Baby Bag

რამდენად ქმედითუნარიანია დედა ყავის გარეშე - 10 ხერხი, რომელიც დილას მარტივად გაღვიძებაში დაგეხმარებათ

რამდენად ქმედითუნარიანია დედა ყავის გარეშე - 10 ხერხი, რომელიც დილას მარტივად გაღვიძებაში დაგეხმარებათ
დილით გაღვიძება ბევრი დედისთვის რთული თავსატეხია, განსაკუთრებით მაშინ თუ ადრე ადგომა გიწევთ. დღეს შემოგთავაზებთ 10 ხერხს, რომელიც გაგიმარტივებთ ამ რთულ პროცესს და დღის ენერგიულად დაწყებაში დაგეხმარებათ.

ვარჯიში

თუ დილით ენერგიის ნაკლებობას უჩივით , დროა ვარჯიშს მიმართოთ. სწორად შერჩეული ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. დილით სეირნობა, ჩქარი ტემპით სიარული ან ფიტნესი საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ორგანიზმის რელაქსაციას. კარგი იქნება თუ არ დაივიწყებთ და წინა დღით დაგეგმავთ ფიზიკურ აქტივობას.

დალიეთ 1 ჭიქა წყალი დაძინებამდე

ერთ-ერთი საუკეთესო გზა ორგანიზმის ტონუსში მოსაყვანად საკმარისი წყლის მიღებაა. ყოველთვის შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ წყალი არასდროს არის ზედმეტი. დაძინებამდე წყლის დალევა ბუნებრივად მოითხოვს აბაზანას,ეს კი ძილის შეწყვეტის მაპროვოცირებელი ფაქტორია.

დაიძინეთ ადრე

ორგანიზმი ძალების აღდგენას ძილის მეშვეობით ახერხებს, სწორედ ამიტომ საერთო სისუსტის მიზეზი ხშირად არასაკმარისი ძილია. ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება თუ ადრე დაიძინებთ. ასე რომ , გვიანობამდე ფილმების ყურება არც ისე კარგი აზრია, თუ ადრე ადგომას აპირებთ. უმჯობესია, ორგანიზმს მისცეთ ბოლომდე დასვენების საშუალება, რაც დღის ენერგიულად დაწყების გარანტია.

აანთეთ შუქი გაღვიძებისას

თუ თქვენი მაღვიძარა 10 წუთში დარეკავს, თქვენ კი უკვე გაღვიძება მოასწარით, აანთეთ შუქი და ასე დაელოდეთ მაღვიძარის ხმას. სინათლე დაგეხმარებათ ძილის დაძლევაში , მაშინაც კი თუ დაღლილი ხართ. ასევე, ამ ხერხის დახმარებით, დღითიდღე გაიმარტივებთ გაღვიძება.

მიიღეთ შხაპი

შხაპის თბილი, სასიამოვნო წყალი დღის დაწყების საუკეთესო საშუალებაა. ეს დაგეხამრებათ სრულყოფილად გამოფხიზლებასა და ენერგიის მოკრებაში. თვლით, რომ საღმოს შხაპი უკეთესია? თუ ასეა, მხოლოდ ერთხელ სცადეთ დილით შხაპის მიღება და განსხვავებას თავად აღმოაჩენთ.

მოირგეთ სამსახურის ტანსაცმელი გაღვიძებისთანავე

სამსახურის ტანსაცმლის ჩაცმით თქვენი ტვინი იღებს სიგნალს, რომ ახალი დღე დაიწყო და სწრაფად მობილიზებაა საჭირო. გარდა ამისა, ტანისამოსის დაჭმუჭვნის შიშით ნამდვილად ვეღარ „მიეკარებით“ საწოლს, შესაბამისად ქრება ძილის სურვილი და ეს გეხმარებათ დღის ეფექტურად დაწყებაში.

მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას

საყვარელი მუსიკის მოსმენისას გამოიყოფა სიამოვნების ჰორმონი. დადებითი ემოციები, ამაღლებული განწყობა დღის დაწყების საუკეთესო ვარიანტია. ასეთ დროს, ხშირია ცეკვის სურვილიც. თუნდაც მხრების მსუბუქი მოძრაობა, ტანის ოდნავი რხევა ააქტიურებს ორგანიზმს და აღვიძებს უჯრედებს. ასე რომ, შეადგინეთ თქვენთვის ემოციურად შესაფერისი მუსიკები და ისაუზმეთ მათი თანხლებით.

უმჯობესია, თუ მაღვიძარას საწოლისგან მოშორებით მოათავსებთ

იმ შემთხვავაში თუ მაღვიძარის გამორთვას მძინარე მდგომარეობაში ისე ახერხებთ, რომ დილით არაფერი გახსოვთ, ეს ხერხი თქვენთვისაა! მოათავსეთ მაღვიძარა ისეთ ადგილას, რომ მისი გამორთვა ფეხზე ადგომის გარეშე ვერ შეძლოთ. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი გააანალიზებთ, რომ გამოფხიზლების და მომზადების დროა.

დაიბანეთ სახე

სახის დაბანა გამოფხიზლებასთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი უჯრედებისა და ბაქტერიების მოშორებას, რომლებიც თქვენს ბალიშზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობითაა. კარგი იქნება თუ სახეს ბუნებრივი საშუალებებით დაიბანთ და ამას ყოველდღიურ რუტინად იქცევთ.

ყავა

რამდენად ქმედითუნარიანია დედა ყავის გარეშე?! ყავის სასიამოვნო არომატი და გემო დამამშვიდებლად მოქმედებს. ხშირად 1 ფინჯანი ყავა არ არის საკმარისი, ამიტომ შეგიძლიათ ეს სიამოვნება 2 ან 3 ფინჯანითაც გაიხანგრძლივოთ. რაც არ უნდა იყოს, ყავა ხომ დღის დაწყების საუკეთესო ხერხი და ენერგიის სწრაფად აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.

მომზადებულია moms.com-ის მიხდვით.
ავტორი: მარიამ კვეტენაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

10 რამ, რაც დედებს აუცილებლად მოენატრებათ

10 რამ, რაც დედებს აუცილებლად მოენატრებათ

დედის ყოველდღიურობა ძალიან დამღლელი და შრომატევადია. დედები ხშირად ოცნებობენ საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფაზე, დასვენებასა და განტვირთვაზე. ადამიანები ყოველდღიურობაში ვიკარგებით და ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, რა სწრაფად გადის დრო. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, საკუთარ ცხოვრებას თავად იწყობენ და დამოუკიდებლები ხდებიან. დედების უმრავლესობა გარკვეული დროის შემდეგ სიყვარულით იხსენებს ყველა წვრილმანს ბავშვების ცხოვრებიდან, რომელიც ერთ დროს მათთვის ძალიან დამღლელი და რთული იყო. 

ჩვენს სტატიაში განვიხილავთ 10 რამეს, რაც მომავალში ყველა დედას ენატრება:

1. დედებს ენატრებათ პატარა ადამიანი, რომელიც გამუდმებით შენ ირგვლივ ბრუნავს, უკან დაგყვება, კალთაში გიხტება და მოსვენებას ერთი წამითაც არ გაძლევს.

2. დედებს ენატრებათ საათობით კითხვა ძილის წინ, ვიდრე ბავშვი ტკბილად არ ჩაიძინებს და შუაღამით გაღვიძებული შვილისთვის ჭიქა წყლის მიტანა, როდესაც თავად ქანცგაწყვეტილი ხარ.

3. ყველა დედას ენატრება აბაზანაში, სამზარეულოში, მისაღებში, საძინებელსა და სახლის კიბეებზე გაფანტული სათამაშოები.

4. დედებს ენატრებათ რძის, შოკოლადისა და გემრიელი ორცხობილების სურნელით გაჟღენთილი მანქანით მგზავრობა.

5. დედებს ენატრებათ მოთხუპნული პირისა და ცხვირის, შოკოლადიანი პატარა თითების გასუფთავება.

6. ყველა დედას ენატრება საქმის კეთების დროს გამუდმებული ძახილი: „მიყურე, მიყურე, ნახე, რას ვაკეთებ,“ რაც ერთ დროს მოსვენებას უკარგავდა და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობას ართმევდა.

7. დედებს ენატრებათ გვიან ღამით გაღვიძება თინეიჯერი შვილისა და სახლში სტუმრად მოსული მისი მეგობრების სიცილის ხმაზე.

8. ყველა დედას ენატრება ადაპტირებული რეცეპტებით კერძების მომზადება, ხახვის, პომიდვრისა და მწვანილების გარეშე მომზადებული საკვები წუნია შვილებისთვის.

9. დედებს ენატრებათ მაღაზიაში სიარული ტკბილეულზე უსაზღვროდ შეყვარებულ პატარებთან ერთად და გემრიელი შოკოლადებით ხელდამშვენებული ბავშვების ბედნიერი თვალების დანახვა.

10. დედებს ყველაზე მეტად ენატრებათ მოულოდნელი ჩახუტებები, სახლში დამზადებული, ფერადი ნახატებით მორთული მისალოცი ბარათები და ტკბილად ჩაძინებული შვილი მათსავე საძინებლებში ან სულ რაღაც ერთი ოთახის დაშორებით.

მართალია, დედობა მძიმე შრომას და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ის, რაც ყველა დედას უნდა გვახსოვდეს, შემდეგია: შვილებთან ერთად გატარებული დრო ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ დავტკბეთ ყველაფრით, რაც გვაქვს, ყველა იმ სიხარულითა და სირთულით, რაც დედობას ახლავს.

წყარო:​ imom.com

წაიკითხეთ სრულად