Baby Bag

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები ყვირილისა და მუქარის გარეშე

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები ყვირილისა და მუქარის გარეშე
არ არსებობს რაიმე მკაცრად განსაზღვრული წესი, რომელსაც ყველა მშობელი უნდა იცავდეს. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ახალ დღეს ახალი გამოცდილება მოაქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძალიან გამოცდილ მშობლებსაც კი კრიტიკულ სიტუაციებში უჭირთ ემოციების მოთოკვა და სიმშვიდის შენარჩუნება. ყვირილისა და მუქარის შედაგად ისევ მშობლები ზარალდებიან დანაშაულის შეგრძნების გამო. ეს არასასაიმოვნო შემთხვევები რომ თავიდან აირიდოთ, შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას.

დატოვეთ კონფლიქტური სიტუაცია

ბავშვების ცუდად მოქცევის გამო ბევრი მშობელი ბრზადება და კარგავს თავს. სამწუხაროდ, ლანძღვა და ყვირილი ცუდად აისახება როგორც ბავშვის, ისე თქვენს ფსიქიკაზე. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი სიტუაციისგან თავის გარიდებაა. დატოვეთ ბავშვი მარტო, გადაინაცვლეთ სხვა ოთახში და მოიმზადეთ ფინჯანი ყავა. ამრიგად, შეძლებთ სიტუაციის განეიტრალებას და მდგომარეობის მწყობრში მოყვანას.

მოაყოლეთ ბავშვებს მათ გრძნობებზე

ყველა ურთიერთობის გასაღები სწორად შერჩეული კომუნიკაციაა. თუ თქვენი პატარები მოწყენილი არიან კარგი იქნება თუ ალაპარაკებთ მათსავე გრძნობებზე. ხოლო როდესაც თქვენ იგრძნობთ თავს ცუდად, ასევე მოიქეცით - ელაპარაკეთ ბავშვებს თქვენს ემოციებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ამ ჟესტით აგრძნობინებთ რომ ცუდად ყოფნა სავსებით ნორმალურია და უარყოფითი ემოციებისგან დაცლა ყველა ასაკში საჭიროა.

გამოიყენეთ ბავშვის უარყოფითი ქცევა პოზიტიური ეფექტის შესაქმნელად

ბავშვის დასჯა, გარეთ გასვლის აკრძალვა, დატუქსვა ძალიან მარტივია. თუმცა ამის შემდეგ დაზარალებული კვლავ ბავშვი რჩება. ამიტომ, უნდა შეეცადოთ სწორად მომართოთ იგი ფსიქოლოგიურად. უპირველესად უნდა იფიქროთ, როგორც ბავშვმა, ამისათვის კი უნდა დაეშვათ მის დონემდე. მავნებლური ბუნება მეტნაკლებად ვლინდება ბავშვებში და ამაში ცუდი არაფერია. ღრმად ჩაისუნთქეთ და აუხსენით ბავშვებს, თუ რატომ არის მათი ქცევა მიუღებელი.

დაივიწყეთ მუქარა და ორიენტირდით შედეგზე

ბავშვებთან მიმართებით მუქარის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, უმჯობესია ესაუბროთ შედეგზე ან ცალსახად აჩვენოთ იგი. მაგალითად, თუ თქვენი პატარა არ აძლევს თანატოლს თავისი სათამოშოს გამოყენების უფლებას, აუხსენით მას, რომ თუ სათამაშოს სხვასაც ათხოვებს ის ზრუნვას გამოავლენს, რაც კარგი თვისებაა. თუ ბავშვი მაინც იმავე აზრზე დარჩება, ჩამოართვით სათამაშო და ამ გზით მიეცით უფლება გაიაზროს დანაშაული.

თუ პატარას უყვირებთ, ითხოვეთ პატიება

იდეალური არავინაა. ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ ყვირილი სავსებით ადამიანური თვისებაა და მას გამოსწორება სჭირდება. ამიტომ მოუხადეთ პატარებს ბოდიში და უთხარით, რომ სწუხართ მომხდარის გამო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ეპატიებათ ცუდად მოქცევა. გახსოვდეთ, რომ ბავშვები ზედმიწევნით ემსგავსებიან მშობლებს და მოექეცით მათ ისე, როგორც გინდათ, რომ იქცეოდნენ ისინი.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით

ავტორი: მარიამ კვეტენაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ოჯახში არსებულ კონფლიქტში ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების ჩარევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„შანსები შეიძლება ნათესავების დახმარებაშიც იყოს. ცალმხრივი მიდგომაა, რომ ვიღაცას ვერ შველის მეგობრის რჩევა. ერთი უკიდურესობაა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არის ისეთი დისტანცირება, რომ ფორმალური ღიმილის იქით ურთიერთობა აღარ მიდის. ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ. შეიძლება ამან ისეთი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს ადამიანის, რომ სჯობდა საერთოდ არ ჩარეულიყო.“

„პრინციპი „არ ავნო“ ფსიქოთერაპიაში ამოსავალია. ამიტომაა აქ საჭირო კვალიფიკაცია. ყველა მეზობელი და მეგობარი რომ ფსიქოთერაპევტი იყოს დაბადებიდან, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა ამის მოთხოვნა. როდესაც ადამიანები ვერ გრძნობენ ტაქტს და უფრო შორს მიდიან ვიდრე მათ ეს ევალებათ, პასუხისმგებლობა არის მასზე, ვინც აძლევს მას ამის უფლებას. სრულიად თავისუფლად შეიძლება ღიმილით და კეთილგანწყობით ვუთხრათ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და თუ შეიძლება, ნუ ჩაერევი, იმიტომ, რომ მე ამას განვიცდი, არ მაქვს ამის სურვილი, რომ ვინმემ განიხილოს ეს თემა,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საქართველოს პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად