Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს ყურის ტკივილს ბავშვებში, როგორ შევუმსუბუქოთ ტკივილი პატარებს და როდის მივმართოთ ექიმს?

რა იწვევს ყურის ტკივილს ბავშვებში, როგორ შევუმსუბუქოთ ტკივილი პატარებს და როდის მივმართოთ ექიმს?

რა იწვევს ყურის ტკივილს ბავშვებში, როგორ შევუმსუბუქოთ ტკივილი პატარებს და როდის მივმართოთ ექიმს? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.

- ძირითადად, რა იწვევს ყურის ტკივილს ბავშვებში?

- ბავშვებში ყურის ტკივილის გამომწვევი მიზეზი უმეტესად არის ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში. როგორც წესი, ყურის ტკივილს, რომელიც გამოწვეულია შუა ყურის ანთებით, წინ უძღვის სურდო, შუა ყურში სითხის დაგროვება, წნევის მომატება.

​ზოგადად, ყურის ტკივილი ბევრი მიზეზით შეიძლება გამოვლინდეს. არა მარტო შუა ყურის ანთებით, არამედ გარეთა ყურის ანთებით, ასევე გარეთა სასმენ მილში უცხო სხეულის არსებობით, გოგირდის საცობის არსებობით. ზოგჯერ ყელის ტკივილს და კბილების ამოჭრას თან სდევს ყურის ტკივილი. შესაძლოა, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტრავმირება მოხდეს და მისი ტკივილიც გამოვლინდეს ყურის მიდამოში, ასევე ყბაყურას დროს, რომელიც, როგორც წესი, ყურის ტკივილით იწყება. ლიმფადენიტი ანუ ადგილობრივი ლიმფური ჯირკვლების ანთებითაც შეიძლება გამოვლინდეს ყურის ტკივილით.

​დაფის აპკის დაზიანების ორი ვარიანტი არსებობს. ერთი არის მექანიკური ტრავმის შედეგად - თუ მშობელმა ძალიან ღრმად გაუსუფთავა, ყურის ჩხირის მეშვეობით, ბავშვმა შეიძლება თავი გააქნიოს და დაზიანდეს აპკი. ასევე, ვთქვათ უხეშად აკოცა, შეიქმნა ვაკუუმი გარეთა სასმენ მილში და გასკდა დაფის აპკი. ხოლო მეორე და ძირითად შემთხვევაში, თუ შუა ყურში ანთების დროს დაგროვდა სითხე, კრიტიკულ წნევას რომ მიაღწევს, სკდება დაფის აპკი.

​- ახლავს თუ არა სხვა სიმპტომები თან და კონკრეტულად რომელი?

​- ვიზუალურად შესაძლოა, გარეთა სასმენი მილი იყოს შეწითლებული ან შეშუპებული, ყურის ნიჟარას ქაჩავენ და ისრესენ, შესაძლოა, შევამჩნიოთ ყურიდან გამონადენი, იშვიათ შემთხვევაში, გულისრევა. ასევე, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება.

​იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ყური სტკივათ პატარებს, რომელთაც არ შეუძლიათ ამის თქმა, მშობლები ხვდებიან იმით, რომ ბავშვებს ეწყებათ მოუსვენრობა, ჭამის დროს ტირილი. შეიძლება, დაძახების დროს მალევე არ ჰქონდეთ საპასუხო რეაქცია, რადგან კარგად არ ესმოდეთ.

​- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ უმკურნალონ პატარებს?

​- როგორც წესი, ყურის ტკივილის პირველივე სიმპტომზე ექიმთან ნაკლებად მიჰყავთ ხოლმე. მშობლებმა იციან, რომ უნდა მისცენ ტკივილგამაყუჩებელი, ძირითადად პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ოღონდ ასაკის და წონის გათვალისწინებით. თუ მეტ-ნაკლებად დარწმუნებულები ვართ, რომ შუა ყურის ანთებაა, ურიგო არ იქნება ნაზალური ვაზოკონსტრუქტორების გამოყენება, ესეც ასაკის მიხედვით. შეიძლება ყურის წვეთებიც გაყუჩების მიზნით, ოღონდ არავითარ შემთხვევაში, ყურიდან გამონადენი არ უნდა იყოს. სასურველია, როდესაც ბავშვს ყური სტკივა, თავი ცოტა მაღლა ჰქონდეს ან ნახევრად მჯდომარედ დააძინონ, ხოლო თუ ყურიდან გამონადენი დაეწყო, არ გამოიყენონ ყურის ჩხირი, საკმარისია თბილ წყალში დასველებული პირსახოცით მოწმინდონ.

​- როდის არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა?

​- ექიმს მიმართონ იმ შემთხვევაში, როდესაც ისმის კითხვა - საჭიროა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ანტიბიოტიკის გამოყენება, ექიმი თვითონ დაუნიშნავს. ასევე, თუ პატარა არ იღებს სითხეებს, დაეწყო გამონადენი (სისხლიანი, ჩირქოვანი). მივმართოთ ექიმს, თუ გამაყუჩებლების მიღების მიუხედავად ბავშვს გაუხანგრძლივდა ტკივილი და გაუუარესდა მდგომარეობა. თუ შეამჩნია, რომ ყურის ნიჟარამ წამოიწია წინ ან ნიჟარის უკან შეშუპდა, შეწითლდა, მტკივნეული გახდა, ეს უკვე შუა ყურის ანთების გართულებაზე მიუთითებს და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად