Baby Bag

ღია კარის დღე - ,,საგაზაფხულო ფესტივალი'' საბავშვო ბაღ ,,ლარდი''- ში

ღია კარის დღე  - ,,საგაზაფხულო ფესტივალი'' საბავშვო ბაღ ,,ლარდი''- ში

საბავშვო ბაღი „ლარდი“- ს სივრცეში 31 მაისს, 14:00 სთზე ტარდება უკვე ტრადიციად ქცეული ღია კარის დღე (​,,საგაზაფხულო ფესტივალი'') განსხვავებულ ფორმატში.

ღონისძიებაზე იგეგმება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვალისწინებული საინტერესო, გასართობი აქტივობები, მათ შორის გამოფენა-გაყიდვა. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბაღის პარტნიორი კომპანიები და მოწვეული ორგანიზაციები.

მოეწყობა გათამაშება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს გადაეცემათ სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიიღებენ ქართული კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.

,,ლარდი'' ელის ლამაზ და გამორჩეულ სივრცეში ოჯახის ყველა წევრს და მათ, ვისაც სურს ახლოს გაიცნოს, ნახოს საბავშვო ბაღ ,,ლარდის" გამორჩეული ინფრასტრუქტურა, გაეცნოს აღზრდის მეთოდს და უბრალოდ, სასიამოვნოდ გაატაროს დრო.

საბავშვო ბაღი ,,ლარდი'' ყოველთვის ზრუნავს, რომ აქ გატარებული ყოველი წუთი, სასიამოვნო მოგონებად იქცეს თითოეული მონაწილისთვის.

თარიღი: 31 მაისი!
ხანგრძლივობა: 14:00-17:00!
მისამართი: ქვემო ლისი https://maps.app.goo.gl/49RPTp5gDxRQ4qEK6
ტელ: +995599646459

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია, მოულოდნელობებითაა სავსე და თანაც ყოველდღე მაძლევს შანსს, რომ რაღაც ახალი ვისწავლო''

,,ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია, მოულოდნელობებითაა სავსე და თანაც ყოველდღე მაძლევს შანსს, რომ რაღაც ახალი ვისწავლო''

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე სოციალურ ქსელში ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ჩაწერის დასრულებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,​დასრულდა ჩემი ცხოვრების ერთი თავგადასავალი. ძალიან, ძალიან საინტერესო თავგადასავალი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ,,ტელეგაკვეთილების'' ჩაწერა დავამთავრე.

ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია, მოულოდნელობებითაა სავსე და თანაც ყოველდღე მაძლევს შანსს, რომ რაღაც ახალი ვისწავლო.

ტელეგაკვეთილებს როცა ვატარებდი, ცხოვრება პარალელურად მე მიტარებდა გაკვეთილებს და, ალბათ, რომ არა ეს გამოცდილება, ამდენ რამეს კიდევ დიდხანს ვერ დავინახავდი. ეს ხანდახან მტკივნეულია, ზოგჯერ - სიხარულით გავსებს, მაგრამ საჭიროა!

ბევრი ითქვა და დაიწერა ,,ტელესკოლაზე''. ცხადია, სუბიექტური ვიქნები შეფასებისას, რადგანაც თავად ვარ ტელესკოლელი. განსაკუთრებით იმიტომ ვიყავი და ვიქნები ამ პროექტის მხარდამჭერი, რომ მან გაკვეთილებზე დასწრების თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბავშვებს. ვისაც ჰქონდა სურვილი, ნახავდა და მოისმენდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. რომ არა ეს პროექტი, რამდენი რამ არ დაიხატებოდა, არც დაიწერებოდა, არ ამოიხსნებოდა. ბევრმა ბავშვმა სწორედ ამ გაკვეთილების მერე წაიკითხა სხვადასხვა წიგნი, მოსწავლეებს ახალი იდეები გაუჩნდათ, ცდები ჩაატარეს, იფიქრეს, იფიქრეს, იფიქრეს!!!

მადლიერი ვარ! ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს! დრო რომ გავა, მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება, რა იყო და როგორ...

მადლობა ჩემს კოლეგებს, ტელესკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ გამოსულიყო ის, რაც გამოვიდა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, უცნობებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მამხნევებდნენ, ყოველთვის მზად იყვნენ, ჩემთვის ეპასუხათ, ჩემთან ერთად ეფიქრათ. თქვენს არც ერთ სიტყვას არ ჩაუვლია უკვალოდ. ვაღიარებ, ძალიან მიჭირდა, ცრემლებამდე არაერთხელ მივსულვარ, მეშინოდა კიდეც, როცა გარეთ ვირუსი მძვინვარებდა და მე ჩასაწერად მივდიოდი. იცოდეთ, თქვენმა სიტყვებმა მომცა ძალა.

დაბოლოს - ყველაზე დიდი მადლობა თქვენ,ბავშვებო, ჩემო მოსწავლეებო! რომ არა თქვენ, მე არ ვიქნებოდი მასწავლებელი, თქვენ ყოველდღიურად მასწავლით, როგორ უნდა ვასწავლო და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს.

მიყვარხართ

გილოცავთ ზაფხულის დადგომას.''


წაიკითხეთ სრულად