ენდოკრინოლოგმა რუსუდან კვანჭახაძემ მშობიარობის შემდგომი თირეოდიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალბატონებში გავრცელებული დაავადებაა:
„რენესანსის პერიოდის მხატვრობაში ძალიან კარგად არის გამოხატული სხვადასხვა ანატომიური დეფექტი ორგანიზმში. ლეონარდო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ანატომიას. მათ შორის გამონაკლისს არც ფარისებრი ჯირკვალი წარმოადგენდა. ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოთქმული იყო ორი ექსპერტის ვარაუდი იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მონა ლიზას ჰქონდა მშობიარობის შემდგომი ჰიპოთირეოზი. ეს ტილო დახატულია 1502 წელს და მისმა მეუღლემ ფრანჩესკო დელ ჯოკონდომ შეუკვეთა მშობიარობის შემდგომ მისი მეუღლის პორტრეტი. ის ელფერი, რომელიც მის სახის კანს აქვს, შეიძლება სწორედ ჰიპოთირეოზთან იყოს დაკავშირებული.
არის ასეთი დაავადება: მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი, როდესაც ხდება დისბალანსი. ძალიან ხშირად ჰიპერთირეოზით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სიჭარბით შეიძლება იყოს დაწყებული. შემდეგ უმეტესად ეს გადადის ჰიპოთირეოზში, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ვერ ასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მათ ევალება. რასაკვირველია, იცვლება ბევრი ორგანოს ფუნქცია, მათ შორის ქალის გარეგნობაც. ეს არ შეიძლება ყველა ქალს დაემართოს, რასაკვირველია. ის შეიძლება დაემართოს იმ ქალბატონებს, ვისაც ორსულობის დროს აქვს რაიმე პრობლემები, ან ორსულობამდე ჰქონდათ აუტოიმუნური თირეოდიტი. აქ უფრო დიდი რისკია, რომ მშობიარობის შემდგომ სხვადასხვა დაავადება განვითარდეს, მათ შორის მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან კვანჭახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
წაიკითხეთ სრულად