Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ არის კანზე გამონაყარი ტემპერატურის გარეშე, ეს ნიშნავს არაინფექციურ გამონაყარს, უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ალერგიული,“ - ივანე ჩხაიძე

„თუ არის კანზე გამონაყარი ტემპერატურის გარეშე, ეს ნიშნავს არაინფექციურ გამონაყარს, უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ალერგიული,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში გავრცელებული კანის გამონაყარის ტიპების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პედიატრები გამონაყარის მიზეზების დადგენისას მარტივ ტესტს ეყრდნობიან:

„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი ტესტი: თუ არის კანის დაავადება და ტემპერატურა, ეს არის ინფექციური დაავადება. ​თუ არის კანზე გამონაყარი ტემპერატურის გარეშე, ეს ნიშნავს არაინფექციურ გამონაყარს, უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ალერგიული. პირველი კითხვა, რომელსაც ყველა პედიატრი დასვამს, როდესაც მასთან მოვა ბავშვი კანზე გამონაყარით, არის შემდეგი: ჰქონდა თუ არა ტემპერატურა, თუნდაც წინა პერიოდში, წინა რამდენიმე დღის განმავლობაში?“

ივანე ჩხაიძის თქმით, ანტიბიოტიკი მალამოს გამოყენება გამონაყარის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე შეცდომაა:

„ვაშავებთ იმ კუთხით, რომ ძალიან ცოტაა გამონაყარი, რომლის დროს ანტიბიოტიკის მალამო შეიძლება იყოს ეფექტიანი. ასე რომ, ვცადოთ და მოდი, წავუსვა, უმრავლეს შემთხვევაში იქნება არასწორი ჩარევა. ის დრო, როდესაც თქვენ ამ გამონაყარს ყურადღება უნდა მიაქციოთ ან ექიმს უნდა აჩვენოთ, იკარგება. არანაირად ეს არჩევანი, რომ გამონაყარია, არ ვიცი რა არის და სანამ ექიმს ვაჩვენებ, ანტიბიოტიკი წავუსვა, არ იქნება სწორი.“

ივანე ჩხაიძემ მშობლებს ურჩია მრავლობითი ჩირქოვანი გამონაყარის ქონის შემთხვევაში ​ბავშვი აუცილებლად აჩვენონ ექიმს:

„როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს გამონაყართან დაკავშირებით? ამ კითხვაზე პასუხი არის სწორედ ჩირქოვანი გამონაყარი. თუ ჩირქოვანი გამონაყარია და თან მრავლობითი, გვაქვს 10-ზე მეტი გამონაყარი, აუცილებლად უნდა ნახოს ეს პაციენტი ექიმმა. ლოკალური ჩირქოვანი ინფექცია შეიძლება გახდეს სხვა სისტემური ინფექციის წყარო.“

ივანე ჩხაიძემ იმპეტიგოს შესახებაც ისაუბრა, რომელიც​ ბავშვის იზოლირებას და სრულფასოვან მკურნალობას საჭიროებს:

„იმპეტიგო არის ჩირქოვანი, ბაქტერიული, სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკური ბუნების გამონაყარი. ეს არის ჩირქოვანი, მოთეთრო-მოყვითალო ფერის წერტილებით დაფარული კანის დიდი ან მცირე უბანი. ის გადამდებია. ბაღში ამის მაღალი რისკია. სწორია ასეთი ბავშვის იზოლირება, მაქსიმალურად მორიდება პირდაპირ ხელით შეხებისგან. ეს არ არის ალერგიული გამონაყარი. ამ შემთხვევაში ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მკურნალობა აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.“

„წინწკლების მსგავსი გამონაყარი არის ნასიცხი. ალერგიული გამონაყარი უფრო წითელი ლაქის მსგავსია და არა ასეთი წინწკლების. ზოგჯერ დედა გამონაყარის დანახვისას ფიქრობს, ხომ არ არის მისი რძე ალერგიული. ამას ისეთი ნაბიჯები მოსდევს ხოლმე, როგორიც არის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა, ეს არის ძალიან ცუდი. პირიქით, თუ თქვენ გყავთ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, უნდა ჩათვალოთ, რომ ეს არის იდეალური კვება, სადაც როგორც ალერგიის, ასევე კანის ინფექციის მაჩვენებელი არის საერთოდ დაბალი, მინიმალური,“ - აღნიშნულ საკითხებზე ​ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად