„ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო...
სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან...
„რამდენი ხანია, დედა გარდაიცვალა და დღემდე არ მიხლია ხელი ტრილიაჟის იმ ყუთისთვის, სადაც მისი სუნამოები, ფერუმარილი ინახება. არ შემიძლია. დროდადრო ვხსნი, შევიგრძნობ მის სუნს და ისევ ვხურავ. მენატრება დედა, მისი სუნი. როცა ტრილიაჟს ვაღებ, დედა მიბრუნდება....
მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ. ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე“. იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის.“