Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არ არის ტრადიცია, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ხშირად ეს ყველაფერი იწვევს ინვალიდიზაციას,“ - გუგა ქაშიბაძე

„ეს არ არის ტრადიცია, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ხშირად ეს ყველაფერი იწვევს ინვალიდიზაციას,“ - გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„ძალიან ბევრი ქირურგიული განყოფილება, თვალის კლინიკები და ტრავმატოლოგები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ​სამწუხაროდ ეს მარტო დამწვრობას არ ეხება, ძალიან ხშირად ამპუტირებული თითებით მთავრდება და არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს მთლიანი მტევანიც კი დაუკარგავს. არ არის აუცილებელი, რომ საშიშად გამოიყურებოდეს პიროტექნიკა. შეიძლება ყველაზე იაფმა და ერთი შეხედვით უსაფრთხო პიროტექნიკამ არასწორი გამოყენების შემთხვევაში ძალიან სერიოზული დაზიანება მიაყენოს ბავშვს.“

გუგა ქაშიბაძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენებაზე უარის თქმა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება:

„მესმის, რომ ქართველებისთვის ხმაური და სროლა არის დღესასწაულებთან ასოცირებული.​ ეს არ არის ტრადიცია, რომელიც უნდა გავაგრძელოთ. ქართველებს შეგვიძლია რაღაც ტრადიციები საერთოდ დავივიწყოთ. მაგ. ჭიაკოკონობა საერთოდ აღარ არის. როგორც კი კანონი შემოვიდა, რომ კოცონის ანთება ქუჩაში არ შეიძლება, ეს შეწყდა. ჭიაკოკონობაზე დაახლოებით 60-70 ბავშვს ვღებულობდით ხოლმე, კატასტროფა ხდებოდა. 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ პიროტექნიკის არასრულწლოვანზე გაყიდვა ისჯება, მაგრამ მაინც ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის.“

გუგა ქაშიბაძე აღნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება კანონით არის აკრძალული:

„ძალიან ​ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკა საერთოდ აკრძალულია. არის ასაკობრივი შეზღუდვა. ასაფეთქებელს, რომელსაც აწერია, რომ სპეციალური სამაგრი სჭირდება, 30 მეტრის რადიუსით ცოცხალი არსება არ უნდა იყოს, ასეთ ასაფეთქებელს შუა ოთახში რომ ააფეთქებ, უსაფრთხოების წესებს ელემენტარულად არ იცავ. პიროტექნიკა სათამაშო არ არის, გასართობი არაა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ გვგონია, რომ ეს ნაძვის ხის სათამაშოს მსგავსია.“

„მაშხალა, რომელიც 100 მეტრის სიმაღლეზე ავა, გინდა ის არასწორად გამოგიყენებია და გინდა იარაღი გისვრია. ზოგჯერ პიროტექნიკას აწერია, რომ ათ წამში უნდა აფეთქდეს, ეს პირობითია, შეიძლება ეს 20 ან 5 წამიც იყოს. მაშხალას აწერია, რომ ათი მაშხალა უნდა გავარდეს და მეშვიდე არ გავარდა, ბევრი შიგნით იხედება, მერე არის თვალის დაზიანებები. დამწვრობასთან ერთად ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, მოტეხილობები, ღრმა და არასასიამოვნო დაზიანებები. ​ძალიან ხშირად ეს ყველაფერი იწვევს ინვალიდიზაციას,“ - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად