Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ ვწუწუნებთ, ბავშვები ხმას არ იღებენ, არიან გაჯეტებში ჩართულები, გავიდნენ თითქოს ამ სამყაროდან,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„ჩვენ ვწუწუნებთ, ბავშვები ხმას არ იღებენ, არიან გაჯეტებში ჩართულები, გავიდნენ თითქოს ამ სამყაროდან,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ Euronews Georgia-ს ეთერში იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც პანდემიამ ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენა:

„მანამდეც რომ ჰქონდათ დეპრესია და შფოთვის ნიშნები, ეს კატეგორია, პირველ რიგში, დაზარალდა. ​ცალკე ჯგუფია ასევე ადამიანების, ვისაც პანდემია უშუალოდ შეეხო, ოჯახის წევრის გარდაცვალება, ახლობლის, მეგობრის, ან თვითონ გადაიტანა ვირუსი ძალიან მძიმედ. ეს, რა თქმა უნდა, ცალკე ჯგუფია. არანაირ შფოთვაზე აქ ლაპარაკი არ არის. მათ ცალკე სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ.“

ირინა ტაბუციძის თქმით, განსაკუთრებული სტრესის ქვეშ მარტოხელა ადამიანები არიან:

„მარტოხელა ადამიანები არიან განსაკუთრებული სტრესის ქვეშ. ამას მთელ მსოფლიოში აღიარებენ. პირველ რიგში, ​მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფო დონეზე დიდი ჯგუფი შექმნილიყო ფსიქოლოგების უფასო ცხელი ან ონლაინ ხაზით. ეს ბევრ ქვეყანაში უკვე გაკეთდა. ჩვენ ფსიქოლოგები ამას ცალ-ცალკე ვაკეთებთ. დიდი, მთელი პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არის, სამწუხაროდ.“

ირინა ტაბუციძემ ბავშვების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სოციუმისგან იზოლირებულ პატარებს ასევე ძალიან მძიმე პერიოდი აქვთ:

„ბავშვები არიან საოცარ სტრესულ სიტუაციაში, მით უმეტეს, ჩვენთან. ისინი არიან ყველანაირი სოციუმისგან იზოლირებულები. თანატოლებისგან არიან იზოლირებულები. სკოლა არ იძლევა მხოლოდ განათლებას. განათლება ცალკე სანერვიულოა და დიდი ჩავარდნა გვაქვს, ვატყობ. ​ეს ურთიე​რთობები თანატოლებთან, პედაგოგებთან ასევე პრობლემაა. სტუდენტებს რომ ვუყურებ, შვილი სტუდენტი მყავს და ლექტორებს არ იცნობს. მარტო ეკრანზე ხედავს და იქაც კონტაქტი არ აქვს. რეალურად ისინი მომავალი კოლეგები არიან. სულ სხვა ურთიერთობა უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ძალიან დაზარალდნენ ბავშვები. ჩვენ ვწუწუნებთ, ბავშვები ხმას არ იღებენ, არიან თავისთვის, ​გაჯეტებში ჩართულები რაღაცებს თამაშობენ. გავიდნენ თითქოს ამ სამყაროდან. ყველა ამბობს და ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ დღეს ამას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ მომავალში ზუსტად ეს გაგვიჩნდება ჩვენ პრობლემად.“

„მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ბავშვები ფიზიკურად ერთ ადგილას არ იყვნენ, იმოძრაონ ხშირად, ივარჯიშონ. გაიყვანეთ ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას, რა თქმა უნდა. თანატოლებთან, სამწუხაროდ, ვერ მიიყვანთ. თუ ოჯახში ჰყავს ადამიანს და-ძმები და ბევრი არიან, ეს კიდევ კარგი ვარიანტია. დედისერთა ბავშვებისთვის კიდევ უფრო მძიმეა ეს ყველაფერი. შეიძლება იყოს ძალიან ახლობელი ოჯახი, რომელიც იცით, რომ შეზღუდულია, სხვაგან არ დადის და რაღაც რისკებზე შეიძლება წასვლა. რეალურად ერთადერთი პლუსი რაც არის ახლა, არის ის, რომ ​მშობლებს მეტი დრო გვაქვს სახლში. იქნებ ურთიერთობების დეფიციტი, რომელიც იყო მანამდე შვილებთან, რაღაცნაირად ამოვწიოთ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ შვილებს,“ - აღნიშნა ირინა ტაბუციძემ.

წყარო: ​Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად