Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„აღზარდეთ საკუთარი თავი, ვიდრე შვილების აღზრდას დაიწყებთ,“ - ცნობილი ინდოელი გურუს რჩევები მშობლებს

„აღზარდეთ საკუთარი თავი, ვიდრე შვილების აღზრდას დაიწყებთ,“ - ცნობილი ინდოელი გურუს რჩევები მშობლებს

„ბავშვი სიცოცხლესთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე თქვენ. როდესაც ის ქვეყანას ევლინება, ცხოვრება თავიდან უნდა გაიცნოთ. ბავშვს მეგობარი სჭირდება და არა უფროსი. შვილს ჩვენს იდეებს თუ მოვახვევთ თავს, ის თავისუფლებას დაკარგავს, რაც მომავალში მასში მეამბოხეს გააღვიძებს. თქვენი მოვალეობაა ბავშვი ცუდი ზეგავლენისგან დაიცვათ და მას სათანადო თავისუფლება მისცეთ,“ - სადხგურუ (ცნობილი ინდოელი იოგი და გურუ).

ადამიანებს მტკიცედ სწამთ, რომ ბავშვები არასრულფასოვნები იბადებიან, რის გამოც უფროსებმა მათ ყველაფერი უნდა შევუსწოროთ და ბევრი რამ ვასწავლოთ, რაც სიმართლე არ არის. ბავშვები მშობლებთან შედარებით ბევრად სიცოცხლითსავსენი არიან. ვინ უფრო უკეთ იცნობს ცხოვრებას: ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბედნიერია, თუ ის, ვინც გამუდმებით წუხს და უამრავ შეცდომას უშვებს. ბავშვის აღზრდა ძალიან დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მშობლები ხშირად განიცდიან სასოწარკვეთას, როდესაც აღზრდის სწორი მეთოდების მოძიებას ცდილობენ, ამავე დროს ისინი სიხარულით ივსებიან, როდესაც საკუთარი შვილების ზრდას და განვითარებას აკვირდებიან.

ბავშვის მომავალი, მისი წარმატება და წარუმატებლობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვზრდით ჩვენს შვილს, რა მეთოდებს ვიყენებთ და როგორ ატმოსფეროს ვუქმნით მას. ბავშვების მსგავსად ყველა მშობელი ინდივიდუალურია და ყველას განსხვავებული აღზრდის მეთოდები აქვს. არსებობს ჩვევები და მიდგომები, რომლებიც კარგ მშობლებს აერთიანებს. რომელია ბავშვის აღზრდის სწორი მეთოდი? ვეცდებით ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.

ბავშვის აღზრდის უნივერსალური წესი არ არსებობს. თუ თქვენ შვილისთვის ვერ აკეთებთ იმას, რაც არ შეგიძლიათ, დამნაშავე არ ხართ, მაგრამ თუ არც იმას აკეთებთ, რისი უნარიც გაქვთ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. ჩვენს სტატიაში ცნობილი ინდოელი იოგის სადხგურუს ფილოსოფიას გაგაცნობთ, რომელიც მშობლის შვილისადმი დამოკიდებულებას და აღზრდის პრინციპებს შეეხება.

„თუ გსურთ შვილები სწორად აღზარდოთ, პირველ რიგში მოსიყვარულე და მშვიდ ადამიანიად უნდა იქცეთ. როდესაც სახლში ბავშვი იბადება, მასწავლებლობას ნუ მოისურვებთ, არამედ სწავლისთვის მოემზადეთ,“ - სადხგურუ (ცნობილი ინდოელი იოგი და გურუ .

სადხგურუს მიხედვით ნებისმიერი ბავშვი ინდივიდუალურია. თითოეულ მათგანს სიყვარულის, სითბოს და სიმკაცრის განსხვავებული დოზა სჭირდება. ბავშვზე უამრავი რამ ახდენს გავლენას, ტელევიზია, ინტერნეტი, სკოლა, მასწავლებელი, მეგობრები. ის მუდამ იქით მიილტვის, სადაც მისთვის მიმზიდველი გარემოა. როგორც მშობელი, ვალდებული ხართ, თქვენი შვილისთვის ყველაზე მოსაწონი და მომხიბლავი ადამიანი თქვენ იყოთ, რათა მან მაგალითი, უპირევლეს ყოვლისა, თქვენგან აიღოს. თუ თქვენ განათლებული, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანი ხართ, თქვენი შვილი ნებისმიერ საკითხზე გულახდილად გაგესაუბრებათ და აბსოლუტურ ნდობას გამოგიცხადებთ.

ბავშვი მშობლისთვის უდიდესი საჩუქარია. სადხგურუ თვლის, რომ მშობელს მისი აღზრდისა და გაბედნიერების პასუხისმგებლობა ეკისრება. მშობელმა, პირველ რიგში, შვილისთვის ნაკლებად სტრესული გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნოს, რათა ბედნიერი, დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული ადამიანის აღზრდა შეძლოს.

სახგურუს მთავარი დევიზი, რომლითაც ის მშობლებს ხშირად მიმართავს, შემდეგია: „აღზარდეთ საკუთარი თავი, ვიდრე შვილების აღზრდას დაიწყებთ!“

მომზადებულია ​udemyfreebies.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად