Baby Bag

​როგორ შევარჩიოთ განმავითარებელი წიგნი ბავშვისთვის ადრეულ ასაკში?

​როგორ შევარჩიოთ განმავითარებელი წიგნი ბავშვისთვის ადრეულ ასაკში?

როგორ შევარჩიოთ განმავითარებელი წიგნი ბავშვისთვის ადრეულ ასაკში? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს კლინიკური ფსიქოლოგი თათია მჟავია ესაუბრა.

- რა როლი აქვს ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებისთვის წიგნების სწორად შერჩევას?

ადრეულ ასაკში წიგნის საშუალებით მიღებული ინფორმაცია პატარებს ეხმარება სამყაროს, ახალი საგნებისა და მოვლენების შემეცნებაში. პატარებისთვის სწორად შერჩეული წიგნი ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების, მხედველობის, კომუნიკაციის და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას.

წიგნის შერჩევისას მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი და ინტერესები. ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია წიგნი იყოს დასურათებული, მკვეთრი ფერებითა და ფორმებით, ნახატები უნდა იყოს დიდი ზომის დამარტივად აღსაქმელი. ამ ტიპის წიგნები ძირითადად მეტყველებისა და მხედველობის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

- როგორ შევარჩიოთ განმავითარებელი წიგნი ბავშვისთვის, ადრეულ ასაკში?

წიგნების შეძენისას გირჩევთ გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

  • ადრეული ასაკის ბავშვებს (0-დან2 წლამდე) მოსწონთ ხმოვანი, ფერადი, დიდი ფორმისა და ზომის ნახატებით დასურათებული წიგნები. ასეთი სახის წიგნები პატარების მხედველობის, მეტყველებისა და კოგნიტური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
  • ბაღისა და წინასასკოლო ასაკის ბავშვებისთვის გირჩევთ შეიძინოთ ისეთი წიგნები, რომლებშიც გადმოცემულია სათავგადასავლო ისტორიები და ზღაპრები, ბავშვებისთვის გასაგები, მარტივი ენით. ასეთ წიგნებში ბავშვებისთვის ნაცნობი სიუჟეტები გადმოცემულია საინტერესოდ, რაც პატარას წარმოსახვითი და შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება.
  • რაც შეეხება დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვების ლიტერატურას, შეეცადეთ შეარჩიოთ მარტივი სიტყვებით დაწერილი, მცირე ზომის მოთხრობები და ზღაპრები. ამ ასაკში ბავშვები დამოუკიდებლად ცდილობენ წაკითხვას, ამიტომ კითხვის პროცესი ბავშვისთვის სასიამოვნო უნდა იყოს. ასევე, გირჩევთ გაითვალისწინოთ თქვენი შვილის ინტერესები და წიგნების ჟანრიც შესაბამისად შეარჩიოთ.

- ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?

18-30 თვის ასაკში, პატარებს უყვართ მარტივი ისტორიები და ზღაპრები მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით. გირჩევთ პატარებს წაუკითხოთ ისეთი წიგნები, რომლებშიც მთავარი გმირი ცდილობს პრობლემის გადაჭრას, წინადადებები და სიტყვები უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგები და ნაცნობი. რაც შეეხება ზღაპრებსა და საბავშვო ლიტერატურას, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველ წიგნსა და ემოციას, რომელიც ბავშვებს კითხვისას ან თხრობისას ეუფლებათ. ამიტომ, გირჩევთ, წიგნი თქვენს შვილებთან ერთად შეარჩიოთ. ყურადღებით შეარჩიეთ წიგნის მოცულობა, ილუსტრაციები და რაც მთავარია, შინაარსი. წიგნის სიუჟეტი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი შვილის ინტერესებს.

წიგნთან გატარებული დრო ბავშვისთვის უნდა აღიქმებოდეს, როგორც სასიამოვნო პროცესი, ამის საუკეთესო საშუალება კი შვილისთვის პირადი მაგალითის მიცემაა. იკითხეთ თქვენი შვილის თანდასწრებით, გამოხატეთ ემოციები. ჩართეთ წიგნის კითხვა დღის რუტინაში. მგზავრობისას ან ძილის წინ გამოყავით წიგნისთვის დრო. დღეში სულ რაღაც 15-30 წუთი, სრულიად საკმარისია ბავშვისთვის კითხვის ინტერესის გასაღვივებლად.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 


შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

წაიკითხეთ სრულად