Baby Bag

„ეზოში რომ აღარ გაშალონ სუფრა...“ - ​ქუთაისის სამშობიაროში ახალშობილთა დასალოცი სივრცე გაიხსნა

„ეზოში რომ აღარ გაშალონ სუფრა...“ - ​ქუთაისის სამშობიაროში ახალშობილთა დასალოცი სივრცე გაიხსნა

ქუთაისში „ხონელიძის კლინიკაში" ახალშობილთა დასალოცი სივრცე გაიხსნა. 

სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ მიზნით ინფრასტრუქტურაც მოეწყო.

„დასალოც სივრცეში" ახალშობილის ახლობლებისთვის ქცევის წესებიცაა გამოკრული.

მოწევა აკრძალულია! ნუ იხმაურებთ! დიდხანს ნუ დააყოვნებთ! - ასე აფრთხილებს ადმინისტრაცია ახალშობილის დალოცვის მსურველებს.

კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის ნათესავები ხშირად პატარას დაბადებას სამედიცინო დაწესებულების ეზოში აღნიშნავდნენ, რის გამოც მათ მიიღეს გაადწყვეტილება მოეწყოთ ინფრასტრუქტურა და სპეციალური სივრცე შეექმნათ.

„ეს არის კლინიკის გადაწყვეტილება, ეზოში რომ აღარ გაშალონ სუფრა. აქ დაიდგმება პატარა მაგიდა და იქნება მოწესრიგებული", - ამბობს კლინიკის დირექტორის მოადგილე, ნესტან იაშვილი. 

წყარო: kutaisipost.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად