Baby Bag

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის გონივრულად ხარჯვა

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის გონივრულად ხარჯვა

საკრედიტო ბარათებით, ონლაინ ბანკებით და საგადასახადო კოდექსებით დატვირთულ სამყაროში ფულის რაციონალურად გამოყენება ყველა ადამიანს უნდა ​შეეძლოს. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში გათვითცნობიერება არ სჭირდება, რადგან ამისთვის ჯერ კიდევ პატარაა. ფინანსისტები კი მშობლებს ურჩევენ, რომ შვილებს ფულის გონივრულად ხარჯვა და გამოყენება ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ. ჩვენს სტატიაში გთავაზობთ საინტერესო რჩევებს, რომელთა დახმარებით შვილებს საბაზისო ფინანსურ და ეკონომიკურ განათლებას მისცემთ.

ფული ბავშვისთვის უხილავი არ უნდა იყოს

ფეხბურთის თამაში რომ ისწავლოთ, პრაქტიკა აუცილებლად გჭირდებათ. წარმოიდგინეთ, რომ აღნიშნულ სპორტს მხოლოდ თეორიულად იცნობთ, შემდეგ კი სტადიონზე გადიხართ და თამაშს იწყებთ. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არაფერი გამოგივათ. ფეხბურთის თამაში და მის შესახებ თეორიული ცოდნის მიღება ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აქტია. მშობლებმა ბავშვების წინ საკუთარი ფინანსების შესახებ ღიად უნდა ისაუბრონ, მათი თანდასწრებით განიხილონ ოჯახის ბიუჯეტი და გადაჭრან ფინანსური პრობლემები. მათ ბავშვებს უნდა აუხსნან, რომ საკრედიტო ბარათი ფინანსების ამოუწურავი წყარო არ არის და მისი გონივრული გამოყენება ყველამ უნდა იცოდეს. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს ერთმანეთისგან განასხვაოს საჭიროებები და სურვილები. მან უნდა იცოდეს, რა სჭირდება ადამიანს აუცილებლად ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

მიეცით ბავშვს მცირედი ფული, რომლის განკარგვას დამოუკიდებლადაც შეძლებს

ბავშვის ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერება თუ გსურთ, მას ფულთან ურთიერთობა უნდა ასწავლოთ. მსგავს შემთხვევებში ნაღდი ფული გამოიყენეთ, რადგან ის საკრედიტო ბარათთან შედარებით ბევრად პრაქტიკულია, ამასთან ბავშვი თავისი თვალით დაინახავს, რომ როდესაც რაიმეს შეიძენს, ფული ერთ წუთში გაქრება. მიეცით ბავშვს საშუალება მაღაზიაში დამოუკიდებლად შევიდეს და სასურველი ნივთები ან ტკბილეული შეიძინოს. უმჯობესია, თუ მას ფულის გამომუშავებასაც ადრეული ასაკიდანვე ასწავლით. მიეცით სახლში რაიმე დავალება, რომლის შესრულების შემთხვევაში მცირედი ფულადი ჯილდო დაუწესეთ.

არ დააბნიოთ ბავშვი ფინანსური ლექსიკის ხშირი გამოყენებით

ბავშვთან ფულზე საუბრისას მისთვის გასაგები ენა უნდა გამოიყენოთ. თუ მას საგადასახადო კოდექსისა და მსგავსი რთული საკითხების შესახებ დაუწყებთ საუბარს, ის ვერაფერს გაიგებს. ფინანსურ ტერმინებში გასარკვევად ბავშვთან ერთად უყურეთ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, მოუსმინეთ სიმღერებს. თუ ტელევიზორის ყურებისას ბავშვი რაიმე გაურკვეველ ფრაზას გაიგონებს, ის აუცილებლად დაგისვამთ კითხვას, თქვენ მიერ გაცემულ პასუხს კი სამუდამოდ დაიმახსოვრებს. უმჯობესია, თუ დაინტერესება ბავშვისგან წამოვა. ნუ მოახვევთ მას თავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მისთვის საინტერესო არ არის. ფინანსისტები თვლიან, რომ ბავშვს გარკვეული ეკონომიკური იდეები ადრეული ასაკიდანვე უნდა მიაწოდოთ. მან უნდა იცოდეს, რომ ფული მის ცხოვრებაში სამომავლოდ დიდ როლს ითამაშებს. ბავშვის დასაინტერესებლად მასთან საუბრისას მეტი სითამამე გამოიჩინეთ. ესაუბრეთ მას მეწარმეობაზე, მიაწოდეთ ცნობები სტარტაპებისა და ინვესტიციების შესახებ, ასე მას უფრო მოტივირებულ და ცნობისმოყვარე ადამიანად ჩამოაყალიბებთ.

აუხსენით ბავშვს, რომ ფული სხვების დასახმარებლად ძლიერ იარაღს წარმოადგენს

ფულზე საუბრისას აუცილებლად განუმარტეთ ბავშვს, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვებთან შედარებით მეტი პრივილეგიებით სარგებლობს. აღნიშნული პრივილეგიები ადამიანმა სწორად უნდა გამოიყენოს. ასწავლეთ თქვენს შვილს მეტი ქველმოქმედების შესახებ. მან უნდა იცოდეს, რომ ფულის დაზოგვა მხოლოდ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად არ სჭირდება, ფული სხვების დასახმარებლადაც უნდა გამოიყენოს. მას არ უნდა დაენანოს საკუთარი ფინანსების სხვებისთვის გაზიარება. ბავშვში თანაგრძნობის უნარის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ. თუ გსურთ თქვენი შვილი მომავალი გამოწვევებისთვის მზად იყოს, ასწავლეთ მას ფულის სიფრთხილით გამოყენება, მისი რაციონალური ხარჯვა და სხვა ადამიანების გასაჭირის გაზიარება.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვმართოთ ბინაზე Covid-19 დადებითი ბავშვები

როგორ ვმართოთ ბინაზე Covid-19 დადებითი ბავშვები
როგორ ვმართოთ ბინაზე Covid-19 დადებითი ბავშვები - აღნიშნულ თემაზე ექიმი ნანა სხილაძე წერს. გთავზობთ მის პ​ოსტს უცვლელად:

CDC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვაწვდის ინფორმაციას , თუ როგორ უნდა დავაკვირდეთ და შეგვეძლოს სიტუაციის სწორად შეფასება ბავშვებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდ 19 ვირუსი მაგრამ მსუბუქი სიმპტომების გამო ექვემდებარებიან სახლში მკურნალობას რაც თავის მხრივ მოიცავს იზოლაციასაც!

ეს სიმპტომებია:

♦️ ცხელება - რომელიც ექვემდებარება მედიკამენტების მოქმედებას.
♦️ ხველა - მაგრამ არა სპაზმური რომელსაც ვერ ვხსნით.
♦️ ფარინგიტი - ხასიათდება მწვავედ განვითარებული ყელის ტკივილით; ცხვირის გაჭედვით.
♦️ ლარინგიტი -. მწვავე ლარინგიტის დროს ავადმყოფს აქვს ყელში ჩახეხვის, სიმშრალის შეგრძნება.
♦️ რინიტის- ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება - ახასიათებს ჭარბი ექსუდატის გამოყოფა ცხვირიდან.
♦️ უმადობა და სისუსტე მაგრამ მიღებულ საკვებს ითვისებს. არ აღენიშნება მრავალჯერადი ღებინება.
♦️ გემოსა და სუნის დაკარგვა და სხვა.

P.S რათქმაუნდა ამ ჩამონათვალში არ შედის ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები ‼️(ასთმა, თირკმლის უკმარისობა , გულის ქრონიკული უკმარისობა და ა.შ.) ასეთი პაციენტის ბინაზე მკურნალობა დიდი რისკია საჭიროა სიფრთხილე და მუდმივი მეთვალყურეობა❗

სიმპტომური მკურნალობა ბინაზე მკურნალობის პირობებში (რათქმაუნდა ექიმთან მუდმივი კომუნიკაციასთან ერთად) მსგავსია სხვა რესპირატორული დაავადებების.

მაგალითად: მივაღებინოთ ბავშვს დღის განმავლობაში ბევრი სითხე!

♦️ ჯანსაღი საკვები ყველანაირი ხილი და ბოსტნეული!
♦️ რძე და რძის პროდუქტები
♦️ ზღვის პროდუქტები
♦️ აუცილებელია ფიზიკური აქტივობა! (თამაში ვარჯიში)
♦️ სუფთა ჰაერზე გასეირნება! კერძო სახლის შემთხვევაში! ან ოთახის ხშირი განიავება!

არ მისცეთ უფლება ბავშვს მთელი დღით იყოს უმოძრაოდ ( კომპიუტერთან ჯდომა ტელეფონი ტელევიზორი) შეამცირეთ მაქსიმალურად!

დაიმახსოვრეთ!

მედიკამენტოზური მკურნალობის თვითნებურად დაწყება (სიცხი დამწევი პრეპარატის. ტკივილგამაყუჩებელის გარდა) დანაშაულია‼️ ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება ‼️‼️

მშობლები ხშირად ასმევენ პატარებს დექსამეტაზონს, რაც ყოვლად დაუშვებელია მითუმეტეს კოვიდთან მიმართებაში! ‼️მას მხოლოდ ექიმი დანიშნავს საჭიროებისას.

შეგვიძლია მივცეთ D ვიტამინიმ რომლის როლი კოვიდთან მიმართებაში დიდია . მონაცემები აჩვენებს რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში, კოვიდ ინფექცია უფრო რთულად მიმდინარეობდა ვიდრე იქ, სადაც მისი დეფიციტი არ იყო. 

ხშირად :

გაუზომეთ ტემპერატურა! არ მისცეთ სიცხის დამწევი პრეპარატი 38.5 მდე !
დაუთვალეთ ძილში სუნთქვა ! ბავშვების სუნთქვის სიხშირე ასაკთან ერთად იცვლება.

ახალშობილის სუნთქვა: წუთში - 40-60
0-3 თვე : 35-40 წუთში
4-12 თვემდე : 35
1-3 წლამდე 25-30
5 წლის : 25
10 წლის : 20
15 წლის - 18
მოზარდი - 16

♦️ თუ გაქვთ სატურატორი (პულსოქსიმეტრი) გაუზომეთ ჟანგბადის შემცველობა თუ შეატყობთ ქოშინს. ნორმა (92% დან 99%) უფრო დაბალი სატურაცია ჰიპოქსიის მანიშნებელია და აუცილებლად მიმართეთ კლინიკას! სატურატორის არ ქონის შემთხვევაში შეაფასეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. სუნთქვის გაძნელება ხომ არ აქვს ციანოზი (სილურჯე) ხომ არ აღენიშნება . როგორ ხასიათზეა.
♦️ ერთ-ერთი სიმპტომი, რაც ბავშვებში ხშირად ვლინდება ფაღარათია. დიარეის დროს სითხესთან ერთად ელექტროლიტებსაც კარგავენ რაც უნდა შეივსოს აუცილებლად ბევრ სითხესთან ერთად პირობითად ჰუმანას ელექტროლიტებით რომ არ მოხდეს გაუწყლოება!

საყურადღებო და მეტ ნაკლებად საგანგაშო სიმპტომებია:

♦️ ქოშინი
♦️ ტუჩების გარშემო სილურჯე (ციანოზი)
♦️ ცენტრალური ციანოზი!!!
♦️ კანის აჭრელება !
♦️ სუნთქვის გაძნელება
♦️ დაბნეულობა
♦️ შარდის შემცირება ან არარსებობა 24 საათში !
♦️ გულისცემის აჩქარება !

P.S გულისცემის სიხშირე ასაკთან ერთად იცვლება:

მოსვენებულ მდგომარეობაში:
ახალშობილი წუთში: 135-140
1 წლის : 120-125
2წლის : 110-115
3-4 წლის წუთში : 80-120
5-6 წლის : 75-110
7-9 წლის : 70-110
10 - 16 წლის: 60-100

მნიშვნელოვანია რომ კოვიდ 19 ასოცირებული სიკვდილიანობის 33 % მოდიოდა სახლში დამძიმებულ და კლინიკაში დაგვიანებით შეყვანილ პაციენტებში. 
ამიტომ ვიყოთ ყურადღებით და ყველაფერი კარგად იქნება!

ჯანმრთელობას გისურვებთ !

ნ.სხილაძე


წაიკითხეთ სრულად