Baby Bag

ფინეთში მამები დეკრეტული შვებულებისთვის დედების თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ

ფინეთში მამები დეკრეტული შვებულებისთვის დედების თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ
ფინეთის ახალი მთავრობის ინიციატივით მამები და დედები დეკრეტული შვებულებისთვის თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვების აღზრდაში მამების როლის გაზრდას ისახავს მიზნად. ანაზღაურებადი შვებულების ვადა ორივე მშობლისთვის ჯამში 14 თვემდე გაიზრდება. თითოეულ მშობელს დეკრეტული შვებულებისთვის 164 დღე უნდა გამოეყოს.

ფინეთის მეზობელ შვედეთს დეკრეტული შვებულების ყველაზე ძლიერი სისტემა აქვს ჩამოყალიბებული. ბავშვის დაბადების შემდეგ თითოეულ მშობელს 240 დღიანი დეკრეტული შვებულების აღების უფლება ეძლევა. ფინეთის მთავრობის განცხადებით, ახალი ინიციატივა მოქალაქეთა კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მშობელთა ურთიერთკავშირის გასაძლიერებლად ფინეთში რადიკალური რეფორმების გატარება იგეგმება.

ფინეთის მოქმედი კანონმდებლობით დედებს 4,2 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების აღების უფლება აქვთ, 2 წლამდე ასაკის ბავშვის მამებს კი 2,2 თვიანი შვებულების აღება შეუძლიათ. გარდა ამისა, მშობლებს დამატებით 6 თვიანი შვებულების განაწილების უფლებაც აქვთ. მიუხედავად ამისა, ყოველ 4 მამას შორის მხოლოდ ერთი სარგებლობს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული დეკრეტული შვებულების უფლებით. ახალი ინიციატივის მიხედვით, თითოეულ მშობელს 7 თვემდე შვებულების აღების უფლება ეძლევა, ორსული ქალბატონები კი დამატებით რამდენიმე თვიანი შვებულების აღებასაც შეძლებენ.

იანვარში ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთმა გენდერული თანასწორობის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გააკეთოს. სანა მარინის თქმით, მამები მცირეწლოვან შვილებთან ძალიან ცოტა დროს ატარებენ.

სკანდინავიის ქვეყნებმა მამებისთვის დეკრეტული შვებულების დროისა და ანაზღაურების გაზრდის მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. მათ მაგალითს ევროპის სხვა სახელმწიფოებიც ბაძავენ. 2019 წლის დირექტივების მიხედვით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მომდევნო სამი წლის მანძილზე თითოეული მშობლის მინიმუმ 4 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით უზრუნველყოფა უნდა შეძლონ.

პორტუგალიამ უკვე შეძლო დეკრეტული შვებულების შესახებ გენდერულად ნეიტრალური კანონის ამოქმედება. პორტუგალიელ მშობლებს 120 დღიანი შვებულება ხელფასის 100 პროცენტის მიღებით უნაზღაურდებათ, ხოლო დამატებით 30 დღიანი დეკრეტული შვებულების აღების შემთხვევაში, ისინი ხელფასის 80 %-ს იღებენ.

სკანდინავიურ ქვეყნებში გენდერულად ნეიტრალური დეკრეტული შვებულების შესახებ კანონების ამოქმედება ყოველთვის არ ამართლებდა. ნორვეგია პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც 1993 წელს მამები დეკრეტული შვებულების აღებით დაავალდებულა. მამებს არ შეეძლოთ დეკრეტული შვებულების დღეების გადაცვლა დედებთან. ნორვეგიის მაგალითს მალე შვედეთმა მიბაძა. 1998 წელს დანიამაც შეიმუშავა გენდერულად ნეიტრალური შვებულების შესახებ კანონი, რომელიც მალევე გააუქმა, რის შემდეგაც დანიაში მსგავსი ტიპის კანონის შემუშავებაზე აღარ უმსჯელიათ. დანიელ მამებს ბავშვის დაბადებიდან 2 კვირის მანძილზე ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება აქვთ. მომდევნო 32 კვირას კი ისინი დედებთან ერთად ინაწილებენ.

გასული წლის დეკემბრის თვიდან ფინეთს ხუთი პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა მართავს. თითოეული პარტიის სათავეში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი დგას. მთავრობის ახალი ინიციატივა ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფას მოითხოვს.

შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ესტონეთი და პორტუგალია ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელ მოწინავე სახელმწიფოებად გვევლინებიან. გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საბერძნეთს, კვიპროსს და შვეიცარიას ამ მხრივ ნაკლებად ეფექტური პოლიტიკა აქვთ. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მომზადებულია ​bbc.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვისთვის ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვებში ხშირი ავადობის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომელ ასაკში არ არის საყურადღებო ცივ სეზონზე ბავშვების ხშირი ავადობა:

„განვმარტოთ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვი, მით უმეტეს, თუ არის პირველი წელი, როდესაც ის შედის ბაღში, ამ დროს ცივ სეზონზე ისინი ხშირად ავადობენ. ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა. ეს არის ასაკზე დამოკიდებული და ასევე იმაზე, რა კოლექტივშია ბავშვი. საბავშვო ბაღში ეს დასაშვებია. როდესაც ბავშვი არის სასკოლო ასაკში, მაშინ ეს იქნება უფრო ყურადსაღები. სასკოლო ასაკში 8-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ ავადობა წელიწადში უკვე სხვა რაღაცაზე მიანიშნებს ექიმს და მშობელს. ნუ შეეშინდებათ მშობლებს. ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის, იმან ხშირად უნდა იავადმყოფოს.

ნურც იმის შეეშინდებათ მშობლებს, რომ ხშირად ამბობენ: „რაც ცივი სეზონი დადგა, ოქტომბრიდან მაისამდე ბავშვი სულ ახველებს. ხომ არ შეიძლება სულ ახველებდეს? რაშია საქმე?“ პოსტ-ინფექციურ პერიოდში, როდესაც ბავშვი გადის ბაღში, ახალი მიკრობი მოქმედებს და მწვავდება ჩივილები. ამიტომ არის ეს გადაბმული, მშობლისთვის ერთი შეხედვით გაუთავებელი ჩივილები. მშობელს უნდა, რომ ეს ხველა ერთ რაღაცასთან დააკავშიროს. ასე არ არის. ეს არის მორიგი მწვავე რესპირაციული დაავადება, მორიგი პოსტ-ინფექციური პერიოდებით. ნუ შეეშინდება ამის მშობელს,“- მოცემულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ „რადიო ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“ 

წაიკითხეთ სრულად