Baby Bag

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას
ბავშვებში დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობას მშობლები, როგორც წესი, არ ჩქარობენ, რადგან თვლიან, რომ მოზრდილობის ხანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ამ მხრივ საჩქარო არაფერია, თუმცა რაც უფრო ნაადრევ ასაკში ასწავლით თქვენს შვილებს ორ ფეხზე მყარად დგომას, მით უფრო დაეხმარებით დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანებად​ ჩამოყალიბებაში.

გამონახეთ დრო სწავლებისთვის

მცირეწლოვან შვილს მოზრდილი ადამიანის მსგავსად თუ მოექცევით, ის თავს მეტად თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად იგრძნობს. მიეცით თქვენს შვილს ახალ-ახალი დავალებები, თქვენს მაგალითზე ასწავლეთ, როგორ უნდა იქცეოდეს ზრდასრული ადამიანი. ზრდასრულობა მის პროფესიად უნდა აქციოთ. დავალებები, რომლებსაც თქვენს შვილს მისცემთ, თქვენთვის ძალიან მარტივად შესასრულებელი აქტივობა უნდა იყოს, რომელიც ბავშვისთვის მეტისმეტად რთული არ იქნება. ასწავლეთ ბავშვს საკუთარი სათამაშო სივრცის მოწესრიგება, თავისი ჭუჭყიანი ტანსაცმლის სპეციალურ ყუთში მოთავსება. შედარებით მოზრდილ ასაკში კი სასადილო მაგიდის მოწესრიგებას და საკუთარი ჭურჭლის გასუფთავებასაც უნდა მიაჩვიოთ.

ხაზი გაუსვით ბავშვის მიღწევებს

სწავლების პროცესში, შესაძლოა, თქვენთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ, მაგრამ ამის გამო ბავშვს ნუ გაკიცხავთ. ხაზი გაუსვით მის ნებისმიერ მიღწევას, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს. ასე ბავშვს წაახალისებთ და მას მოტივაციის გაზრდაში დაეხმარებით. შეაქეთ თქვენი შვილი, თუ ხილის წვენს დამოუკიდებლად ჩაასხამს ჭიქაში და თქვენი დახმარების გარეშე დალევს. თქვენგან დადებითი შეფასების მოსმენის შემდეგ ბავშვი საკუთარი თავისადმი მეტი ნდობითა და პატივისცემით განეწყობა.

მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების უფლება

დამოუკიდებლობა ადამიანს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევს. მშობელმა ბავშვს აუცილებლად უნდა აგრძნობინოს, რომ მას გადაწყვეტილების მიღება თავად შეუძლია. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რის მირთმევას ისურვებდა სადილად: ყველიანი მაკარონის თუ არაქისის კარაქისა და ჟელესი? ბავშვი ისეთი არჩევანის წინაშე უნდა დააყენოთ, რომ მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენთვის მისაღები იყოს.

ბავშვისთვის დახმარების გაწევა ყოველთვის აუცილებელი სულაც არ არის

არასდროს გაუკეთოთ ბავშვს ისეთი რამ, რისი გაკეთება მას დამოუკიდებლადაც შეუძლია. ნუ შეუკრავთ მას ფეხსაცმლის თასმებს და ნუ ჩააცმევთ ქურთუკს სახლიდან გასვლისას, თუ ის ამ ყველაფრის გაკეთებას თავადაც შეძლებს. თუ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაცმას ვერ ახერხებს, საქმის დაწყებაში დაეხმარეთ, შემდეგ კი ნება მიეცით ჩაცმის პროცესი თავად დაასრულოს. თუ დილით სახლიდან გასვლას ჩქარობთ და იძულებული ხართ ბავშვს ჩაცმაში დაეხმაროთ, ეცადეთ მაღვიძარა 15 წუთით ადრე დააყენოთ, რათა ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმისთვის საკმარისი დრო მისცეთ.

შეუქმენით ბავშვს კომფორტული გარემო

საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვას რომ მიაჩვიოთ, ბავშვისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთები ისეთ ადგილას უნდა დააწყოთ, სადაც მას ხელი მიუწვდება. თეფშები, ბავშვის საჭმელი, ჭიქა, წვენი ან წყალი ისეთ სიმაღლეზე უნდა დაალაგოთ, რომ ბავშვმა საჭმლის მირთმევა ან წყლის დალევა თქვენი დახმარების გარეშე შეძლოს. დააკვირდით მის ქცევას, ეცადეთ ყოველდღიურად გაახალისოთ გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. შეუქმენით მას მაქსიმალური კომფორტი, რათა თვითმომსახურება მარტივად შეძლოს.

იპოვეთ დადებითი უარყოფითში

თქვენი შვილის მიერ შეცდომების დაშვებას ტრაგედიად ნუ აქცევთ. შეცდომა პოზიტიურ მოვლენად უნდა აღიქვათ, რომელიც ბავშვს ახალი გამოცდილების შეძენაში ეხმარება. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი შეცდომის გამო გაკიცხოთ, ეცადეთ მასთან ერთად იპოვოთ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა. მიეცით თქვენს შვილს შეცდომების დაშვების უფლება. დამოუკიდებელ ადამიანებს შეცდომები არ აშინებთ.

ერიდეთ პერფექციონიზმს

არასდროს მოთხოვოთ ბავშვს თქვენ მიერ მიცემული დავალებები უნაკლოდ შეასრულოს. თუ ბავშვს პერფექციონისტული მოლოდინებით დატანჯავთ, ის მომავალში უარს იტყვის ახალი გამოწვევების მიღებაზე და უუნარო ადამიანად ჩამოყალიბდება, რომელსაც ყველაფერი აშინებს. თუ თქვენი შვილის მიღწევებით უკმაყოფილო ხართ, იმედგაცრუებას პირდაპირ ნუ გამოხატავთ. ეცადეთ ბავშვის შეცდომებს გაგებით მოეკიდოთ, რადგან მათი გამოსწორება გვიანი არასდროს არის. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

დედებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ერთდროულად სხვადასხვა საქმიანობის შესრულება, კარანტინი ახალ გამოწვევად იქცა. ერთ-ერთი მათგანია გვანცა ხადილაშვილი. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამავდროულად სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორი და ინგლისურის მასწავლებელია. მისი საქმიანობა ყოველდღიურად დიდ ენთუზიაზმსა და ენერგიას მოითხოვს. გვანცა აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციის პერიოდმა მისი საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა: ,,ონლაინ რეჟიმში, ბავშვებთან ერთად მუშაობა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნავს გვანცა. 

კითხვაზე თუ როგორ ასწრებს სამ შვილთან ერთად ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას გვპასუხობს: „დილით ბავშვები შედარებით გვიან იღვიძებენ, ამიტომ მაქვს შესაძლებლობა, რომ მათ საუზმე მშვიდად მოვუმზადო, შემდეგ მეწყება ონლაინ გაკვეთილები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როდესაც დედები დროის ნახევარს კომპიუტერთან ატარებენ, ეს ბავშვებს თრგუნავთ. ისინი ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ, ამიტომ ხანდახან შვილებთან ერთად ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. ისინი ასისტენტის როლს ასრულებენ. პატარებს ყოველთვის უხარიათ, როდესაც დიდების მსგავსად მუშაობენ“.

გვანცა აღნიშნავს, რომ ონლაინ გაკვეთილები გამოწვევაა, არა მარტო მისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც: „ბავშვები ძალიან იღლებიან ონლაინ კომუნიკაციისას. რთულია საგაკვეთილო პროცესის წარმართვა კომპიუტერისა და ტელეფონის საშუალებით. ისინი მონატრებული არიან მასწავლებელთან და მეგობრებთან ურთიერთობას. აუცილებელია ვეცადოთ, რომ ბავშვები ზედმეტი დავალებებით არ გადავტვირთოთ. რადგან სახლში არიან და მეტი დრო აქვთ, ეს არასწორი იქნება და მათ სტრესულ გარემოს შეუქმნის.''

კარანტინის პერიოდში ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან, ვერ ნახულობენ თანატოლებს, ამიტომ გვანცას აზრით: „მნიშვნელოვანია უფრო ხშირად ვითამაშოთ მათთან ერთად, ხშირად წავუკითხოთ ლექსები და მოთხრობები, ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ჩვენთან ერთად ამზადებენ საჭმელს და ერთად ვშლით სუფრას. თუ საჭიროა, უნდა გადავდოთ სახლის საქმეც და მეტი დრო დავუთმოთ შვილებს. მათთვის თვითიზოლაციის პერიოდი ისედაც რთულია და ვეცადოთ, რომ ყოველდღიურობა გავუფერადოთ. მათი ღიმილი და სიხარული მეხმარება უფრო მეტი ენთუზიაზმით შევასრულო ჩემი მოვალეობები“.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა კარანტინის პერიოდამდე მისი პროფესიული საქმიანობისა და დედის მოვალეობების ერთმანეთისთვის შეთავსებას გვპასუხობს: ,,მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა ფიქრის ნაცვლად, სჯობს იმოქმედო. ამ ყველაფრის გამკლავებაში მეხმარება ჩემი პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული და მონდომება. მიუხედავად იმისა რომ სამი შვილი გავაჩინე, არც ერთხელ არ ვყოფილვარ დეკრეტულ შვებულებაში, არ გამიცდენია საგაკვეთილო პროცესი და ტრენინგები. უნდა გახსოვდეს შენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ჩემი შვილები ყოველდღიურად მაძლევენ სტიმულს, რომ ამდენ საქმეს გავუმკლავდე. ასევე, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების გვერდში დგომა, ალბათ, ვერც შევძლებდი ამ ყველაფერს.“

კარანტინთან ეფექტურად გამკლავებისთვის გვანცა გვეუბნება, რომ: „მნიშვნელოვანია, დრო სწორად, პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილოთ. მოვალეობებს კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ, თუ ოჯახის წევრები გადაინაწილებენ ფუნქციებს. მთავარია, მოვინდომოთ და თვითიზოლაციას აუცილებლად გადავაქცევთ მხიარულ და ნაყოფიერ პერიოდად“.


ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

წაიკითხეთ სრულად