Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბიჭი თუ თოჯინებით თამაშობს და გოგო მანქანებით, ეს არანაირად არ უკავშირდება გენდერს მომავალში,“ - ნატა მეფარიშვილი

„ბიჭი თუ თოჯინებით თამაშობს და გოგო მანქანებით, ეს არანაირად არ უკავშირდება გენდერს მომავალში,“ - ნატა მეფარიშვილი

​​ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ბიჭების თოჯინებით, ხოლო გოგონების სათამაშო მანქანებით დაინტერესების საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი აქტივობაა და გენდერს არ უკავშირდება:

„ბიჭი თუ თოჯინებით თამაშობს და გოგო მანქანებით, ეს არანაირად არ უკავშირდება გენდერს მომავალში. ეს არის ჩვეულებრივი აქტივობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა სქესმა აკეთოს. შეიძლება ეს იყოს ცნობისმოყვარეობა, აინტერესებდეს ბავშვს.“

ნატა მეფარიშვილის თქმით, მამები ხშირად არასწორად რეაგირებენ, როდესაც ხედავენ, რომ ბიჭები თოჯინებით თამაშობენ:

„ზოგიერთი მამისგან გამიგია: „რატომ უნდა გამოუცვალოს პამპერსი თოჯინას ბიჭმა?“ ​რატომ არ უნდა გამოუცვალოს პამპერსი საკუთარ შვილს მამამ, როდესაც გაიზრდება და შვილი ეყოლება? მე მაქვს ეს შეკითხვა. რატომ არ უნდა იჯდეს ქალი საჭესთან, როდესაც მას სჭირდება გადაადგილება? რატომ არ უნდა დაბაროს, თუ ეს სჭირდება მას საკუთარ ნაკვეთზე?! ეს ამბავია ძალიან ყურადღების მისაქცევი.“

„რეპლიკები: „გოგოსავით ნუ ტირიხარ,“ „ნუ შვრები ასე, ეს შენი საქმე არ არის,“ „დედასთან მიგაქვს თეფში? ეს რა კაცის საქმეა?!“ მსგავსი რეპლიკები ანგრევს ბავშვის განვითარებას. მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ. არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები, რომ ბიჭის მამა ასე უნდა იქცეოდეს და გოგოს მამა ისე. მშობლებმა ზოგადად განვითარების შესახებ უნდა იცოდნენ, ადეკვატურები უნდა იყვნენ და ხშირად შეხედონ საკუთარ თავს, სწორად იქცევიან თუ არა შვილებთან, აქვთ თუ არა ადეკვატური დრო, რომ ეთამაშონ, დაამყარონ მჭიდრო ემოციური კავშირები,“ - აღნიშნულ საკითხზე ​ნატა მეფარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად