Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ ზრდიან ქართველი დედები „დედიკოს ბიჭებს,“ რომლებიც მშობლებზე დამოკიდებულები არიან? - ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის პასუხი შეკითხვაზე

რატომ ზრდიან ქართველი დედები „დედიკოს ბიჭებს,“ რომლებიც მშობლებზე დამოკიდებულები არიან? - ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის პასუხი შეკითხვაზე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქართველი დედები შვილის აღზრდისას ხშირად უშვებენ:

„ძალიან ხშირად ქართველ და ებრაელ დედებს ერთმანეთს ამსგავსებენ. ეს არის ჰიპერმზრუნველი დედის არქეტიპი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ბავშვისთვის და ბავშვის მაგივრადაც. ავტონომია დასაწყისშივე უნდა იყოს, მაგალითად, კვების ჩვევის ჩამოყალიბება, წყლის დალევა.არაფერი არ მოუვა ბავშვს ზედმეტი, თუ თუნდაც თავის ჰიგიენას მიხედავს და აქ არ იქნება მშობელი ჩართული.“

ნინო კერესელიძის თქმით, მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი აღზრდაც არის:

„აღზრდა მამაკაცის ქალზე ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს. როდესაც ადამიანს თვითშეფასების პრობლემა აქვს, როდესაც მან არ იცის, ვინ არის თვითონ. ​ის გარემოსგან მოითხოვს იმ მზრუნველობას, რომელსაც მიჩვეული იყო. ძალიან დიდი პრობლემაა მეუღლისა და დედის ერთმანეთთან შედარება. კაცმა როგორი ურთიერთობის სტილიც დაისწავლა, იმ სტილით ეძებს პარტნიორს.“

„ხანდახან გვერევა რა არის სიყვარული და რა არის მესაკუთრეობა. მესაკუთრეობის დროს „მე და შენ“ ვხდებით „ჩვენ.“ მაგალითისთვის, როდესაც ბავშვი მიგვყავს აცრაზე, ვამბობთ „ჩვენ მივდივართ აცრაზე,“ „ჩვენ სკოლაში წავედით,“ „ჩვენ ცოლი მოვიყვანეთ“ და „ჩვენ ცოლს გავშორდით.“ ძალიან ხშირია, როდესაც დედა ამ დოზით არის ჩართული. სიყვარული და ურთიერთგაგება შვილთან მოდის იმით, რომ მე შენს არჩევანს ვენდობი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო კერესელიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად