Baby Bag

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?
შფოთვის, დაუცველობის შეგრძნების და შიშის განცდის გამო ბავშვებს მარტო დაძინება ხშირად ძალიან უძნელდებათ, რის გამოც ისინი მშობლებთან ძილს არჩევენ და საკუთარ საძინებელში დარჩენა ​არ სურთ. თუ თქვენს შვილსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სპეციალური სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს შფოთვისა და შიშის დაძლევაში დაეხმარებით.

ღამით ბავშვის ოთახში სიჩუმე და სიმშვიდე უნდა სუფევდეს

ბავშვის საძინებელი კომპიუტერის, ტელევიზორის, სმარტფონების და ელექტრონული მოწყობილობებისგან უნდა გაათავისუფლოთ. პატარას ოთახში ძილისთვის ხელსაყრელი და კომფორტული ატმოსფერო უნდა შექმნათ. კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის გამოსხივება ბავშვს ჩაძინებაში ხელს შეუშლის. თქვენს შვილს ღამით ოთახს მხოლოდ ნათურის სუსტი შუქი უნდა უნათებდეს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიბნელეში დაძინება აშინებს.

ბავშვი ძილის წინ ჩასატარებელ ჰიგიენურ პროცედურებს უნდა მიაჩვიოთ

თბილი აბაზანის მიღება, ღამის პერანგის ჩაცმა, კბილების გახეხვა და ძილის წინ ზღაპრების კითხვა ყოველდღიურ რუტინად უნდა აქციოთ. ჰიგიენური პროცედურების რეგულარულად ჩატარება ბავშვს ძილისადმი უფრო დადებითად განაწყობს, ამასთან ის თავს მეტად დაცულად და უსაფრთხოდაც იგრძნობს. აღნიშნული რუტინა ბავშვს შფოთვის დაძლევაში ეხმარება. პატარები, რომლებიც ძილის წინ ჰიგიენურ პროცედურებს რეგულარულად იტარებენ, ჩაძინებას მარტივად ახერხებენ.

ბავშვის ოთახში დიდხანს ნუ დარჩებით

ბავშვის საძინებელი იქამდე უნდა დატოვოთ, ვიდრე მას ჩაეძინება. პატარა თქვენზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მან დაძინება თქვენს გარეშე უნდა შეძლოს. თუ ბავშვი მარტო დარჩენაზე უარს აცხადებს, მის საწოლზე ნუ ჩამოჯდებით, ნუ ეცდებით პატარას გართობას. ეცადეთ ბავშვის საწოლისგან მოშორებით დადგეთ. ყოველდღიურად თქვენსა და ბავშვს შორის არსებული მანძილი ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ, რათა პატარა დამოუკიდებლად ჩაძინებას მიეჩვიოს.

ბავშვი ოთახში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს

მარტო დარჩენილი პატარა საძინებელში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. „საშინელმა მონსტრებმა“ და „მოჩვენებებმა“ მისი დაშინება რომ ვერ შეძლონ, ბავშვს საწოლში საყვარელი სათამაშო ჩაუწვინეთ, რათა თავი მარტოდ არ იგრძნოს.

იყავით თანმიმდევრული და პრინციპული

თუ თქვენი შვილი შუაღამით საძინებელში შემოდის და თქვენს საწოლში დაწოლას ითხოვს, ის თავის ოთახში უნდა დააბრუნოთ. გზად ბავშვის გართობას ნუ შეეცდებით. დაამშვიდეთ პატარა და თავის საწოლში ჩააწვინეთ. აუცილებელია, რომ მის თხოვნას ყოველთვის ამგვარი ქცევით უპასუხოთ. თუ ბავშვს ერთხელ მაინც მისცემთ ნებას, რომ თქვენს საწოლში დარჩეს, ის თავის ოთახში დაბრუნებას აღარ მოისურვებს.

ბავშვი კარგი ქცევისთვის ხშირად დაასაჩუქრეთ


თუ პატარა ღამით ტირის და არ იძინებს, მის ამგვარ ქცევას ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ის მარტო დაძინებაზე უარს არ ამბობს და თავის საძინებელში რჩება, მეორე დღეს საყვარელი ტკბილეულით დაასაჩუქრეთ. ბავშვი გააცნობიერებს, რომ მის სიმამაცეს მშობლების მხრიდან სათანადო ჯილდო და აღიარება მოყვება. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება
ყველა ადამიანი ტრავმას პასუხობს საკუთარი ინდივიდუალური გზებით.

როგორ ესმით ბავშვებს საფრთხე, საშიშროება?

  1. სკოლამდელი ასაკის ბავშვები: პატარა ასაკის ბავშვებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ რეაგირებენ და უმკლავდებიან მოზრდილები, განსაკუთრებით კი მათი მშობლები, სტრესულ სიტუაციებს. მშობლებს ისინი მათ მთავარ დამცველებად აღიქვამენ.
  2. სკოლის ასაკის ბავშვები: ამ ასაკის ბავშვები უფრო მეტ რამეს აკეთებენ დამოუკიდებლად. სტრესის დროს მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ გააგრძელონ მათი ნორმალური ცხოვრებისეული რუტინა.
  3. მოზარდები: სტრესის დროს თინეიჯერები შეასაძლოა გახდნენ ზედმეტად დაქვემდებარებულები, დამოკიდებულები ან პირიქით, ზედმეტად დაუდევარები, გაუფრთხილებლები. მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შესაძლო რისკისშემცველი ქცევების მიმართ ( მაგ: ნარკოტიკები, ალკოჰოლო და ა.შ)

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?

  1. ისინი არიან როლური მოდელები და მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, რათა აგრძნობინონ რომ მათზე ვიღაც ზრუნავს.
  2. საჭიროა მოუსმინოს იმას თუ რას ითხოვს ბავშვი თავისი ქმედებებით. ( პატარამ შეიძლება ჭირვეულობაში გამოხატოს, უფრო დიდმა ბევრი კითხვების დასმაში, მოზარდმა მარტოობაში და ა.შ)
  3. აუცილებელია იყვნენ მომთმენნი და მაგალითად გასცენ პასუხები მათ მუდივ კითხვებს. ზოგიერთი უფრო მორცხვია და არ სვამს კითხვებს, მათ შეგვიძლია იქეთ ვუბიძგოთ და მაგალითად ვთხოვოთ აღწერონ სხვები რას ფიქრობენ.
  4. მოზრდილების წუხილი სამომავლო ინციდენტების შესახებ ზრდის გარემოცვაში შფოთვას. მნიშვნელოვანია არ გავხადოთ ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის ზედმეტად ბევრი ნიუსი, განსაკუთრებით სატელევიზიო გადაცემები, რადგან მძიმე ამბების მუდმივი ყურება და მოსმენა შიშს უფრო ამძაფრებს. ამ შემთხვევაში უფრო საყურადღებოა მცირე ასაკის ბავშვები.
  5. თქვენ შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმ ფაქტს, რომ უფროსები ( ხელისუფლება, მმართველი ორგანიზაციები და ა.შ გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას) ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ყველა უსაფრთხოდ იყოს.
  6. სტრესის დროს ბრაზი და გაღიზიანებულობა არის ძირითადი ემოციები ნებისმიერ ადამიანთან. დაეხმარეთ შვილებს ეს ემოციები შესაბამისი გზით გამოხატონ. დაარწმუნეთ იმაში რომ მათი გულფიცხობის მიზეზები არ არიან თავად.
  7. როდესაც გვაქვს სტრესის მდგომარეობა, ,,რეგრესიები“ ნორმალურია. (მაგალითად იქცევა უფრო პატარა ასაკის შესაფერისად, ვიდრე სინამდვილეშია) თუ სიმპტომებს მუდმივი სახე აქვს და შფოთვას იწვევს, პროფესიონალის დახმარება აუცილებელია.

წყარო: დიალოგი

წაიკითხეთ სრულად