Baby Bag

სამი მითი დაუნის სინდრომის შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ

სამი მითი დაუნის სინდრომის შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ

დაუნის სინდრომის შესახებ ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიახლეების გაცნობა განსაკუთრებით იმ მშობლებს აინტერესებთ, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე შვილს ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების დონე შესამჩნევად ამაღლდა, ადამიანების უმეტესობა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებულ მითებს კვლავ დიდი ინტერესით ეცნობა და ხშირ შემთხვევაში წაკითხულ ცნობებს სარწმუნოდაც მიიჩნევს. ჩვენს სტატიაში დაუნის სინდრომის შესახებ 3 ყველაზე გავრცელებულ მითს ​გაგაცნობთ, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ.

1. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების უმეტესობა ურთიერთობას განქორწინებით ასრულებს

​უახლესი კვლევებით მტკიცდება, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ძალიან მყარი და ძლიერი კავშირი აქვთ. ისინი ოჯახებს ძალიან იშვიათად ანგრევენ და აღნიშნული მაჩვენებლით ბევრად ჩამოუვარდებიან იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც განვითარების პრობლემები არ აქვთ. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების უმეტესობა, შვილს იმ ასაკში აჩენს, როდესაც ადამიანს მყარი ფინანსური მდგომარეობა აქვს და ოჯახზე ზრუნვა თავისუფლად შეუძლია. გარდა ამისა, ასაკოვანი მშობლები პიროვნულადაც ჩამოყალიბებულები და გათვითცნობიერებულები არიან, რის გამოც ისინი დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნაკლებად იღებენ. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დიდი ნაწილი სწორედ ასაკოვანი მშობლების ოჯახში იბადება.

2. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის აღზრდა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული

ადამიანების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის აღზრდა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ საკითხთზე ნაადრევი დასკვნების გამოტანა არასწორია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა. სახელმწიფო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთნაირად არ ეხმარება, მაგრამ თანამედროვე სამყაროში საქველმოქმედო ფონდებისა და სპეციალური სამთავრობო პროგრამების დახმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის აღზრდა მშობლების მხრიდან სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზებას ნამდვილად არ საჭიროებს. როგორც წესი, მთავრობები მშობლებს ნაადრევი ინტერვენციისთვის საჭირო ხარჯებს მთლიანად უფარავენ (ოკუპაციური თერაპია, ფიზიკური თერაპია), 3 წლის ასაკიდან კი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საბავშვო ბაღებში განათლების მიღება უფასოდ შეუძლიათ. განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევაში, მშობლებს ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების დახმარებით სათანადო ფინანსური რესურსის მოპოვება არ უძნელდებათ. თუ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გყავთ, მისი აღზრდა ჭარბი დანახარჯების გარეშეც შეგიძლიათ.

3. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ან მსხვერპლები არიან ან გმირები

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლებს ახლობლები ხან თანაგრძნობით ეპყრობიან და მათ დამშვიდებას ცდილობენ, ხან კი მათ ყოვლისშემძლე გმირებად განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი შვილი მხოლოდ განსაკუთრებულ მშობლებს შეიძლება ჰყავდეთ. მშობლებისთვის, როგორც წესი, ორივე მიდგომა მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლები რიგითი ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ შვილზე ისევე ზრუნავენ, როგორც ეს სხვა ოჯახებში ხდება. ცრუ ინფორმაციისა და სტერეოტიპების ტყვეობაში მყოფი საზოგადოების წევრები მშობლებს ხშირად სერიოზული სოციალური წნეხის ქვეშ აქცევენ, რასაც თავად ვერ აცნობიერებენ. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს სხვა მშობლებისგან ნუ განაცალკევებთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია, რომელსაც ეცნობით და მეტი დამაჯერებლობისთვის, ის რამდენჯერმე გადაამოწმეთ. ამგვარი ქცევით სტერეოტიპების ტყვეობას თავს ადვილად დააღწევთ და ცნობიერებასაც მნიშვნელოვნად აიმაღლებთ.

​ავტორი ია ნაროუშვილი