Baby Bag

რატომ იკბინებიან ბავშვები და როგორ დავეხმაროთ შვილს მავნე ჩვევის დაძლევაში?

რატომ იკბინებიან ბავშვები და როგორ დავეხმაროთ შვილს მავნე ჩვევის დაძლევაში?
თქვენი 5 წლის ქალიშვილის საუკეთესო მეგობარი გეუბნებათ, რომ თქვენმა შვილმა მას მწარედ უკბინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსგავსი საჩივრის მოსმენა გიწევთ. ბაღის აღმზრდელმა უკვე რამდენჯერმე გაგაფრთხილათ, რომ თქვენი შვილი თავის მეგობრებს კბენს და ტკივილს აყენებს. ბავშვი, რომელსაც კბენის მავნე ჩვევა აქვს, საკუთარი გრძნობების ყველაზე ნეგატიური ფორმით გამოხატვას ცდილობს. ადამიანი, რომელსაც კბენენ, მწვავე ფიზიკურ ტკივილს განიცდის. მოძალადე ბავშვის მშობლები კი უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში არიან.

რატომ იკბინებიან პატარები და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ აღმოაჩენს, რომ ბავშვი ამ მავნე ჩვევისკენ მეტისმეტად არის მიდრეკილი? ჩვენს სტატიაში იმ მიზეზებზე გესაუბრებით, რომელთა გამო თქვენს შვილს კბენის მავნე ჩვევა უყალიბდება. ასევე გაგაცნობთ საინტერესო რჩევებს, რომელთა დახმარებით ბავშვის ქცევის შეცვლას და მასზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას აუცილებლად შეძლებთ.

რატომ იკბინებიან ბავშვები?

ბავშვები ხშირად იკბინებიან, რათა საკუთარი ემოციების გამოხატვა შეძლონ. ამგვარი ქმედების მიღმა, შესაძლოა, ქცევის მოსალოდნელი შედეგების შემოწმების სურვილიც იმალებოდეს. როგორც წესი, 2 წლის ასაკიდან ბავშვებმა უკვე კარგად იციან, რომ კბენა სოციალურად მისაღები ქცევა არ არის, მიუხედავად ამისა, ისინი მავნე ჩვევისადმი მიდრეკილების დაძლევას მაინც ვერ ახერხებენ. თუ ბავშვი ხშირად იკბინება, შესაძლოა მის ნეგატიურ ქცევას ქვემოთ დასახელებულ მიზეზთაგან რომელიმე მათგანი იწვევდეს.

• შფოთვა ან აღფრთოვანება - მცირეწლოვანი ბავშვები ზეწოლას თუ განიცდიან, თავიანთი მდგომარეობის შეფასებას რაციონალურად ვერ ახერხებენ. მათ სტრესზე ადეკვატური რეაქციის გამოხატვის უნარი არ აქვთ. თუ ბავშვი გრძნობს, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია, ის აპათიაში ვარდება და საკუთარ ნეგატიურ განცდებს კბენით გამოხატავს. მაგალითად, თუ თქვენი შვილი ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს, ბავშვების ჭარბმა რაოდენობამ, შესაძლოა, მისი აღელვება ან მეტისმეტი აღფრთოვანება გამოიწვიოს. დაგროვილი ემოციების გამოსახატად პატარამ შეიძლება რომელიმე მეგობარს მოულოდნელად უკბინოს.

• ბრაზი - თუ ბავშვი გრძნობს, რომ ვითარება მის კონტროლს არ ექვემდებარება, ის ბრაზით ივსება. საკუთარი დომინანტობის დასამტკიცებლად, პატარა ხშირად ხისტ ქმედებებს ავლენს. შესაძლოა, მან ვინმეს მწარედ უკბინოს, რათა საკუთარ პირველობას ხაზი გაუსვას. თუ თქვენს შვილს და ან ძმა სათამაშოს წაართმევს და ის მის დაბრუნებას ვეღარ ახერხებს, სავარაუდოდ ძალიან აგრესიული გახდება. არ არის გამორიცხული, რომ სიბრაზე კბენითაც გამოხატოს.

• დომინანტობის სურვილი - თუ ბავშვი ოჯახის უმცროსი წევრია, ის თავის უფროს და-ძმას სერიოზულ კონკურენტებად განიხილავს. მათზე დომინირების მიზნით, პატარა არც კბენას ან სხვა უხეშ ქმედებებს მოერიდება. შესაძლოა, მან მსგავსი ქმედება თავის სამეგობრო წრეშიც გამოავლინოს, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ სხვებზე ძლიერია.

• სტრესი - ბავშვის ნეგატიური ქცევა ხშირად რომელიმე სტრესორის მიერ არის გამოწვეული. პატარა სტრესზე განსხვავებულად რეაგირებს. თუ ბავშვი მშობელს ჩამოშორდა და მას აღმზრდელი უვლის, შესაძლოა, პატარას აგრესია განუვითარდეს. არ არის გამორიცხული, რომ მან ძიძას მწარედ უკბინოს ან სხვა აგრესიული ქმედება გამოავლინოს.

• ექსპერიმენტი - თუ ბავშვი მცირეწლოვანია, მას საზოგადოებაში ქცევის წესებზე სათანადო წარმოდგენა ჯერ კიდევ არ აქვს. თუ ის ვინმეს მწარედ კბენს, ე.ი. ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს. ბავშვს აინტერესებს, რა საპასუხო რეაქცია მოჰყვება მის ქცევას უფროსებისა და მშობლების მხრიდან. კბენა, როგორც სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ექსპერიმენტული ქცევა, სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი 3 წლამდე ასაკისაა.

შეიძლება თუ არა, რომ კბენის მიზეზი სერიოზული ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა იყოს?

კბენის მავნე ჩვევის მიღმა, შესაძლოა, სერიოზული ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემაც იმალებოდეს. მსგავს შემთხვევაში, კბენას ხშირი და განმეორებითი ხასიათი აქვს და მას თან ერთვის ხასიათისა და ქცევის სხვა თავისებურებებიც.

• აუტიზმი

ხშირი და განმეორებადი კბენა, შესაძლოა, აუტიზმის ან აუტისტური სპექტრის აშლილობების ადრეული ნიშანი იყოს. თუ ბავშვი ხშირად იკბინება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აუტიზმის დიაგნოზი უნდა დაუსვათ. აუტიზმს კბენის გარდა სხვა უამრავი სიმპტომი და გამოვლინება აქვს. მხოლოდ გახშირებული კბენა აუტისტური სპექტრის აშლილობაზე არ მიგვანიშნებს. თუ ბავშვს აუტიზმის სხვა ნიშნებსაც ამჩნევთ, ის აუცილებლად ფსიქოლოგთან უნდა მიიყვანოთ.

• ფსიქიკური აშლილობები

კვლევებით დგინდება, რომ თითებზე ხშირი კბენა, შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობის ნიშანი იყოს. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები სხვებს კბენენ, თუმცა იშვიათად, ისინი თვითდაზიანებების მიყენებასაც არ ერიდებიან. თუ ბავშვი საკუთარ თითებს იშვიათად კბენს, სანერვიულო არაფერია, მაგრამ თუ აღნიშნული ჩვევა ინტენსიური და აგრესიულია, ე.ი. საქმე სერიოზულ პრობლემასთან გაქვთ. თუ ბავშვი ფრჩხილებს ხშირად იჭამს და თითებზე კბენაც ახასიათებს, შესაძლოა, მას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ჰქონდეს.

• ინფექციები

ბავშვი, რომელიც ხშირად იკბინება, მავნე ინფექციებით დაავადების რისკჯგუფშია. თუ ის მეტისმეტად მწარედ იკბინება, შესაძლოა, მის ნერწყვში სხვა ადამიანის სისხლი მოხვდეს, რაც სხვადასხვა ინფექციის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აღნიშნული მავნე ჩვევა ზრდის ბაქტერიებით, ჰეპატიტითა და შიდსით დაავადების რისკს. მედიკოსები გვარწმუნებენ, რომ კბენის შედეგად პათოგენების ბავშვის სხეულში მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია. ბავშვები სხვა ადამიანებს კბენით სიღრმისეულ დაზიანებებს ნაკლებად აყენებენ, რის გამოც მათი ინფიცირების რისკი მაღალი არ არის, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს.

ბავშვი, რომელიც ხშირად იკბინება, გარშემომყოფებს პრობლემურ ადამიანად მიაჩნიათ, რაც მისი მშობლების გულისტკივილის მთავარი მიზეზია.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც შვილს კბენის მავნე ჩვევა აქვს?

სკოლის მასწავლებლის ან ბავშვის მეგობრებისგან საყვედურს თუ მიიღებთ და შეიტყობთ, რომ თქვენი შვილი მწარედ იკბინება, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

• თქვენი შვილი მსხვერპლისგან განაცალკევეთ - თქვენი შვილი მოაშორეთ ბავშვს, რომელსაც მან უკბინა. ეცადეთ, ბავშვებს შორის დისტანცია ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, თუნდაც ეს კონფლიქტის პირველი შემთხვევა იყოს. ეცადეთ, დაძაბულობა მაქსიმალურად განმუხტოთ.

• აუხსენით ბავშვს, რომ კბენა კარგი საქციელი არ არის - თქვენს შვილს თვალებში ჩახედეთ და მას ზრდილობიანად, მაგრამ მკაცრად დაელაპარაკეთ. აუხსენით ბავშვს, რომ მან სხვებს არ უნდა უკბინოს, რადგან ეს მოსაწონი ქცევა არ არის. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ კბენა მტკივნეულია და ის სხვა ადამიანებს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ბავშვს მეტისმეტად ნუ გააკრიტიკებთ. თუ იგრძნობთ, რომ ის საკუთარ დანაშაულს აცნობიერებს, ყურადღება დაზიანებულ ბავშვზე გადაიტანეთ.

• ნუ დაიცავთ საკუთარ შვილს - როდესაც ბავშვის მეგობარი, მისი მშობელი ან მასწავლებელი გსაყვედურობთ და გეუბნებათ, რომ თქვენი შვილი იკბინება, ბავშვის დაცვას ნუ ეცდებით. აუხსენით მომჩივან მხარეს, რომ თქვენთვის მსგავსი ქცევა მიუღებელია და ეცდებით, ეს პრობლემა მოაგვაროთ.

• ბავშვს ნეგატიური ქცევის მიზეზის შესახებ ჰკითხეთ - ბავშვს ფრთხილად გამოკითხეთ მისი საქციელის მიზეზების შესახებ. მას შემდეგი კითხვები დაუსვით: „რამ გაიძულა, რომ მეგობრისთვის გეკბინა?“ „თავს ცუდად გრძნობდი და ამიტომ იკბინებოდი?“ „რა გაწუხებდა?“ „რამე ხომ არ გტკიოდა?“ ბავშვთან საუბრისას მოკლე და მარტივი წინადადებები გამოიყენეთ. ეცადეთ, მისგან სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი შვილი ხშირად იკბინება?

ბავშვს კბენის მავნე ჩვევას თუ ამჩნევთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ თავი შეიკავოთ შემდეგი ქმედებებისგან:

• არ შეეხოთ ბავშვს ფიზიკურად და არ იყვიროთ - ბავშვს ფიზიკური დასჯა ან ყვირილი კიდევ უფრო დასტრესავს, რაც მის აგრესიას გაზრდის. გახსოვდეთ, რომ მოძალადე ბავშვი მსხვერპლზე ნაკლებად აღელვებული არ არის. თუ მას უყვირებთ, თქვენ შორის კომუნიკაციის დამყარება ძალიან გართულდება. უკმაყოფილება მხოლოდ რამდენიმე მოკლე და მარტივი წინადადებით გამოხატეთ.

• ბავშვს გადაჭარბებული ყურადღებით თავს ნუ მოაბეზრებთ - თუ ბავშვს ცუდი საქციელის გამო მეტისმეტად გააკრიტიკებთ, ის დაიბნევა. ზედმეტი ყურადღება მას თავს მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინებს და ჩათვლის, რომ ყურადღების მიქცევას სხვა ბავშვების კბენით ადვილად შეძლებს. ბავშვი თავს დამნაშავედ უფრო მაშინ იგრძნობს, თუ შეამჩევს, რომ მის ნეგატიურ ქცევას განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევს. ეცადეთ, დაზარალებული ბავშვისადმი მეტი მზრუნველობა გამოავლინოთ. თქვენი შვილი კი ყურადღებით არ გაანებივროთ.

• არ ჩათვალოთ, რომ თქვენი შვილი ყოველთვის მართალია - ზოგიერთი მშობელი სხვების მხრიდან ბავშვის ქცევის გაკრიტიკებას ვერ ეგუება, რადგან თვლის, რომ ადამიანები მის აღმზრდელობით მეთოდებს იწუნებენ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ნეგატიური ქცევა თქვენს ავტორიტეტს ნამდვილად არ ლახავს. არავინ იფიქრებს, რომ რადგან ბავშვმა აგრესიული ქცევა გამოავლინა, თქვენ მისთვის კარგი მანერები არ გისწავლებიათ. ყოველთვის მოუბოდიშეთ ადამიანს, რომელიც თქვენს შვილს სამართლიანად აკრიტიკებს.

როგორ უნდა გადააჩვიოთ ბავშვი კბენას?

ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ, რომ კბენის საშუალებით საკუთარი ემოციების გამოხატვა მისაღები საქციელი არ არის.

• ასწავლეთ ბავშვს, რომ კბენა მისაღები ქცევა არ არის - აუხსენით თქვენს შვილს, რომ კბენა მიუღებელი საქციელია და თუ ის ამგვარ ქმედებას ხშირად მიმართავს, ახალი მეგობრების შეძენას ვეღარ შეძლებს. ბავშვები მაგალითს უფროსებისგან იღებენ. არასდროს გამოხატოთ აგრესია კბენით, რადგან, მსგავს შემთხვევაში ბავშვის გადარწმუნებას ვეღარ შეძლებთ.

• კბენის ნებისმიერი შემთხვევა გააკრიტიკეთ - თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვი საკუთარ თითებს კბენს, აუცილებლად გააკრიტიკეთ მისი ქცევა. გამოიჩინეთ თანმიმდევრულობა და სიმკაცრე. თუ ბავშვს არ უბრაზდებით, როდესაც ის თავის დას ან ძმას კბენს, მაგრამ საყვედურობთ, როდესაც ის თანაკლასელის მიმართ აგრესიას კბენით გამოხატავს, თქვენ არადამაჯერებლად იქცევით.

• შეიმუშავეთ მკაცრი წესები - შეიმუშავეთ მკაცრი წესები, რომელთა მეშვეობით ბავშვს კბენის მავნე ჩვევაზე უარს მარტივად ათქმევინებთ. თუ შეამჩნევთ, რომ ის ვინმეს კბენს, 5 წუთით მარტო დასვით და საუბარი აუკრძალეთ. შეგიძლიათ, ბავშვს დასჯის მიზნით სათამაშოები ჩამოართვათ.

• გამოიკვლიეთ აგრესიული ქცევის მიზეზები - თუ ბავშვი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკბინება, მისი აგრესიული ქცევის მიზეზები სიღრმისეულად გამოიკვლიეთ. ბავშვს აგრესიული ქმედებისკენ უამრავი სტრესორი უბიძგებს. აუცილებლად გაარკვიეთ, კონკრეტულად რა გახდა ბავშვის გაღიზიანების მიზეზი. შესაძლოა, ბავშვს სათამაშოს წართმევა აღიზიანებს ან ქაოსს ვერ იტანს.

• მიეშვით ბავშვს დამშვიდების შესაძლებლობა - თუ ბავშვი გაღიზიანებულია, მას დამშვიდებისთვის დრო უნდა მისცეთ. გაიყვანეთ პატარა სხვა ოთახში, სადაც თქვენთან ერთად ჩუმად დაჯდომის საშუალება ექნება. მშვიდ და წყნარ გარემოში ბავშვი მარტივად დაწყნარდება, რაც მას თქვენს მოსმენას გაუადვილებს.

• ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს სიბრაზის შემოტევისას - აუხსენით თქვენს შვილს, რომ თუ შემდგომში ის თავს დაუცველად ან გაღიზიანებულად იგრძნობს, დახმარებისთვის აღმზრდელს, მასწავლებელს ან მშობელს უნდა მიმართოს.

• ბავშვი რამდენიმე მეგობრის გარემოცვაში ათამაშეთ - ნუ ათამაშებთ ბავშვს გადატვირთულ გარემოში, სადაც ის ადვილად გაღიზიანდება.

• წაახალისეთ პოზიტიური ქცევა - შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის მისაბაძად იქცევა და აგრესიულ ქმედებას არ ავლენს.


თუ გრძნობთ, რომ ბავშვის ქცევას ვეღარ აკონტროლებთ, ის ექიმთან უნდა მიიყვანოთ. როდესაც ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი სხვებს კბენს და მათ ტკივილს აყენებს, ნეგატიური განცდა გეუფლებათ, თუმცა ნუ შეშინდებით. თუ ბავშვს აგრესიის დაძლევაში დაეხმარებით და მის პოზიტიურ ქცევას წაახალისებთ, მას მავნე ჩვევებს სამუდამოდ დაავიწყებთ. 

მომზადებულია momjunction.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

​როგორ ვუხსნით ბავშვს გადაწყვეტილებას, რომ მშობლები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, როგორ ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას და როგორ ვცდილობთ, ავუხსნათ ის რთული საკითხი, რასაც განქორწინება ჰქვია - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე საუბრობს.

,,განქორწინება რთული საკითხია და კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გიწევს ამის შესახებ ბავშვთან საუბარი. მაგრამ მაგრამ არსებობს რამდენიმე ფრაზა, რომლითაც უნდა დაიწყო ბავშვთან საუბარი და რაც მას ბევრად შეუმსუბუქებს იმ რეალობას, რომლის წინაშეც ის დგას. ფაქტია, ოჯახი იყოფა და ფაქტია, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ, მაგრამ ის დასკვნები, რომლებიც ბავშვებს გამოაქვთ, ბევრად უფრო დრამატული და ტრაგიკულია, ვიდრე - რეალობა. 

პირველ ყოვლისა, ჩემი რჩევა იქნება, რომ პარტნიორებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და შეარჩიონ ისეთი მომენტი ბავშვთან სასაუბროდ, როდესაც ორივე იქნება დამშვიდებული. აუცილებელია, ორივე მშობელი გაესაუბროს ბავშვს და ორივე მათგანმა ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდოს მას - ჩვენ გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. სასურველია, ეს მოხდეს ისეთ გარემოში და ისეთ დროს, როდესაც სხვა აქტივობა არ არის დაგეგმილი და იქნება საკმაო დრო გამოყოფილი იმისთვის, რომ საუბარი შედგეს მშვიდად და იყოს დრო, რათა ბავშვმა ეს ყველაფერი აღიქვას. 

ხშირად ხდება, რომ როდესაც წყვილი იწყებს ბავშვთან განქორწინების შესახებ საუბარს, ერთ-ერთი მშობელი ბევრად უფრო ემოციურია - შეიძლება, იტიროს, იჩხუბოს, ინერვიულოს, ასეთ დროს მეორე მშობელს მართებს, იყოს სიტუაციის გადამრჩენი. თუკი ერთი მშობელი ვერ ახერხებს, მეორემ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. 

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც უნდა გაჟღერდეს ბავშვთან კომუნიკაციის დროს. პირველი ფრაზა არის, უთხრათ ბავშვს, რომ ეს არის ორივეს ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უთხარით ბავშვს, რომ ეს არის უფროსების გადაწყვეტილება და ის არანაირ კავშირში არ არის მასთან. აუხსენით, რას ნიშნავს დაშორება, რადგან ბავშვებს ხშირად არასწორი დასკვნები გამოაქვთ - მათ მიაჩნიათ, რომ რომელიმე მშობელი ტოვებს. თუკი არსებობს ბინა, რომელშიც რომელიმე მშობელი გადადის, სასურველია, ბავშვმა ნახოს ის და ჩაერთოს პროცესში. გაუმახვილეთ ბავშვებს ყურადღება იმაზე, რომ მშობლების დაშორება არ ნიშნავს, რომ მათი ოჯახი აღარ არსებობს. განუმარტეთ, რომ ის რუტინული საქმეები, რომლებსაც მასთან ერთად ასრულებდით, ყველაფერი მის ცხოვრებაში დარჩება და ერთობლივად განახორციელებთ. თუმცა, გაამახვილეთ ყურადღება, თუ რა შეიცვლება - თუკი აქამდე მამას მიჰყავდა სკოლაში და გარკვეული დღეების მანძილზე ეს ასე ვეღარ იქნება, აუხსენით, რადგან გაურკვევლობას ბავშვი საკუთარი ფანტაზიით შეავსებს, ბევრად უფრო დრამატულად. 

მნიშვნელოვანია, იყოთ მზად, რომ სხვადასხვა ბავშვს ამ საკითხზე აქვს განსხვავებული რეაქცია. თქვენ უნდა იყოთ მზად, ბავშვს აუხსნათ, რომ ეს პროცესი არის მტკივნეული, ნუ დახუჭავთ თვალს და ნუ შეამსუბუქებთ ამ პროცესს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ შეუქმენით მას იმის მოლოდინი, რომ ამას ყველაფერს ერთად გადალახავთ. ბავშვები არ ზიანდებიან იმიტომ, რომ მშობლები უნდა განქორწინდნენ, ისინი ზიანდებიან იმიტომ, რომ მათთან არ აქვთ სწორი კომუნიკაცია. ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია", - განმარტავს ელენე ჯაფარიძე.

წაიკითხეთ სრულად