Baby Bag

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?
შფოთვის, დაუცველობის შეგრძნების და შიშის განცდის გამო ბავშვებს მარტო დაძინება ხშირად ძალიან უძნელდებათ, რის გამოც ისინი მშობლებთან ძილს არჩევენ და საკუთარ საძინებელში დარჩენა ​არ სურთ. თუ თქვენს შვილსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სპეციალური სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს შფოთვისა და შიშის დაძლევაში დაეხმარებით.

ღამით ბავშვის ოთახში სიჩუმე და სიმშვიდე უნდა სუფევდეს

ბავშვის საძინებელი კომპიუტერის, ტელევიზორის, სმარტფონების და ელექტრონული მოწყობილობებისგან უნდა გაათავისუფლოთ. პატარას ოთახში ძილისთვის ხელსაყრელი და კომფორტული ატმოსფერო უნდა შექმნათ. კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის გამოსხივება ბავშვს ჩაძინებაში ხელს შეუშლის. თქვენს შვილს ღამით ოთახს მხოლოდ ნათურის სუსტი შუქი უნდა უნათებდეს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიბნელეში დაძინება აშინებს.

ბავშვი ძილის წინ ჩასატარებელ ჰიგიენურ პროცედურებს უნდა მიაჩვიოთ

თბილი აბაზანის მიღება, ღამის პერანგის ჩაცმა, კბილების გახეხვა და ძილის წინ ზღაპრების კითხვა ყოველდღიურ რუტინად უნდა აქციოთ. ჰიგიენური პროცედურების რეგულარულად ჩატარება ბავშვს ძილისადმი უფრო დადებითად განაწყობს, ამასთან ის თავს მეტად დაცულად და უსაფრთხოდაც იგრძნობს. აღნიშნული რუტინა ბავშვს შფოთვის დაძლევაში ეხმარება. პატარები, რომლებიც ძილის წინ ჰიგიენურ პროცედურებს რეგულარულად იტარებენ, ჩაძინებას მარტივად ახერხებენ.

ბავშვის ოთახში დიდხანს ნუ დარჩებით

ბავშვის საძინებელი იქამდე უნდა დატოვოთ, ვიდრე მას ჩაეძინება. პატარა თქვენზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მან დაძინება თქვენს გარეშე უნდა შეძლოს. თუ ბავშვი მარტო დარჩენაზე უარს აცხადებს, მის საწოლზე ნუ ჩამოჯდებით, ნუ ეცდებით პატარას გართობას. ეცადეთ ბავშვის საწოლისგან მოშორებით დადგეთ. ყოველდღიურად თქვენსა და ბავშვს შორის არსებული მანძილი ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ, რათა პატარა დამოუკიდებლად ჩაძინებას მიეჩვიოს.

ბავშვი ოთახში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს

მარტო დარჩენილი პატარა საძინებელში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. „საშინელმა მონსტრებმა“ და „მოჩვენებებმა“ მისი დაშინება რომ ვერ შეძლონ, ბავშვს საწოლში საყვარელი სათამაშო ჩაუწვინეთ, რათა თავი მარტოდ არ იგრძნოს.

იყავით თანმიმდევრული და პრინციპული

თუ თქვენი შვილი შუაღამით საძინებელში შემოდის და თქვენს საწოლში დაწოლას ითხოვს, ის თავის ოთახში უნდა დააბრუნოთ. გზად ბავშვის გართობას ნუ შეეცდებით. დაამშვიდეთ პატარა და თავის საწოლში ჩააწვინეთ. აუცილებელია, რომ მის თხოვნას ყოველთვის ამგვარი ქცევით უპასუხოთ. თუ ბავშვს ერთხელ მაინც მისცემთ ნებას, რომ თქვენს საწოლში დარჩეს, ის თავის ოთახში დაბრუნებას აღარ მოისურვებს.

ბავშვი კარგი ქცევისთვის ხშირად დაასაჩუქრეთ


თუ პატარა ღამით ტირის და არ იძინებს, მის ამგვარ ქცევას ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ის მარტო დაძინებაზე უარს არ ამბობს და თავის საძინებელში რჩება, მეორე დღეს საყვარელი ტკბილეულით დაასაჩუქრეთ. ბავშვი გააცნობიერებს, რომ მის სიმამაცეს მშობლების მხრიდან სათანადო ჯილდო და აღიარება მოყვება. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა კლავს! პირიქით, ის გამოიყენება როგორც სადეზინტოქსიკაციო და მასტიმულირებელი საშუალება'' - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

,,მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა კლავს! პირიქით, ის გამოიყენება როგორც სადეზინტოქსიკაციო და მასტიმულირებელი საშუალება'' - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში კოკა-კოლის შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

„ექიმო, Coca-Cola-ს ვასმევ ბავშვს, მაგრამ ჰელმინტები (ჭიები) მაინც ჰყავს. სრული სერიზულობით მეკითხება ერთი ძალიან საყვარელი დედიკო. პროპაგანდას არ ვუწევ ამ ჩემთვის საყვარელ სასმელს, მაგრამ ვერც მის წინააღმდეგ წავალ ვერავითარ შემთხვევაში, ვერც იმას გეტყვით, რომ გახეხეთ უნიტაზები, კაფელი, მეტლახი, მოაცილებს ჟანგს, განკურნავს ნებისმიერ დაავადებას, დაგვიბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს... მაგრამ მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა კლავს!!! პირიქით, ის გამოიყენება როგორც სადეზინტოქსიკაციო და მასტიმულირებელი საშუალება!!! უბრალოდ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, კოკა-კოლას 0,33 ლ ბოთლი, შეიცავს 35 გრ. შაქარს, რაც დღე-ღამიური ნორმის 70%-ს შეადგენს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნით შაქრის ეს რაოდენობა უახლოეს მომავალში 2-ჯერ უნდა შემცირდეს, რადგან სარისკოა სიმსუქნის განვითარებისთვის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს წარმოადგენს. კოკა-კოლას ისეთივე აკრძალვები აქვს, როგორც ზოგადად სხვა გაზიან სასელებს და არ არის მისი დიდი რაოდენობით მოხმარება რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ქრ ქოლეცისტიტი და ა.შ.) ისე, რომ ზომიერების დაცვა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია! ბავშვებს ნუ დაალევინებთ 3 წლამდე ასაკადე!! თქვენ კი დაიცავით ზომიერება ჩემო ძვირფასებო! კოკა-კოლა წარმოებულია The Coca-Cola Company-ის მიერ, წარმოშობა---აშშ,იწარმოება 1886 წლიდან!! 2005-2015 წლებში Interbrend-ის რეიტინგის მიხედვით მიჩნეული იყო, ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად!!! კოკა-კოლა არ კლავს, მაგრამ არც სიცოცხლეს ახანგრძლივებს!!! ვისაც გიყვართ მიირთვით, ზომიერების დაცვით,“ - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი. 



წაიკითხეთ სრულად