Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი რომ ორი წლის გახდება და იტყვის: „მე მინდა“ ან „მე არ მინდა,“ ის უკვე პიროვნებაა და მას პატივი უნდა ვცეთ,“ - ყარამან ფაღავა

„ბავშვი რომ ორი წლის გახდება და იტყვის: „მე მინდა“ ან „მე არ მინდა,“ ის უკვე პიროვნებაა და მას პატივი უნდა ვცეთ,“ - ყარამან ფაღავა

​​პედიატრი ყარამან ფაღავა მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაზე საუბრობს. მისი თქმით, მშობელი ბავშვის მიმართ ალერსიანი უნდა იყოს და მას ყოველთვის თანადგომას უცხადებდეს:

„ბავშვი რომ ორი წლის გახდება ან სამი წლის და იტყვის: „მე მინდა“ ან „მე არ მინდა,“ ის უკვე პიროვნებაა და მას პატივი უნდა ვცეთ. ამ ასაკში საოცრად კეთილი, მშვიდი, წყნარი ბავშვი ბანდიტად გადაიქცევა, რას არ გატეხავს, რას არ დაანგრევს. რაც მთავარია, მან შეიძლება საკუთარ თავსაც ავნოს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. მშობლური ჩვევები. მშობელს უნდა ჰქონდეს გარკვეული ჩვევები. ქალებში ეს უფრო ავტომატურად ხდება. ვაჟებში უფრო გვიან ვითარდება ხოლმე. მშობელმა, პირველ რიგში, უნდა იცოდეს ალერსი. ​ალერსს და სიყვარულის გამოხატვას ზედა საზღვარი არ უნდა ჰქონდეს. მან უნდა დაიცვას ბავშვი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა გააკეთოს, მშობელი ყოველთვის მის გვერდით იქნება და მას დაიცავს.“

​ყარამან ფაღავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეჩვეოდეს:

„სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ზოგჯერ დაავადების მიზეზიც შეიძლება იყოს. არსებობს მთელი ციკლი პედიატრიისა, რომელსაც ჰქვია „სასკოლო მედიცინა.“ ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ ჯანსაღი სკოლების პროგრამა. სკოლა ჰიგიენური თვალსაზრისით უნდა იყოს კარგი, არ უნდა იყოს ბულინგი, ​არ უნდა იყოს მასწავლებლის მხრიდან შეურაცხყოფა. აუცილებელია სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება. ეს არამხოლოდ მოზარდებისთვისაა კარგი. მოზარდი როდესაც გაიგებს, რომ თამბაქო ცუდია, ის მამას აჩერებს. ეუბნება: „მამა, რატომ ეწევი? გინდა ავად იყო და ჩვენ მარტო დაგვტოვო?“ ნებისმიერმა მამაკაცმა, რომელიც გაიგებს შვილისგან ამ სიტყვებს, უარი უნდა თქვას თამბაქოს მოწევაზე. მნიშვნელოვანია განვითარების ხელშეწყობა. დღეში ხუთი წუთი მაინც ბავშვთან ერთად მშობელმა წიგნი უნდა გადაშალოს, მოუსმინოს, მოუყვეს, მამამაც და დედამაც, მთავარია, ვინ როგორ არის დაკავებული.“

​ყარამან ფაღავა ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელ დაავადებებზე საუბრობს:

„რაც შეეხება დაავადებებს, ზოგიერთი დაავადება ბავშვთა ასაკისთვის სპეციფიკურია. ნულიდან სამ წლამდე არის ახალშობილთა პათოლოგიები, თანდაყოლილი ანომალიები, მშობიარობასთან დაკავშირებული დაავადებები. ეს შეიძლება იყოს ინფექციები, მძიმე მშობიარობის შემდგომ ასფიქსიის შედეგები, ე.წ. ცერებრული დამბლა, უეცარი სიკვდილის სინდრომი. მე აღარ ვლაპარაკობ იმ ხშირ დაავადებებზე, როგორებიც არის მწვავე რესპირატორული სინდრომი და ბრონქიტი და ა.შ. ახლა ზამთარია და სავსეა მსგავსი დაავადებები. ესენია ბავშვთა ასაკის ძირითადი დაავადებები.“

„დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახლავთ ბუნებრივი კვება. ​ბუნებრივი კვება დიდებული რამ არის. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ის 6 თვე დაცულია ინექციებისგან. ამ პერიოდის დაავადებებში მნიშვნელოვანია ნაყოფის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგები. მეძუძურმა დედამ არ უნდა დალიოს. ჩასახვის პერიოდშიც არც დედამ, არც მამამ ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს. ამან შეიძლება იმოქმედოს ნაყოფზე და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს როგორი უბედურებაა,“ - აღნიშნავს ყარამან ფაღავა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად