Baby Bag

​თამაშის მეშვეობით ჩვენი შვილები პიროვნულად იზრდებიან, ვითარდებიან და ჯანსაღდებიან

​თამაშის მეშვეობით ჩვენი შვილები პიროვნულად იზრდებიან, ვითარდებიან და ჯანსაღდებიან

თამაში ბავშვის ცხოვრებისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში უფროსების მხრიდან მისი მნიშვნელობა სათანადოდ არ  ​ფასდება ​თამაშის მეშვეობით  ჩვენი შვილები პიროვნულად იზრდებიან, ვითარდებიან და ჯანსაღდებიან.

ბავშვები თამაშით სწავლობენ

თამაშის დროს ბავშვები ძალიან ბევრ ახალ უნარს იძენენ. წარმოსახვით სასურსათო მაღაზიაში ისინი კოგნიტურ უნარებს ივითარებენ, ანგარიშობენ და პრობლემების გადაჭრას სწავლობენ. ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში კი მათ მოედანზე სირბილი და კუბიკების მეშვეობით პატარა სახლების შენება ეხმარებათ. სათამაშო დინოზავრებთან კომუნიკაციის დასამყარებლად მათ ლექსიკონის განახლება და მისი ახალი სიტყვებით შევსება ესაჭიროებათ. სოციალური უნარების განვითარებას კი მეგობრებთან ერთად წამოწყებული მრავალფეროვანი თამაშებით ახერხებენ.

თამაში ბავშვს ფიზიკურად აჯანსაღებს

თამაშის წყალობით ბავშვი ფიზიკურად ძლიერდება და ჯანსაღდება. თამაში წარმატებით ებრძვის ჭარბწონიანობის პრობლემას, რომელიც თანამედროვე ბავშვებში ძალიან გავრცელებულია.

თამაში სტრესს ამარცხებს

ბავშვის ემოციური ზრდის ხელშეწყობა თამაშის კიდევ ერთი ძლიერი მხარეა. მეგობრებთან ერთად წარმოსახვითი სამყაროების დალაშქვრა შფოთვას მნიშვნელოვნად ამცირებს. ბავშვები, რომლებიც ხშირად თამაშობენ, სტრესისგან მარტივად თავისუფლდებიან.

თამაშის მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს

თამაში ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და უბრალო აქტივობებისგან შედგება, თუმცა რეალურად ის საკმაოდ რთული და კომპლექსურია. თამაშის უამრავი სახესხვაობა გვხვდება. არსებობს სიმბოლისტური, სოციო-დრამატული, ფუნქციონალური და სხვა ტიპის თამაშები. თანამედროვე მკვლევარები თამაშის სხვა და სხვა ასპექტს სიღრმისეულად იკვლევენ. მათ აინტერესებთ, როგორ სწავლობენ ბავშვები მისი დახმარებით, როგორ მოქმედებს ბუნებაში თამაში ბავშვების ჯანმრთელობაზე, რა გავლენას ახდენს სასკოლო შესვენებების არსებობა ბავშვის ფსიქიკაზე და ა.შ.

გამონახეთ დრო თამაშისთვის

მშობლის უმთავრესი მოვალეობა შვილების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაა. თუ გსურთ თქვენმა შვილმა ენობრივი, კოგნიტური, ემოციური, სოციალური და ფიზიკური უნარების განვითარება სრულყოფილად შეძლოს, მას თამაშისთვის საკმარისი დრო უნდა მისცეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვი საკუთარი დროის დიდ ნაწილს სწორედ თამაშს უთმობდეს.

სწავლა და თამაში ერთმანეთისგან არ გამიჯნოთ

სწავლა და თამაში განცალკევებულ აქტივობებად არ უნდა აღვიქვათ, რადგან მათ შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთკავშირშია. სწავლა თამაშის გარეშე, ეს იგივეა, რაც ქიმიის ლექცია ლაბორატორიის გარეშე. თამაში თქვენი შვილის ლაბორატორიაა, სადაც ის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარებს იძენს.

თამაში ბუნებაში

ხშირად გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. აღმოაჩენთ, რომ საუკეთესო მოგონებები, რომელთა გახსენება ყველაზე მეტ სიხარულს განიჭებთ, საგარეო აქტივობებთან ასოცირდება. თოვლში ციგურაობა, ქვიშის კოშკების აგება, ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად სირბილი სწორედ ის აქტივობებია, რომელიც ნებისმიერ ბავშვს აბედნიერებს. მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა ბუნებაში თამაშით დატკბეს.

გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა თამაშის შესახებ

თამაშის შესახებ უამრავი ახალი კვლევა და ნაშრომი იწერება. ნუ დასჯერდებით იმას, რაც უკვე იცით. მუდმივად იზრუნეთ საკუთარი ცოდნის გაფართოებაზე. წაიკითხეთ მეტი თამაშის შესახებ, გაეცანით თანამედროვე ხედვებს და მათი პრაქტიკაში გამოყენება სცადეთ.

ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს

ბავშვობაში, ალბათ, ხშირად გითამაშიათ სპონტანური თამაშები. მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა დამოუკიდებლად ითამაშონ. ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს და ყველაფერს წინასწარ ნუ დაგეგმავთ. მალე დარწმუნდებით, რომ თქვენს შვილებს ძალიან მდიდარი წარმოსახვა აქვთ.

თამაში ბავშვს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას აძლევს

თამაშის დროს ბავშვი ბევრად დიდ მონდომებას ავლენს, ვიდრე საშინაო დავალების შესრულებისას. მას თამაში აძლევს ბევრად მეტ დროს და შესაძლებლობას, რათა კომპლექსურად განვითარდეს. წარმოსახვით რესტორანში თამაშისას, ბავშვი მენიუს ადგენს, იღებს შეკვეთებს, აწესებს ფასებს, ესაუბრება მომხმარებელს. ის სხვა და სხვა უნარს მხოლოდ ერთი თამაშის დახმარებით ივითარებს და ამ ყველაფერს დამოუკიდებლად, ყოველგვარი დახმარების გარეშე აკეთებს. სწორედ ამიტომ არის თამაში უნიკალური საშუალება ბავშვის თვითშეფასებისა და თავდაჯერების გაზრდისთვის. თუ გსურთ თქვენი შვილი დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანად გაიზარდოს, მიეცით მას თამაშის შესაძლებლობა.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები - 6 რჩევა ევგენი კომაროვსკისგან

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები - 6 რჩევა ევგენი კომაროვსკისგან

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს, რომელიც მათ შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ევგენი კომაროვსკის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

1. მოისმინეთ მეტი და ილაპარაკეთ ნაკლები

​ბავშვის სიტყვების ყურადღებით მოსმენა მას აგრძნობინებს, რომ ის გიყვართ და მას უსმენთ. გარდა ამისა, ეს ბავშვის საჭიროებების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

2. ემოციების მართვა ისწავლეთ

ზოგჯერ ბავშვებს თქვენი ისტერიკამდე მიყვანა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ ნერვული სისტემის მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. თქვენი ემოციური სტაბილურობა ბავშვის ემოციური სტაბილურობის გარანტია.

3. დააწესეთ საზღვრები

ბავშვს წესრიგი ესაჭიროება. როგორც კარგმა მშობელმა, ​აუცილებლად უნდა ასწავლოთ მას წესების მიყოლა, რათა მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

4. ბავშვებს უფლება მიეცით პატარებად დარჩნენ

ბავშვს უფლება მიეცით იყოს „უცნაური,“ აქტიური და ემოციური. დაე, დაუშვას შეცდომები. შემდეგ კი თქვენ აუხსენით, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში სწორად.

5. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ გამოცდილება შეიძინოს

ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქცევებს, შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. ეს მან თავად უნდა გაიგოს. 

6. ბავშვს სიყვარული გაუზიარეთ

თქვენი ურთიერთობა ბავშვთან მისი მომავალი ურთიერთობების განმსაზღვრელია. როგორ მოექცევა ის საკუთარ თავს, როგორ მოგექცევათ თქვენ, როგორ მოექცევა სხვებს - ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ყოველდღიურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს აჩვენოთ რას ნიშნავს სიყვარული და პატივისცემა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად