Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მომუშავე დედებმა უნდა შეუქმნან თავს პირობები, რომ ამოისუნთქონ, ამოსუნთქვის მომენტები დააგეგმარონ,“ - ნინო გოგიჩაძე

„მომუშავე დედებმა უნდა შეუქმნან თავს პირობები, რომ ამოისუნთქონ, ამოსუნთქვის მომენტები დააგეგმარონ,“ - ნინო გოგიჩაძე

​​ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ მომუშავე დედების პრობლემებსა და სტრესულ ცხოვრებაზე ისაუბრა. მან დედებს განტვირთვასა და ცხოვრების დაგეგმვასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:

„როდესაც ვსაუბრობთ მომუშავე დედაზე, შეუძლებელია, რომ მარტო ქალზე ვისაუბროთ. უნდა ვისაუბროთ იმ გარემოზე, კულტურულ ფონზე, რომელშიც ეს ქალი არსებობს. რა არის ამ თემაში მნიშვნელოვანი? არსებობს თუ არა კონფლიქტი? სჭირდება თუ არა ქალს ამ კონფლიქტში შესვლა? კარიერა თუ ოჯახი, ბავშვები თუ სამსახური? - უდგება თუ არა ქალს ეს არჩევანი. როდესაც ეს კონფლიქტი დგას და ყოველდღიურობაში შემოდის სიმწვავით, ქალისთვის ეს ძალიან რთულია. არიან კარიერისტი ქალები, არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ კარიერა და ოჯახი შეათავსონ, არიან ქალები, რომელთათვის ბედნიერება არის ის, რომ დრო გაატარონ ოჯახთან, შვილებთან.“

ნინო გოგიჩაძის თქმით, ქალმა არჩევანი საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს:

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ქალს ვუბიძგოთ, მან არჩევანი გააკეთოს თავის ღირებულებებზე დაყრდნობით. მან არჩევანი არ გააკეთოს მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებები დაუკავშიროს თავის შინაგან ღირებულებებს. უმრავლესობა ჩვენგანი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოჯახი, შვილები, მეუღლე, მშობლები. ჩვენს საზოგადოებაში მარტო ერთი ადამიანი შეიძლება არ იყოს დამოკიდებული ქალის ზრუნვაზე, შეიძლება იყვნენ მშობლებიც, შვილებიც, ოჯახის სხვა წევრები. ზრუნვის სფერო, შესაძლოა, ძალიან დიდი იყოს. ამ დროს მე ძალიან ბევრ დროს ვატარებ სამსახურში და ​ამ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ მაქვს.“

​სტრესულ სიტუაციაში ურთიერთობა დაიყვანება შენიშვნებამდე, ნეგატიურ კომენტარებამდე, ინსტრუქციებამდე: „ეს გააკეთე, ის გააკეთე.“ მომუშავე დედებს გვჭირდება, რომ გავჩერდეთ, შევხედოთ ჩვენს ურთიერთობას შვილებთან. დავინახოთ, სად მიდის ეს ურთიერთობა. დედის კეთილდღეობა ცალსახად განსაზღვრავს შვილების კეთილდღეობას. თუ დედას სამსახურში ეტყვიან საყვედურს, საღამოს დედა გაღიზიანებულია, ეს აისახება ბავშვზე. ბავშვს მეტი საყვედური და მეტი ნეგატიური კომენტარი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დედა 5 წუთი შხაპში მოდუნდეს, არაფერზე არ იფიქროს. ჰქონდეს იმის საშუალება, რომ არაფერზე არ იფიქროს. დედებმა, რომლებიც მუშაობენ, ამოსუნთქვის მომენტები უნდა დააგეგმარონ, შეუქმნან თავს პირობები, რომ ამოისუნთქონ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად