარებისთვის

​ვიტამინებით გამდიდრებული ლოკო-მოკოს რძე თქვენი პატარებისთვის

ძუძუთი კვების შემდეგ რძე ბავშვთა ზრდა-განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა. საქართველოში ამას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა დროთა განმავლობაში, კვლევების საფუძველზე ბევრი რამ ამ სფეროშიც შეიცვალა. ამის მიუხედავად, რძე დღემდე უცვლელ და აუცილებელ პროდუქტად რჩება ჩვენი პატარას ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ქართულ ბაზარზე თანდათანობით ფორტიფიცირებული, მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვებიც გამოჩნდა. ლოკო მოკოს რძე ამ კუთხით პიონერია - ამჯერად კალციუმით და დ ვიტამინით კიდევ უფრო გამდიდრებული რძე - ღონიერი და გონიერი ბავშვებისთვის. რა დოზით უნდა მიიღოს ჩვენმა პატარამ რძე და რა კავშირშია ეს მიკროელემენტები ჩვენი ბავშვის გონივრულ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, ამაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე გვპასუხობს.

ქალბატონო ნინო, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვისთვის ცხოველური რძე და რა სიკეთე მოჰყვება მის ყოველდღიურ მიღებას?

- ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით ცხოველური რძის მიწოდება მიზანშეწონილია12 თვიდან.მსოფლიოსწამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრებიერთხმად თანხმდებიან რომ, რძე აუცილებელი საკვები პროდუქტია, ბავშვის ადეკვატური ზრდა-განვითარებისთვის. რძე და რძის პროდუქტები კალციუმის ერთადერთი ბუნებრივი წყაროა, კალციუმი კი მნიშვნელოვანი კომპონენტია ძვალ-კუნთოვანი სისტემის სათანადო განვითარებისთვის. გარდა ამისა, რძე მდიდარია ცილებით, ცხიმებით, რაც აუცილებელია თავის ტვინის ზრდის და ნევროლოგიური განვითარებისთვის. ამასთანავე არსებობს კვლევები, როლებიც ადასტურებენ რძის დადებით გავლენას ბავშვის სიმაღლეში ზრდასა და განვითარებაზე. ოფიციალური გაიდლაინით, რძის მიღების დღიური დოზა ასაკზე არის დამოკიდებული. 

რეკომენდებული დოზები კი ასე გამოიყურება:

12-24 თვე - 12/3 - 2 ჭიქა დღეში

2-5 წელი - 2-21/2 ჭიქა დღეში

5-8 წელი - 21/2ჭიქადღეში

9-18 წელი - 3 ჭიქა დღეში

- ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა კალციუმით და დ ვიტამინით კიდევ უფრო გამდიდრებული, ფორტიფიცირებული რძე. რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში ფორტიფიცირებულ კვებას?

- სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, საკვების გამდიდრება კონკრეტული აუცილებელი მიკრო თუ მაკრო ნუტრიენტებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა მთელ მსოფლიოში. ფორტიფიკაციის დროს გათვლილია კონკრეტული პოპულაციის საჭიროებებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ბავშვი დალევს ფორტიფიცირებულ რძეს, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რომ, მისი კონკრეტული რაოდენობა გამდიდრებულია საჭირო დ ვიტამინით და შეიცავს მისი ასაკისათვის აუცილებელ კალციუმის რაოდენობას.

- ლოკო მოკოს რძეს დამატებული აქვს კალციუმი და დ ვიტამინი - რა როლი აკისრიათ მათ ბავშვთა ზრდა განვითარებაში ?

- D ვიტამინი ჰორმონია, რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მრავალი სამეცნიერო კვლევა და პუბლიკაცია ადასტურებს D ვიტამინის მნიშვნელობას, არა მარტო კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციისთვის, არამედ ორგანოთა სხვადასხვა სისტემის ნორმალური მუშაობისთვისაც. მისი რეცეპტორები თითქმის ყველა ქსოვილში აღმოჩნდა, თავის ტვინშიც კი. თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინი მხოლოდ ძვალ-სახსართა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო, ამჟამად არსებობს საკმაო მეცნიერული მტკიცებულება, რომ ეს ნივთიერება საჭიროა ფაქტობრივად ყველა ფიზიოლოგიური პროცესის სწორად წარმართვისთვის. მაგალითად, D ვიტამინს დიდი როლი ეკისრება ინფექციებთან ბრძოლაში, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ასთმის, ალერგიული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 1-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნით განპირობებული გართულებების პრევენციას. მეტიც, არაერთი კვლევა მოწმობს, რომ D ვიტამინს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

რაც შეეხება კალციუმს, ის მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ზრდისა და რეგენერაციის პროცესში. ძვლები კალციუმის ერთგვარი რეზერვუარია და უწყვეტ რემოდელირებას, განახლებას განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი განუწყვეტლივ იღებს ძვლებიდან კალციუმს სხვა ფუნქციების შესასრულებლად და მას ახლით ცვლის. ამიტომაც კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება ყოველდღიურად აუცილებელია. მტკიცე ძვლების ჩამოყალიბების გარდაეს მაკროელემენტი მნიშვნელოვანია ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებისთვის, სისხლის შედედებისა და სხვადასხვა ფერმენტული პროცესების წარმართვისთის..

იმისთვის რომ კალციუმმა სათანადოდ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, სჭირდება დ ვიტამინი. აღნიშნული მაკროელემენტებიდან ნებისმიერის დეფიციტი ბავშვთა ასაკში, იწვევს რაქიტს, დაავადებას რომელიც ხასიათდება ძვლების დარბილებით, კიდურების დეფორმაციით, ზრდაში შეფერხებით და ზოგიერთ შემთხვევაში კუნთების სისუსტით ან ტკივილით.

- რას იწვევს რძისა და მისი პროდუქტების ნაკლებობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?

- მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ისეთი სახის ჩივილებს როგორებიცაა ჭარბი ოფლიანობა, კუნთების და ძვლების ტკივილი, ადვილად დაღლა, კანის სიმშრალე, ძვლოვანი დეფორმაციები, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები, კარიესული კბილები და ა.შ.

მშობელმა უნდა გამოიყენოს ყველა კრეატიული ხერხიმ რომ რძე ჩართოს ყველა ასაკის ჯანმრთელი ბავშვის რაციონში. სასურველია, მცირე ასაკიდან გამოვუმუშაოთ ჩვევა, რომ 1 ჭიქა რძე მაინც ყოველდღე მიიღოს თქვენმა პატარამ. შეგვიძლია მათ მაგალითი თავადაც მივცეთ ან რაიმე სახის სახალისო რიტუალად ვაქციოთ ეს პროცესი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია...

R. 

წაიკითხეთ სრულად