Baby Bag

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

ბევრი ქალისთვის ჭურჭლის რეცხვა ნაკლებად სასურველ, რუტინულ სამუშაოსთან ასოცირდება, რომლის შესრულების გარეშეც, თავს მშვენივრად იგრძნობდნენ. თუმცა სინამდვილეში, ​ჭურჭლის რეცხვა ერთგვარი განტვირთვა ყოფილა.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ჭურჭლის რეცხვა სტრესის გადალახვაში გვეხმარება. ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ჭურჭელს არა უაზროდ და საჩქაროდ, არამედ მზრუნველობით რეცხავენ. ეს ერთგვარი ხრიკია, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენზე. სარეცხი საშუალების სასიამოვნო სუნი და თბილი წყალი კი უზრუნველყოფს მოსვენებას და აუმჯობებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ყოველივე ეს განაპირობებს ხანგრძლივ პოზიტურ განწყობას.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ჭურჭლის რეცხვისგან სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებთ, როდესაც რეცხვის პროცესში იმ საქმეზე ფიქრობთ, რასაც აკეთებთ. კვლევის ავტორების თქმით, ჭურჭლის გააზრებული რეცხვა არა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს გვანიჭებს, არამედ თრგუნავს ნეგატივს, რაც დიდხანს ნარჩუნდება.

კვლევით დასტურდება, რომ ჭურჭლის რეცხვა 27%-ით ამცირებს სტრესს. ამასთანავე, 25%-ით იზრდება ფსიქიკური მდგომარეობის ხარისხი. ორივე ცვლილება ხელს უწყობს სიამოვნების მიღებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ჭურჭლის რეცხვისას სხვა რამეზე არ ფიქრობს. ხოლო, როცა ადამიანი სხვა თემებზე ფიქრითაა გატაცებული, ჭურჭლის რეცხვა შემაწუხებელი და დამღლელი პროცესია.

ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი დამოკიდებულებაა, რადგან იგი სრულებით ცვლის ზოგად სურათს. ჭურჭლის რეცხვა - უსიამოვნო რუტინული სამუშაო თუ სარელაქსაციო საშუალება? არჩევანი თქვენზეა.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით

ავტორი: მარიამ კვეტენაძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას ძველად ბატონებს ეძახდნენ და უმღეროდნენ. სითბო, სიტკბო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირებული,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

​ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა პანდემიის პირობებში ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ქალბატონმა ნანამ თავადაც გადაიტანა კორონავირუსი. ის საავადმყოფოში ყოფნის დღეებს იხსენებს და ექიმებისადმი მადლიერებას გამოხატავს:

„მე არ მინდა არაფერ ნეგატიურზე ვილაპარაკო. არ მინდა ვილაპარაკო ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ნიჰილისტურ, განმაქიქებელ დამოკიდებულებაზე ექიმების მიმართ, რადგან ექიმების ღვაწლმა ეს ნიჰილიზმი გადაფარა და გაანულა. მათი შრომის შედეგები სახეზეა. ჩემთან სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში აღმოჩნდა უნიღბოდ ადამიანი, არაჩვეულებრივი ბიჭი. 10-15 წუთის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ გაეკეთებინა ნიღაბი და როგორც იქნა, გაიკეთა, მაგრამ დავინფიცირდი, მიუხედავად იმისა, რომ მე მეკეთა ნიღაბი. ნიღბის მნიშვნელობას ნუ უგულებელყოფთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ჩემს ოჯახში, ჩემთან მოსულ ადამიანებს, არცერთ მათგანს ჩემგან არ ერგოთ დაინფიცირება წილად. იმიტომ, რომ მე მუდმივად ნიღბით ვიმყოფებოდი. აუცილებლობის შეცნობა გვკარნახობს ზრდასრულ, გონიერ ადამიანებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა:

„მე აღმოვჩდნი არაჩვეულებრივ ექიმებთან. ​ვიყავი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მოღვაწეობს ბატონი ლევან რატიანი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მოღვაწეობს. ექიმები ყველანაირად აკეთებდნენ რას? ის კი არა, რომ მედიკამენტები შეერჩიათ, ეს ერთი თემაა, ლევან რატიანი რომ შემოდიოდა პალატაში, სიცოცხლე შემოჰქონდა. ასე იყო თითოეული ექიმი. იმისთვის, რომ კარგი ექიმი იყო, მხოლოდ განათლების მიღება და დიპლომის ჯიბეში ჩადება, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. თუ კარგი პიროვნება ხარ, კარგი ექიმი ხარ, კარგი პედაგოგი ხარ, კარგი ჟურნალისტი ხარ, კარგი მეზობელი ხარ.“

ნანა ჩაჩუა აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდის არ სჯერათ, ნევროტული შიში აქვთ:

„როდესაც ადამიანებს კოვიდის არსებობის არ სჯერათ, ეს არის შიში. შიში არის ნევროტული, მორალური და რეალური. როდესაც შიში ნევროტულია, რეალობიდან გარბიხარ. ეს ყველაზე ყოვლისმომცველი შიშია. ორსულებს მარტივად გადააქვთ ვირუსი, რადგან დედობრივი სიყვარული უპირობო სიყვარულია, ორსულ ქალს მომავლის პერსპექტივა აქვს, მას ყველა და ყველაფერი უყვარს. ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას ძველად ბატონებს ეძახდნენ და უმღეროდნენ. მე მინდა ვთხოვო ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ყველას, ვისთანაც შესაძლოა აღმოჩნდეს კოვიდის მომენტი, დატკბნენ. ​სითბო, სიტკბო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული. პალატაში რომ ვიყავი და ტელევიზიიდან დამირეკეს, ეგონათ, რომ ვხუმრობი, იქიდან ისეთი მხიარულების ხმები ისმოდა. ეს არის გადამწყვეტი.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ადამიანმა საკუთარი თავის სიყვარული არ უნდა დაკარგოს:

​ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის მნიშვნელობად გრძნობს, სამყაროს კეთილგანწყობილად აღიქვამს. ჩვენ როდესაც საკუთარი თავის მნიშვნელობას ვკარგავთ, ვკარგავთ ყველაფერს. ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი. ადამიანი არის უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური არსება. ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური. ერთ ფსიქოლოგიურ ამბავს მოგიყვებით. ორი კაცი ზის საკანში, პირველი ღამეა, საკანს გისოსები აქვს პატარა. იქიდან ჩანს ზეცა, რომელიც ვარსკვლავებითაა მოჭედილი. ამ ორი კაციდან ერთი ხედავს გისოსებს, მეორე ვარკვლავებით მოჭედილ ზეცას. სადაც უნდა იყო, რასაც უნდა აკეთებდე, მთავარია რას ხედავ. ადამიანებმა უნდა უყურონ საინფორმაციოებს, მიიღონ რეალობა, აიღონ პასუხისმგებლობა და ამ რეალობიდან ვარსკვლავები დაინახონ.“

„რეალობა არის ერთი, ის არ არის სხვადასხვანაირი. სინამდვილეს თვალი უნდა გაუსწორო. ილუზია კი არ უნდა შექმნა. აკრძალვას თუ აკრძალვას დავარქმევთ, მაშინ აკრძალვაა, მაგრამ თუ აუცილებლობას დავარქმევთ, მაშინ არა. ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ვიცავთ სიცოცხლეს. ხშირად ლაპარაკობენ: „ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა.“ მინდა ყველას გასაგებად ვთქვა, მომაკვდავი შვილის სარეცელთან დედა არაფერზე ფიქრობს, გარდა ერთისა, სიცოცხლეზე. ახლა არის სიცოცხლის დრო. ​ნუ მოკლავთ საკუთარ თავში ადამიანს. ადამიანი არის ერთადერთი არსება ამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს სიცოცხლეზე. შენ რომ ადამიანად გაჩნდი, შენ რომ ხარ ადამიანი, ერთადერთი არსება, რომელსაც მოგეთხოვება პასუხი სიცოცხლეზე, შენ უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა. ამას ვერ გაექცევი, ვერსად გაექცევი. ამიტომაც თქვა სარტრმა: „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით.“ ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ეს წყევლა,“ - აცხადებს ნანა ჩაჩუა.

წყარო: ​პოსტ ალიონი

წაიკითხეთ სრულად