Baby Bag

ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან დიდ დროს ატარებენ, საბავშვო ბაღთან ადაპტაცია უჭირთ

ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან დიდ დროს ატარებენ, საბავშვო ბაღთან ადაპტაცია  უჭირთ

უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება უარყოფითად აისახება ბავშვის სოციალურ-ემოციური და კოგნიტური უნარების ​განვითარებაზე. პატარები, რომლებიც ეკრანს არიან მიჯაჭვულები, ახალ სოციალურ გარემოში მოხვედრისას იბნევიან. მათ სასკოლო ასაკისთვის საჭირო მათემატიკური და ვერბალური უნარებიც არ გააჩნიათ, რაც ბავშვის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

მშობლები ხშირად ბავშვს დამშვიდების მიზნით, ეკრანთან დიდხანს ჯდომის ნებას რთავენ, რაც არასწორია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდი დროის გატარება პატარებს სიმსუქნის განვითარების რისკებს უქმნის და სხვა უამრავი პრობლემის მიზეზადაც იქცევა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის უახლესი კვლევებით კი დასტურდება, რომ ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან დიდ დროს ატარებენ, საბავშვო ბაღთან ან სკოლასთან ადაპტაცია ძალიან უჭირთ.

კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ დღის მანძილზე Youtube-ის არხების რამდენიმესაათიანი ყურება, ბავშვებს სოციალურ უნარებს უქვეითებს და ისინი საბავშვო ბაღისთვის დაბალ მზაობას ავლენენ. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა ამ მხრივ დაბალშემოსავლიან ოჯახებში გაზრდილ პატარებს ჰქონდათ.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის უახლესი რეკომენდაციების მიხედვით, 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს დღის მანძილზე ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანთან მხოლოდ 1 საათის გატარების უფლება უნდა მივცეთ. როგორც წესი, მსგავსი ტიპის რეკომენდაციების გათვალისწინება მშობლებს ძალიან უძნელდებათ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, პატარებს ინტერნეტთან და ტელევიზიასთან მარტივი წვდომა აქვთ. მშობლებს ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუ რამდენ დროს ატარებენ მათი შვილები სმარტფონების ან პლანშეტების ეკრანებთან.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 807 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მონაწილეობდა. პატარები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. მკვლევრები არ დაინტერესებულან, თუ რა დროს უთმობდნენ ბავშვები სმარტფონებს ან ვიდეო თამაშებს. აღნიშნული კვლევა მხოლოდ ბავშვების მიერ ტელევიზორის ეკრანთან დახარჯულ დროს აღრიცხავდა. კვლევის მონაწილეებს სოციალურ-ემოციური კომპეტენციები, კოგნიტური მოქნილობა, მოთმინებისა და თავშეკავების უნარები შეუმოწმეს. გარდა ამისა, ბაღის აღსაზრდელები სასკოლო მზაობის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვითაც შეფასდნენ. მკვლევრები დაინტერესდნენ, თუ რამდენად ჰქონდათ განვითარებული პატარებს მათემატიკური და ვერბალური უნარ-ჩვევები.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მაღალშემოსავლიან ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს ტელევიზორთან დიდი დროის გატარების მიუხედავად, მაღალი სასკოლო მზაობა ჰქონდათ, რადგან, როგორც წესი, ისინი ტელევიზორს მშობლებთან ერთად უყურებდნენ. მშობლები ბავშვებს უმეტესად საგანმანათლებლო პროგრამებსა და არხებს აყურებინებდნენ, რაც მათ განვითარებაზე დადებითად აისახებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელევიზორის ეკრანთან დიდი დროის გატარება ბავშვების ვერბალურ უნარ-ჩვევებზე უარყოფითად არ ზემოქმედებდა, თუმცა მათემატიკურ უნარებს მნიშვნელოვნად აქვეითებდა, რადგან საბავშვო არხები უმეტესწილად ლექსიკური მარაგის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და მათემატიკურ უნარ-ჩვევებს ყურადღებას ნაკლებად უთმობენ.

კვლევის საბოლოო შედეგებით დადასტურდა, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება ბავშვს სწავლის უნარს მნიშვნელოვნად უქვეითებს და მას სოციალურად პასიურს ხდის, რის გამოც, პატარას საბავშვო ბაღთან ადაპტაცია უძნელდება. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, მშობლებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოავლინონ, რათა პატარებს ეკრანთან გატარებული დრო მკაცრად გაუკონტროლონ და სათანადო შეზღუდვები დაუწესონ. 

მომზადებულია ​parents.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ