Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის სხვასთან შედარება იწვევს მასში ნგრევას. ის ვერ ახერხებს, რომ იყოს საკმარისი, ვერაფრით ვერ მოიგო შენი გული,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვის სხვასთან შედარება იწვევს მასში ნგრევას. ის ვერ ახერხებს, რომ იყოს საკმარისი, ვერაფრით ვერ მოიგო შენი გული,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლების მიერ შვილის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვი არასდროს უნდა შევადაროთ სხვებს, რადგან ეს მის ფსიქიკას ანგრევს:

„აღიარება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. ​ეს იწყება ოჯახიდან და ბავშვობიდან. მე ხშირად ვამბობ, რომ ბავშვს არ ესმის ხუმრობა. როდესაც ჩვენ ვხუმრობთ, რა მსუქანია, ტლანქია, ეს არ ესმის ბავშვს. ბავშვის სხვასთან შედარება იწვევს მასში ნგრევას. ის ვერ ახერხებს, რომ იყოს საკმარისი, ვერაფრით ვერ მოიგო შენი გული. ბავშვი ვერ დაემსგავსება იმას, ვიზეც სტანდარტი აქვს მშობელს ან მასწავლებელს აღებული. ამას ძალიან განიცდის. ყველაზე კარგია, რომ ადამიანს მისცე საშუალება საკუთარი თავის უკეთესი ვერსია მიიღოს. არა ის, რომ მე ვგავდე ტელევარსკვლავს ან მოდელს, რაც არ შემიძლია მოცემულობით. თუ ვადარებთ საკუთარ თავს ვინმეს, უნდა შევადაროთ ისევ ჩვენსავე თავს.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ კომპლიმენტის თქმას თავისი წესები აქვს. ის აუცილებლად დროული, გულწრფელი და ადეკვატური უნდა იყოს:

„რაც შეეხება კომპლიმენტს, დროული თუ არ არის, არ იღებს იმას ადამიანი. თუ ​მშობელი გარდატეხის ასაკში უცებ გადაწყვეტს, რ​ომ აქოს თავისი შვილი, რადგან ნახა, რომ ჩაიკეტა, ამ დროს მშობლისგან კომპლიმენტს, თუ მას აქამდე არასდროს არ უთქვამს, კოგნიტური დისონანსი შემოაქვს. ბავშვი ეტყვის: „შენ მე იმიტომ მეუბნები, რომ მე შენი შვილი ვარ.“ კომპლიმენტი ბავშვობიდან უნდა იყოს ზომიერი და წამახალისებელი, ადეკვატური, გულწრფელი. ჩვენ ხომ მოგვწონს ჩვენი შვილები, გვიყვარს, აქედან გამომდინარე არ უნდა დაგვენანოს, რომ კომპლიმენტი ვუთხრათ. ზოგჯერ კომპლიმენტი არის არასწორი. თუ ჩვენ ბავშვის ნახატს შემდეგნაირად შევაფასებთ: „ასე ვან გოგიც ვერ ხატავდა,“ აუცილებლად ფრუსტრაცია ექნება შემდეგ ცხოვრებაში.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში უნდა დავეხმაროთ, რათა მას რეალობასთან შეჯახების დროს პრობლემები არ შეექმნას:

„თუ ბავშვს ჰგონია, რომ ის არის საუკეთესო აბსოლუტურად ყველაფერში, გარეთ გავა, სკოლაში წავა, ნახავს, რომ არ არის ასე, ისევ დისონანსი ექმნება. ​რაღაც ზღვარს არ უნდა გასცდეს ეს. ქცევა უნდა წავახალისოთ მაქსიმალურად. ყველაზე მნიშვნელოვანია ქცევა და საქციელი ადამიანში. როდესაც ბავშვს ვეუბნებით: „ყველაზე კარგი ხარ, ყველაზე ლამაზი ხარ,“ თუ დავამატებთ სიტყვას „ჩემთვის,“ მაშინ შეიძლება ამის თქმა. „შენ ჩემთვის ხარ რაღაც საოცრება,“ - ეს აუცილებლად უნდა ვუთხრათ ბავშვს, მაგრამ არ უნდა ვთქვათ გლობალურად, რომ დედამიწაზე შენნაირი არავინ დადის სხვა.“

„ფიქრი, რომ ყველაზე ლამაზი ვარ, ყველაზე ჭკვიანი და ყველა მე უნდა მემსახუროთ, ეს აბსოლუტური არაადეკვატურობაა. ადეკვატური თვითშეფასება გულისხმობს მარტივ რაღაცას: მივიღო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წამოვწვე ტახტზე და შევეგუო ყველაფერს. ეს არის დასაწყისი, რომ მე განვვითარდე. თუ მე ჩემს თავს ვერ მივიღებ ისეთს, როგორიც ვარ, მე ვერ მივიღებ სამყაროს, ვერ მივიღებ სხვას. ​საკუთარი თავი უნდა მივაღებინოთ ადამიანს,” - აღნიშნულ თემებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად