Baby Bag

ბავშვის პირველი ახალი წელი - 15 რჩევა დაუვიწყარი დღესასწაულის მოსაწყობად

ბავშვის პირველი ახალი წელი - 15 რჩევა დაუვიწყარი დღესასწაულის მოსაწყობად
ბავშვი მშობლისთვის საუკეთესო საჩუქარია. როდესაც ოჯახში პატარა იბადება, ყველას ყურადღება მისკენ არის მიმართული. თუ სახლში ჩვილი გყავთ, რომელიც ახალ წელს პირველად ​ხვდება, ალბათ, მისთვის განსაკუთრებული დღესასწაულის მოწყობას გეგმავთ. თუ გსურთ, რომ ბავშვის პირველი ახალი წელი თქვენთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდეს, ყურადღებით გაეცანით სტატიაში შემოთავაზებულ საინტერესო და კრეატიულ რჩევებს.

• საახალწლო აქტივობები წინასწარ დაგეგმეთ

შესაძლოა, მეუღლეს ხშირად ეკამათებით, რადგან ვერ გადაგიწყვეტიათ, რომლის მშობლების ოჯახში უნდა შეხვდეთ ახალ წელს. თუ ოჯახში პატარა გყავთ, სავარაუდოდ, როგორც თქვენს, ასევე თქვენი მეუღლის მშობლებს, უდიდესი სურვილი აქვთ, რომ ახალი წელი თქვენთან ერთად გაატარონ. სწორედ ამიტომ, საახალწლო აქტივობები მეუღლესთან ერთად წინასწარ დაგეგმეთ. უმჯობესია, თუ დიდ საოჯახო დღესასწაულს მოაწყობთ და ყველანი ერთად შეიკრიბებით. გული არც თქვენს მშობლებს დაწყვიტოთ და ნურც თქვენი მეუღლის ოჯახს დატოვებთ უყურადღებოდ.

• ძველ ნივთებს დაემშვიდობეთ

ახალი წლის დადგომამდე ბავშვის იმ ნივთებს უნდა დაემშვიდობოთ, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ის სათამაშოები და ტანსაცმელი, რომელიც პატარას აღარ გამოადგება, ერთად მოაგროვეთ და საქველმოქმედო მიზნით გამოიყენეთ. თუ მეორე ბავშვს ელოდებით, ნივთები მისთვის გადაინახეთ. შეგიძლიათ თქვენს ორსულ მეგობარს გაუწიოთ დახმარება. სახლში სივრცე აუცილებლად გაათავისუფლეთ, რათა ახალ წელს მიღებული საჩუქრებისთვის ადგილი გქონდეთ.

• შეადგინეთ სურვილების სია

ბავშვისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთების შესახებ თქვენ ყველაფერი იცით. სწორედ ამიტომ, ახალი წლის დადგომამდე აუცილებლად ჩამოწერეთ სურვილების ნუსხა და თქვენს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს დაურიგეთ. თუ ისინი თქვენთან მოსვლას გეგმავენ და პატარასთვის საჩუქრის შერჩევას ცდილობენ, უმჯობესია, თუ გარკვეულ დახმარებას გაუწევთ და მიანიშნებთ, რა სახის საჩუქარი გაგახარებთ უფრო მეტად.

• ბავშვი სტრესისგან უნდა დაიცვათ

პირველი ახალი წელი ბავშვისთვის დიდი სიხარულის მომტანი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მისთვის დაუვიწყარი დღესასწაულის მოწყობას ცდილობთ, პატარას ყოველდღიური რუტინა თანმიმდევრულად უნდა დაიცვათ. ის დროულად უნდა გამოკვებოთ, ათამაშოთ, გაართოთ და დააძინოთ. ბავშვს მეტისმეტად ნუ დასტრესავთ და გადაჭარბებული მხიარულებით ნუ გადაღლით.

• საფუძველი ჩაუყარეთ ახალ ტრადიციას

ახალ წელს სიახლეებით უნდა შეხვდეთ. ეცადეთ ძველი ჩვეულებების გარდა დღესასწაული ახალი ტრადიციებითაც გაამდიდროთ. მართალია, პატარა აქტივობებში მონაწილეობის მიღებას ჯერ ვერ შეძლებს, მაგრამ სამომავლოდ ისიც ტრადიციის განუყოფელ ნაწილად იქცევა. შეგიძლიათ, ოჯახის წევრებისთვის რამდენიმე ერთნაირი პიჟამა შეიძინოთ და ყველანი სადღესასწაულოდ გამოეწყოთ. თუ გურმანთა ოჯახი გაქვთ, საჩუქრების გახსნამდე დონატები მიირთვით. ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო ტრადიცია, რომელსაც შეგიძლიათ აქტიურად მისდიოთ, ქველმოქმედებაა. ოჯახის წევრებთან ერთად წინასაახალწლოდ საქველმოქმედო აქტივობებში მიიღეთ მონაწილეობა. ადამიანებს ტანსაცმლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით ან გარკვეული თანხით დაეხმარეთ.

• დრო ბავშვთან ერთად გაატარეთ

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც თქვენს შვილს შეგიძლიათ მისცეთ - დროა. საახალწლოდ ერთი დღე მთლიანად ოჯახს მიუძღვენით. პატარასთან ერთად საყიდლებზე წადით ან სხვადასხვა თამაშით გაერთეთ. ბავშვს თქვენი ყურადღება უსაზღვროდ გაახარებს. თქვენ კი ოჯახთან ერთად გატარებული დრო გაგაბედნიერებთ.

• ეწვიეთ თოვლის ბაბუას

მართალია, თქვენი შვილი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, მაგრამ მას თოვლის ბაბუასთან ერთად ფოტო აუცილებლად უნდა გადაუღოთ. ბავშვის ემოციები, როდესაც ის წვერებიან მოხუცს დაინახავს, თქვენთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. ამ ყველაფრის ფოტოზე ასახვა კი არ უნდა დაგავიწყდეთ.

 წაიკითხეთ საახალწლო წიგნები

დღესასწაულებზე სერიოზული ლიტერატურა უნდა დაივიწყოთ. სპეციალურად ახალი წლის დღესასწაულისთვის შექმნილი წიგნები შეიძინეთ და დღის განმავლობაში გარკვეული დრო კითხვას დაუთმეთ, რათა ოჯახში ამაღლებული განწყობის შენარჩუნება შეძლოთ.

• ბავშვისთვის განსაკუთრებული საჩუქარი შეიძინეთ

მართალია, ბებიები და ბაბუები პატარას აუცილებლად გაანებივრებენ, მაგრამ თქვენ ბავშვისთვის განსაკუთრებული საჩუქარი უნდა შეიძინოთ, რომელიც მის პირველ ახალ წელს უფრო გამორჩეულს და დაუვიწყარს გახდის. პატარას ისეთი ნივთი უყიდეთ, რომელსაც ის მოზრდილ ასაკში გამოიყენებს. უმჯობესია, თუ ისეთ საჩუქარს შეიძენთ, რომელიც ბავშვისთვის ერთგვარ რელიქვიად იქცევა. შეგიძლიათ პატარას ძვირადღირებული ოქროს სამაჯური უყიდოთ. ზოგიერთი შვილისთვის ძვირფას ჭურჭელს ან თეთრეულს ყიდულობს.

  • მოაწყვეთ საბავშვო წვეულება

  • საახალწლო განწყობის ასამაღლებლად სტუმრად თქვენი მეგობრები და მათი მცირეწლოვანი ბავშვები მოიწვიეთ. პატარებს თავზე სანტას ქუდები დაახურეთ და სპეციალურად ახალი წლისთვის შეძენილი სათამაშოებით გართობის შესაძლებლობა მიეცით. მშობლებმა შეგიძლიათ მათთვის ფოტოების გადაღებით გაირთოთ თავი ან სხვა აქტივობებით დაკავდეთ.

    • ბავშვის ზრდა კადრზე აღბეჭდეთ

    ფრაზა „დრო გარბის“ ყველაზე მეტად პატარებთან მიმართებაში მართლდება. ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება. შვილის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებლის შესაფასებლად, პატარას ფოტო ნაძვის ხესთან ან ბუხართან გადაუღეთ. მსგავსი ფოტოები ყოველწლიურად უნდა გადაიღოთ. ბავშვის ზრდა კადრზე აღბეჭდეთ და ეს ყოველწლიურ ტრადიციად აქციეთ.

    • ბავშვის ოთახი განათებებით მორთეთ

    ბავშვებს ფერადი ნათურები ძალიან უყვართ. პატარას გასახალისებლად მისი საძინებელი განათებებით მორთეთ. მთავარია, იცოდეთ, რომ ბავშვს ნათურებზე წვდომა არ აქვს, რათა მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული იყოთ. როდესაც ბავშვს განათებულ ოთახს პირველად აჩვენებთ, მის თვალებში დანახული ბედნიერი ნაპერწკლები დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ.

    • დაამზადეთ სადღესასწაულო ბარათები

    ყველა მშობელი ონცებობს, რომ ისეთი სადღესასწაულო ბარათი დაამზადოს, რომელზეც მისი შვილის გამოსახულება იქნება დატანილი. ბავშვისთვის საახალწლო სათამაშოები და აქსესუარები შეიძინეთ. როდესაც ის თამაშს დაიწყებს, პატარას საინტერესო ფოტოები გადაუღეთ. თუ ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა და თამაში არ შეუძლია, ის საახალწლო დეკორაციებთან დასვით და ფოტოები ისე გადაუღეთ. გადაღებული ფოტოებიდან საუკეთესო კადრი შეარჩიეთ და ის საახალწლო ბარათის დასამზადებლად გამოიყენეთ.

  • ბავშვს ქალაქი დაათვალიერებინეთ

  • ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის დაუვიწყარი დღესასწაულის მოსაწყობად შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლა ნამდვილად არ დაგჭირდებათ. საკმარისია ქალაქში შვილთან ერთად გაისეირნოთ. საახალწლო დეკორაციებისა და სადღესასწაულოდ მორთული ვიტრინების დანახვა ბავშვს წარმოუდგენლად გაახარებს.

    • ბავშვის შეგრძნებები წაახალისეთ

    დღესასწაულის უკეთ აღსაქმელად ბავშვის შეგრძნებები წაახალისეთ. ნება მიეცით პატარას ნაძვის ხეს შეეხოს, მისი წიწვები დაყნოსოს, სათამაშოები ხელში დაიჭიროს. ბავშვს ფერადი ნათურების ყურების შესაძლებლობა უნდა მისცეთ. პატარასთან ერთად მოუსმინეთ სადღესასწაულო მუსიკას, დარეკეთ ზარები. ბავშვს რომელიმე სადღესასწაულო კერძი გაასინჯეთ. ახალ წელს მას სიახლეებთან ზიარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ბავშვისთვის დაუვიწყარი დღესასწაულის ჩუქება საოცრად გაგახალისებთ და გაგაბედნიერებთ. 

    მომზადებულია parents.com-ის მიხედვით
    თარგმნა ია ნაროუშვილმა 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    რამდენი ენერგია სჭირდება ბავშვის ორგანიზმს საკვების სახით სხვადასხვა ასაკში? - მარი მალაზონიას რეკომენდაცია

    რამდენი ენერგია სჭირდება ბავშვის ორგანიზმს საკვების სახით სხვადასხვა ასაკში?  - მარი მალაზონიას რეკომენდაცია

    ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მშობლებს სხვადასხვა ასაკში ბავშვისთვის საკვების სახით აუცილებლად მისაღები ენერგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა:

    „რამდენი ენერგია სჭირდება ბავშვს, იმისთვის, რომ მისმა ორგანიზმმა სრულფასოვნად იმუშაოს? ეს ყველა ასაკში არის განსხვავებული. საერთაშორისო რეკომენდაციები დაჯგუფდა ასაკობრივი ნიშნით. ასაკობრივი ჯგუფები არის 2-4 წლამდე, 5-8 წლამდე, 9-13 წლამდე და 14-18 წლამდე ასაკი.

    საკვებით მიღებული ენერგია (კკალ)

    ასაკი გოგონები ვაჟები
    2-4 წ. 1000-1400 1000-1600
    5-8 წ. 1200-1800 1200-2000
    9-13 წ. 1400-2200 1600-2600
    14-18 წ. 1800-2400 2000-3200

    გოგონებისა და ვაჟების მოთხოვნილება ენერგიაზე განსხვავებულია. უნდა გავითვალისწინოთ, როგორია ბავშვის ზრდის ტემპი. ზოგიერთი უფრო სწრაფად იზრდება და იმატებს პარამეტრებში. ზოგიერთი კი უფრო ნელა მიჰყვება. ასეთ შემთხვევაში მონაცემები განსხვავებულია. მნიშვნელოვანია, როგორია ბავშვის აქტივობის დონე. ზოგიერთ ბავშვს არ უყვარს ფიზიკური აქტივობა, ზოგიერთი ძალიან სპორტულია. ასაკთან ერთად სქესის მიუხედავად ენერგეტიკული მოთხოვნილება იზრდება. ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში ვაჟების მოთხოვნილება ენერგიაზე აღემატება გოგონების მოთხოვნილებას. მშობელს არ ევალება, რომ ყოველდღიურად დაითვალოს რამდენი კალორია მისცა ბავშვს ყოველდღიურად. ეს ძნელი დასათვლელია. როდესაც კერძს მოამზადებთ, ეს პრინციპი ულუფის ზომის მიხედვით შეგიძლიათ დაიცვათ. შესაძლოა, ვაჟის ულუფა იყოს ცოტა უფრო მეტი, ვიდრე არის გოგონასი. მინდა, ეს სწორად გაიგოს ყველა ადამიანმა, ვინც ამას უფლედამცველის პოზიციიდან ისმენს. არავითარ შემთხვევაში ეს არ ემსახურება ვინმეს უფლების შელახვას. არც აკნინებს გოგონას სქესობრივი ნიშნით. ჩვენ ვლაპარაკობთ ფიზიოლოგიურ კანონზომიერებაზე, რომელიც გვეუბნება, რომ ბიჭმა შეიძლება უფრო დიდი ულუფა მიირთვას, ვიდრე მიირთმევს გოგონა. ეს არის ლოგიკური გამჟღავნება იმ პროცესებისა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიდის,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

    წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

    წაიკითხეთ სრულად