Baby Bag

რა იწვევს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - თემაზე პედიატრი თეა დადიანიძე საუბრობს

რა იწვევს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - თემაზე პედიატრი თეა დადიანიძე საუბრობს

რა იწვევს ჭიებს ბავშვებში და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თეა დადიანიძე ესაუბრა. 

- რა იწვევს ჭიებს ბავშვებში?

- ჰელმინთოზი - ნაწლავური ჭიებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ინფექციებს შორის. პარაზიტი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სხვა ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრებს და მისგან იღებს ცხოველმყოფელობისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას.

პარაზიტებს ყოფენ ორ ძირითად ჯგუფად:

  1. უმარტივესები - ერთუჯრედიანი ორგანიზმია, მისი დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით;
  2. ჰელმინთები კი შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს.

დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო გზით, დაუბანელი ხელებით, გაურეცხავი ბოსტნეულით, ხორც-პროდუქტებით, რომლებიც არ არის სათანადოდ დამუშავებული. თუ ჭიის ლავრა მოხვდა საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ის კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად იშლება, მაგრამ თუ ნაწლავში მოხვდა, ხდება მათი გააქტიურება.

- რა სიმპტომებით მივხვდებით რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?

- ძირითადი სიმპტომებია: ტკვილი მუცლის არეში, შებერილობა, გულის რევა, პირღებინება, მადის დაქვეითება, დაღლილობა, აგზნებადობა, ალერგიული რეაქცია, ქავილი ანუსის მიდამოში. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული ნერწყვდენა, თუმცა აღნიშნული ჩივილი ზოგჯერ პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება.

ხშირად, ჭიებით ინვაზიის ერთ-ერთ სიმპტომად ღამის ბრუქსიზმს (კბილების კრაჭუნი) მიიჩნევენ, მაგრამ აღნიშნული ჩივილი, ძირითადად, ძილის დარღვევას და სტრესს უკავშირდება.

- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

- ერთ-ერთია ნაწლავთა გაუვალობა, რომელიც ახასიათებს ასკარიდოზსს. მისი მასიური ინვაზია იწვევს ნაწლავის გაუვალობას. ენტერობიოზს შეიძლება ახლდეს შემდეგი გართულებები: ვულვოვაგინიტი, პერიანალური მიდამოს ეგზემა და კანის სხვა დაავადებები.

- შესაძლებელია თუ არა ინფიცირების პრევენცია?

პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ფრჩხილების კარგად დაჭრა, ხილის და ბოსტეულის კარგად გარეცხვა, ხორცპროდუქტების თერმულად დამუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღებში ჰიგიენური ნორმების დაცვა და შინაური ცხოველების დეჰელმინთიზაცია.

- მკურნალობის გზებზე რომ ვისაუბროთ.

- მკურნალობა მოიცავს ანტიჰალმინთურ პრეპარატებს, ჰელმინთის სახეობის გათვალისწინებით. თვითმკურნალობა და პრევენციის მიზნით ანტიჰელმინთური პრეპარატების მიღება დაუშვებელია. მშობელი, როგორც კი შენიშნავს აღნიშნულ ჩივილებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად