Baby Bag

7 დამამშვიდებელი თამაში და აქტივობა ჰიპერაქტიური ბავშვისთვის

7 დამამშვიდებელი თამაში და აქტივობა ჰიპერაქტიური ბავშვისთვის

დედების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მისი შვილი ჰიპერაქტიური ბავშვია, თუმცა მსგავსი დასკვნების გამოტანამდე, უმჯობესია აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობას უკეთ ​გავეცნოთ. არასტაბილურობა და ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტიურ ბავშვებთან ურთიერთობას აძნელებს. ისინი ერთი აქტივობიდან მეორეზე სწრაფად ინაცვლებენ და მოზღვავებული ენერგია აქვთ. მათ ერთ ადგილას მშვიდად ჯდომა და სხვისი საუბრის მოსმენა ძალიან უჭირთ.

ჰიპერაქტიურ ბავშვებს იმპულსური ქმედებები ახასიათებთ, ისინი თავიანთი ქცევის მოსალოდნელ შედეგებზე წინასწარ არასდროს ფიქრობენ. ჰიპერაქტიური ბავშვები მშობლებისგან უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც საკუთარი ენერგიის კონტროლი უკეთ გამოსდით. თუ თქვენს შვილთან მეტ მოთმინებას გამოავლენთ და მასთან ურთიერთობისას სპეციალურ სტრატეგიებს შეიმუშავებთ, ბავშვი თავისი ქცევებისა და სურვილების გაკონტროლებას უკეთ შეძლებს.

როგორ მივხვდეთ ბავშვი ჰიპერაქტიურია თუ არა?

  • ჰიპერაქტიურ ბავშვებს სხვა ადამიანების საუბრის მოსმენა უჭირთ
  • ისინი ერთ ადგილზე მშვიდად ჯდომას ვერ ახერხებენ და გამუდმებით მოძრაობენ
  • ისინი ბევრს ლაპარაკობენ და სხვების საუბარში ხშირად ერევიან
  • ჰიპერაქტიურ ბავშვებს ულევი ენერგია აქვთ, იმპულსურები და ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან
  • ჰიპერაქტიური ბავშვები ადვილად ბრაზდებიან, მარტივად ერევათ სევდა და ფრუსტრაციას განიცდიან

ბავშვის ჰიპერაქტიურობის მიზეზები მის ტვინში იმალება, რის გამოც პატარას მშვიდი და კომფორტული გარემო უნდა შეუქმნათ, რათა მან საკუთარი ემოციების კონტროლი შეძლოს. ჩვენს სტატიაში სპეციალურ სტრატეგიებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით თქვენს ჰიპერაქტიურ შვილს იმპულსურობისა და ყურადღების დეფიციტის პრობლემას გადაალახინებთ.

5 გზა ჰიპერაქტიური ბავშვის დასამშვიდებლად

ბავშვი მოზღვავებული ენერგიისგან უნდა გაათავისუფლოთ

აუცილებლად გამონახეთ საშუალებები, რათა ბავშვმა ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლება და გონების დამშვიდება შეძლოს. ბავშვს თამაშისა და სირბილის საშუალება უნდა მისცეთ, რათა ფიზიკურად აქტიური იყოს და მოზღვავებული ენერგია არ აწუხებდეს. შეგიძლიათ ბავშვისთვის სპეციალური ყუთი შეიძინოთ, რომელშიც სხვადასხვა აქტივობის დასახელებები იქნება თავმოყრილი. ამ გზით თქვენი პატარა ყურადღებისა და კონცენრაციის უნარებს განივითარებს.

ხშირად ესაუბრეთ თქვენს შვილს

ბავშვს ყოველთვის გულისყურით მოუსმინეთ და აგრძნობინეთ, რომ მთელი თქვენი ყურადღება მისკენ არის მიმართული. აუცილებლად გაიზიარეთ მისი ინტერესები, სურვილები და მოთხოვნილებები. თქვენს შვილს ემოციების გაკონტროლებაში დაეხმარეთ და ცუდი და კარგი ქცევების ერთმანეთისგან გარჩევა ასწავლეთ.

დაეხმარეთ ბავშვს განტვირთვაში

ბავშვს ეკრანთან დიდი დროის გატარების უფლებას ნუ მისცემთ. ეცადეთ ბუნებაში დიდი დრო გაატაროს. ყოველთვის იყავით მომთმენი და ბავშვს მოზღვავებული ენერგიის გამოყენების სწორი გზა უჩვენეთ.

ქცევით თერაპიას დიდი დრო დაუთმეთ

ბავშვის მიღწევები ყოველთვის აღნიშნეთ. შეაქეთ თქვენი შვილი, როდესაც ის ყურადღებით გისმენთ, დააჯილდოვეთ, როდესაც სანიმუშოდ იქცევა და იმპულსური ქმედებებისგან თავს იკავებს. აგრძნობინეთ ბავშვს, რა მოლოდინები გაქვთ. მან უნდა იგრძნოს, რომ მის კარგ ქცევას შესაბამისი დაფასება მოჰყვება.

7 თამაში და აქტივობა, რომელიც ჰიპერაქტიური ბავშვის დამშვიდებაში დაგეხმარებათ

კარატე

კარატე სწორედ ის სპორტია, რომელიც ჰიპერაქტიურ ბავშვს მოზღვავებული ენერგიისგან გათავისუფლებაში ეხმარება. პატარა უამრავ სხვადასხვა მოძრაობას სწავლობს, რაც მისგან კონცენტრაციას და ყურადღების დაძაბვას მოითხოვს. კარატეს დახმარებით თქვენი შვილი კოორდინაციის უნარებსაც იუმჯობესებს, ემოციურად უფრო დაბალანსებული და თავდაჯერებული ადამიანი ხდება.

ეზოში თამაში

ფეხბურთი, კალათბურში, ხელბურთი და ჩოგბურთი ის აქტივობებია, რომლებიც თქვენს ჰიპერაქტიურ შვილს დამშვიდებაში ეხმარება. თამაშისას ბავშვი გამუდმებით მოძრაობს, მისი სხეულის ყველა მთავარი კუნთი იტვირთება, პატარა მოჭარბებული ენერგიისგან თავისუფლდება და თავს ბედნიერად გრძნობს. მას კონკურენციის უნარებიც უვითარდება და გუნდურ თამაშებში სხვების მიმართ სოლიდარულობის გამოვლენასაც სწავლობს. ბავშვები, რომლებიც ეზოში ხშირად თამაშობენ უფრო ჯანმრთელები და ემოციურად გაწონასწორებულებიც არიან, ვიდრე ის პატარები, რომლებიც სახლს იშვიათად ტოვებენ.

მუსიკა

მუსიკა სკოლიდან მოსულ ბავშვს განტვირთვაში ეხმარება. ის მისგან გონების დაძაბვასა და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. მუსიკის დახმარებით ბავშვს მახსოვრობა უვითარდება. თუ პატარა მუსიკალურ ინსტრუმენტზე სხვებთან ერთად უკრავს ან გუნდში მღერის, ის სხვებთან მუშაობასა და ურთიერთობას სწავლობს.

ცურვა

ოლიმპიურ ჩემპიონს მაიკლ ფელპს ჰიპერაქტიურობის დიაგნოზი 9 წლის ასაკში დაუსვეს. მან საკუთარი ენერგიის მართვის მიზნით ცურვის შესწავლა გადაწყვიტა. ცურვა ჰიპერაქტიურ პატარებს დისციპლინას აჩვევს, ის მათ ჯანმრთელობაზე დადებითად ზემოქმედებს და მათ კალორიების დაწვაშიც ეხმარება.

თეატრი

თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობა ბავშვს საკუთარი ქცევის კონტროლს, ემოციების მართვასა და კრეატიულ აზროვნებას ასწავლის. მსახიობის როლის მორგება სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. ბავშვები, რომლებიც თეატრში დადიან, მეტი თავდაჯერებულობითაც გამოირჩევიან.

ბუნებაში გასვლა

ბუნებაში გასვლა ჰიპერაქტიურ ბავშვზე ძალიან დადებითად აისახება. სიმწვანე და სიმშვიდე პატარას ემოციების კონტროლში ეხმარება. მთების დალაშქვრა, პიკნიკების მოწყობა და კოცონთან საუბარი თქვენს შვილს მოზღვავებული ენერგიისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

სააზროვნო თამაშები

ისეთი სააზროვნო თამაში, როგორიც ჭადრაკია, ბავშვისგან ყურადღების დაძაბვას და ერთ ადგილას მშვიდად ჯდომას მოითხოვს. მისი დახმარებით თქვენი შვილი საკუთარი ენერგიის სწორად გამოყენებას ისწავლის და მეტად თავდაჯერებულიც გახდება.

შენიშნვა: ყველა აქტიური ბავშვი ჰიპერაქტიური არ არის. აუცილებლად გაეცანით სპეციალურ ლიტერატურას ჰიპერაქტიური ბავშვების შესახებ და დასკვნები მხოლოდ შეძენილი ცოდნის საფუძველზე გამოიტანეთ.

მომზადებულია flintobox.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

წაიკითხეთ სრულად