Baby Bag

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

ბევრი ქალისთვის ჭურჭლის რეცხვა ნაკლებად სასურველ, რუტინულ სამუშაოსთან ასოცირდება, რომლის შესრულების გარეშეც, თავს მშვენივრად იგრძნობდნენ. თუმცა სინამდვილეში, ​ჭურჭლის რეცხვა ერთგვარი განტვირთვა ყოფილა.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ჭურჭლის რეცხვა სტრესის გადალახვაში გვეხმარება. ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ჭურჭელს არა უაზროდ და საჩქაროდ, არამედ მზრუნველობით რეცხავენ. ეს ერთგვარი ხრიკია, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენზე. სარეცხი საშუალების სასიამოვნო სუნი და თბილი წყალი კი უზრუნველყოფს მოსვენებას და აუმჯობებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ყოველივე ეს განაპირობებს ხანგრძლივ პოზიტურ განწყობას.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ჭურჭლის რეცხვისგან სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებთ, როდესაც რეცხვის პროცესში იმ საქმეზე ფიქრობთ, რასაც აკეთებთ. კვლევის ავტორების თქმით, ჭურჭლის გააზრებული რეცხვა არა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს გვანიჭებს, არამედ თრგუნავს ნეგატივს, რაც დიდხანს ნარჩუნდება.

კვლევით დასტურდება, რომ ჭურჭლის რეცხვა 27%-ით ამცირებს სტრესს. ამასთანავე, 25%-ით იზრდება ფსიქიკური მდგომარეობის ხარისხი. ორივე ცვლილება ხელს უწყობს სიამოვნების მიღებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ჭურჭლის რეცხვისას სხვა რამეზე არ ფიქრობს. ხოლო, როცა ადამიანი სხვა თემებზე ფიქრითაა გატაცებული, ჭურჭლის რეცხვა შემაწუხებელი და დამღლელი პროცესია.

ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი დამოკიდებულებაა, რადგან იგი სრულებით ცვლის ზოგად სურათს. ჭურჭლის რეცხვა - უსიამოვნო რუტინული სამუშაო თუ სარელაქსაციო საშუალება? არჩევანი თქვენზეა.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით

ავტორი: მარიამ კვეტენაძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვს ვეკითხებით: „დღეს ჭამე რამე? რა ჭამე?“ ურთიერთობები ხდება ჭამაზე ორიენტირებული,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„როდესაც ბავშვს ვეკითხებით: „დღეს ჭამე რამე? რა ჭამე?“ ურთიერთობები ხდება ჭამაზე ორიენტირებული,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

​​ფსიქოლოგი მარინა კაჭ​არავა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების შესახებ საუბრობს და იმ მიზეზებს ასახელებს, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს:

„კვება არის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქცევა ადამიანისთვის, იმიტომ, რომ კვების გარეშე ის ვერ იცოცხლებს. იმით, თუ როგორ იკვებება ადამიანი, შეიძლება მისი ხასიათის დიაგნოსტირება. სიმსუქნეს აქვს თავისი ფსიქოლოგიური მიზეზები. ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. არის კვლევები, რომლის მიხედვითაც მარტოხელა დედების გაზრდილი ბავშვები უფრო მიდრეკილები არიან სიმსუქნისკენ. რატომ არის ასე? ამ შემთხვევაში ბავშვისთვის კვება ხდება კომპენსატორული მექანიზმი იმისი, რაც მას აკლია. როდესაც ერთი მშობელი ზრდის ბავშვს, უსაფრთხოება არის დარღვეული. კვებით იმ უსაფრთხოების კომპენსირება იწყება.“

მარინა კაჭარავას თქმით, მშობლები კვებას ხშირად ბავშვის წასახალისებლად იყენებენ:

„კვებით ხდება წახალისება, კანფეტის მიცემით ხდება წახალისება ადამიანის ამა თუ იმ ქცევის დროს. ​შესაძლებელია, ეს წახალისება მისთვის სტრატეგია გახდეს. ღამე კვების სინდრომიც არსებობს, რომელიც არის გამკლავების მექანიზმი სტრესის დროს. რას ნიშნავს ეს? მე როდესაც მიჭირს, მივდივარ მაცივართან და ვიწყებ ჭამას, გადავდივარ საცხოვრებლად მაცივართან. რატომ ხდება ეს? შესაძლებელია იმიტომ, რომ რამდენჯერაც ბავშვობაში ვტიროდი, იმდენჯერ მაჭმევდნენ. ბავშვი ემოციას უმეტესად ტირილით გამოხატავს და მშობელს ჰგონია, რომ უნდა ჭამოს ამ დროს. ჩვენი მშობლების კითხვა, რომელიც მეც ხშირად დამისვამს ჩემი შვილებისთვის, არის: „რა ჭამე დღეს?“ ეს არის არასწორი კითხვა. სკოლიდან რომ მოდის ბავშვი და ვეკითხებით რა ჭამა, აქცენტი არ არის, როგორ იყო, რა გაუხარდა, რა ეწყინა. ჭამა ხდება ფოკუსირებული, მთავარი ფიგურა ხდება ურთიერთობაში. როდესაც ბავშვს ვეკითხებით: „დღეს ჭამე რამე? რა ჭამე?“ ურთიერთობები ხდება ჭამაზე ორიენტირებული.“

​მარინა კაჭარავა აღნიშნავს, რომ მკაცრი დიეტები და ზედმეტი შეზღუდვები ადამიანის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება:

„ადამიანმა არ უნდა მოიკლოს დოზირებულად ის სიამოვნება, რაც არის კვება. დიეტას რაც შეეხება, მე თუ ჩემი თავი წიხლქვეშ გავიგდე და ყველა იმ სიამოვნებაზე უარი ვთქვი, რაც კვებიდან შემიძლია მივიღო, მე აუცილებლად გადავვარდები მეორე უკიდურესობაში. დიდმა თავშეკავებამ მერე იცის ძალიან დიდი აშვება.“

ჩვენ შვილების აღზრდის დროს, ჩვენი კომპლექსების და ბავშვობის ტრავმების გამო, გვინდა ისინი ავარიდოთ რაღაცას. მე რაც არ გამომივიდა, ის მინდა, რომ ჩემს შვილს გამოვუყვანო. ჩემს შვილს ეს არ უნდა, მე მინდოდა და არ გამომივიდა. არ ვითვალისწინებ მის პიროვნებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. შეიძლება აუხსნა ადამიანს, რომ საღამოს კვება რაღაცას იწვევს და მან მერე გააკეთოს არჩევანი. ადამიანმა რეალობა უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის. ეს წონა აქვს, ამაზე უკეთესიც არის და უარესიც. გახდომა თუ მინდა, რისთვის მინდა და თუ წაადგება ჩემს ჯანმრთელობას გახდომა? ​უნდა გვქონდეს კვებისადმი სადა დამოკიდებულება. ეს არ არის არც მთავარი და არც უმნიშვნელო ცხოვრებაში. ეს არის ის, რაც არის საჭირო, აუცილებელი, მაგრამ არ არის მთავარი,“ - აცხადებს მარინა კაჭარავა.

წყარო: ​ნაშუადღევს

წაიკითხეთ სრულად