Baby Bag

ძლიერი ქალი ხვეწნას და მუდარას არასდროს დაგიწყებთ, თუ ის გემშვიდობებათ, იცოდეთ, რომ ეს სამუდამოა

ძლიერი ქალი ხვეწნას და მუდარას არასდროს დაგიწყებთ, თუ ის გემშვიდობებათ, იცოდეთ, რომ ეს სამუდამოა
მამაკაცებო, თუ გვერდით ძლიერი ქალი გყავთ და მას თავს არასაჭიროდ აგრძნობინებთ, იცოდეთ, რომ ის სამუდამოდ დაგემშვიდობებათ და თქვენკენ არასდროს ​მოიხედავს. ძლიერი ქალი აღარასდროს იფიქრებს იმაზე, რაც მოხდა და არც შეცდომის გამოსწორების უფლებას მოგცემთ.

ძლიერი ქალი თქვენს სიყვარულს განაგრძობს, ის უღირს საქციელს გაპატიებთ კიდეც, მაგრამ თუ ის თავს ზედმეტად იგრძნობს, თქვენთან ურთიერთობაზე უარის თქმისთვის დიდი ფიქრი არ დასჭირდება.

ცხადია, ის დაიტანჯება და ტკივილსაც იგრძნობს. ძლიერი ქალი სხვა მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა მსგავსად დარდს ვერსად გაექცევა, მაგრამ მძიმე წუთებთან და სირთულეებთან გამკლავების საოცარი უნარი მას ყველასგან გამოარჩევს.

დასასრულის დასაწყისისთანავე ის საოცარ ძალას ავლენს. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ თქვენი ურთიერთობა მარცხისთვის არის განწირული და მასთან დაშორება გსურთ, ძლიერი ქალი თქვენს გადაწყვეტილებას უსიტყვოდ დაეთანხმება. ის გადაწყვეტს, რომ თქვენ მისთვის სათანადოდ კარგი არ ხართ და თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ მოისურვებს.

ძლიერი ქალის პასუხი თქვენ გატყვევებთ და გაბნევთ. თქვენი მოლოდინი, რომ მას გული გაუტყდებოდა, რომ მოზღვავებული ემოციები მას სამუდამოდ დატანჯავდნენ, არ გამართლდა. ცხადია, ის მარცხს სხვებივით განიცდის, მაგრამ ძლიერი ქალი დიდხანს არასდროს იტანჯება.

შესაძლოა, ის დასევდიანდეს იმის გამო, რაც მოხდა, განიცადოს, რომ თქვენთან ურთიერთობა განსაკუთრებული არ აღმოჩნდა, მაგრამ ძლიერი ქალი ერთ შემთხვევას არასდროს მისცემს უფლებას მისი ბედი საბოლოოდ გადაწყვიტოს. ის ძალიან სწრაფად აღიდგენს ძალებს და განშორებას სიამაყითა და კეთილშობილებით შეურიგდება. მოიწყენს თუ არა ის თქვენგან წასვლის შემდეგ? ცხადია, მოიწყენს! ის ხშირად იფიქრებს თქვენზე და ძვირფას წუთებს არაერთხელ გაიხსენებს. ის ბევრჯერ წარმოიდგენს, რა მოხდებოდა ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაგრამ ძლიერი ქალი მსგავს წუთებს აუცილებლად გაუმკლავდება და გადალახავს. ერთი რამ დანამდვილებით უნდა იცოდეთ, ის არასდროს გთხოვთ მასთან დარჩენას, მსგავსი რამ არასდროს მოხდება! ძლიერი ქალი თხოვნას და მუდარას ვერც თქვენგან აიტანს. ის აუცილებლად გაგაფრთხილებთ, რომ თუ თქვენგან წასვლას გადაწყვეტს, მას თქვენთან დარჩენა აღარ უნდა სთხოვოთ.

ძლიერი ქალი ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული და არა - წარსულზე. ის ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ გამოწვევას მიიღებს და უსიამოვნებებს ხასიათის გაფუჭების უფლებას არ მისცემს. ის ძლიერ ადამიანად დარჩება და სამყაროს დაიპყრობს, ძლიერი ქალი ამას თქვენ გარეშეც შეძლებს.

ნეგატიური გამოცდილება ძლიერ ქალს არ გააბოროტებს. თქვენთან განშორება მას პიროვნულად გაზრდის და უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ის უფრო გამჭრიახი, ბრძენი და თანამგრძნობი ადამიანი გახდება.

თუ თქვენ გვერდით ძლიერი ქალი გყავთ, უნდა იცოდეთ, რომ ის მაშინვე მიგატოვებთ, როგორც კი იგრძნობს, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ. თქვენ კი მისი გადაწყვეტილების შეცვლას ვერასდროს შეძლებთ. დააფასეთ ყოველი წამი, რომელსაც მის გვერდით ატარებთ, რადგან არ იცით, რამდენ ხანს გასტანს თქვენი ბედნიერება. 

მომზადებულია optimalpositivity.com
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

წაიკითხეთ სრულად