Baby Bag

კორონავირუსის პანდემიის გამო შვილებთან ერთად გატარებული დრო საჩუქარია და არა ტვირთი

კორონავირუსის პანდემიის გამო შვილებთან ერთად გატარებული დრო საჩუქარია და არა ტვირთი
პროფესორ რობერტ კელის სახალისო ინტერვიუ, რომელიც ​BBC-ს პირდაპირ ეთერში გავიდა, ინტერნეტში ძალიან სწრაფად გავრცელდა. პროფესორი საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ჟურნალისტს სამხრეთ კორეაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებზე ესაუბრებოდა, როდესაც მის სამუშაო ოთახში მოულოდნელად მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი შემოიჭრა, უფროს დას მალე უმცროსი ძმაც შემოჰყვა. რობერტ კელის მეუღლე პროფესორის კაბინეტში აღელვებული შემოვიდა და ბავშვების გაყვანას მონდომებით ცდილობდა, რაც გამოუვიდა კიდეც. აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ პროფესორის ინტერვიუ აქამდე არ გინახავთ, გირჩევთ ეს ახლავე გააკეთოთ, რადგან ძალიან იხალისებთ.

ადამიანების დიდ ნაწილს რობერტ კელის მიმართ ემპათიის გრძნობა გაუჩნდა. მშობლების ნაწილმა ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს სახლიდან მუშაობა, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვების მშობელი ხარ. გარდა იმისა, რომ კელის ინტერვიუ აღნიშნულ გამოწვევებს ცხადად გვიჩვენებს, ის იმ სახალისო მოულოდნელობების დემონსტრირებასაც ახდენს, რომლებიც დისტანციურ მუშაობას ახლავს თან.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


მშობლები, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს ზრდიან და პარალელურად სახლიდანაც მუშაობენ, ხშირად იძულებული ხდებიან საქმიანი ზარები მაშინ განახორციელონ, როდესაც ბავშვებს საფენებს უცვლიან, ისინი პატარების ჟრიამულისა და ყვირილის ფონზე ესაუბრებიან თანამშრომლებს, ხშირად ცალი ხელით ბავშვი უჭირავთ, მეორე ხელით კი საქმიან ჩანაწერებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, მსგავს რეჟიმში მუშაობას თან ახლავს ფრუსტრაციის და გადაღლილობის განცდა. თქვენ გრძნობთ, რომ დრო არ გყოფნით, დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ვერ ართმევთ, კარიერული მიზნების მიღწევა გიჭირთ.

მართალია, ბავშვების გარემოცვაში დისტანციური სამუშაოს შესრულება რთულია, თუმცა ამ ყოველივეს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. თქვენ არასდროს გეპარებათ ის ცვლილებები, რომლებიც თქვენი შვილების ცხოვრებაში ხდება. იცით, რომელი სიტყვა თქვა პირველად თქვენმა შვილმა, არც მისი პირველი ნაბიჯები გამოგპარვიათ, თქვენ მზად ხართ, ცრემლი მოწმინდოთ ბავშვს, როდესაც ის თავს ცუდად გრძნობს. ოფისში მყოფი ძალიან ბევრ სასიამოვნო და დაუვიწყარ წუთს კარგავთ, რომლებსაც თქვენი შვილები ყოველდღიურად გჩუქნიან.

თანამედროვე სამყაროში რეგულარულ დისტანციურ სამუშაოს მხოლოდ საზოგადოების 5 % ასრულებს. რა თქმა უნდა, ადამიანებს არ აქვთ ფუფუნება, რომ სახლიდან იმუშაონ და შვილებს ყოველდღიურად დიდი დრო დაუთმონ. თუმცა, ადამიანების ნაწილი, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვს, მაინც ოფისში მუშაობას არჩევს და ბავშვებთან ყოფნას მყუდრო გარემოში მუშაობას ამჯობინებს. საზოგადოებაში მშობლების და შვილების 24 საათიანი სიახლოვის იდეა პოპულარობით აღარ სარგებლობს. ოჯახების უდიდეს ნაწილს საკმარისი შემოსავლის მისაღებად აუცილებლად სჭირდება, რომ ორივე მშობელი მუშაობდეს. მარტოხელა დედები კი შვილების რჩენას მხოლოდ სრულ განაკვეთზე დასაქმების შემთხვევაში ახერხებენ. საზოგადოებაში აშკარად იგრძნობა კულტურული ანტიპათია იმ მშობლების მიმართ, რომლებიც კარიერულ ინტერესებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ბავშვებთან ყოფნას არჩევენ, რაც მათ უდიდეს ნაწილში შიშსა და დაბნეულობას იწვევს.

დედები, რომლებიც სახლში სხედან და არ მუშაობენ ხშირად პრივილეგირებულებად მიიჩნევიან, სახლიდან მომუშავე მშობლები კი - ზარმაცებად. თუმცა მშობლების უდიდესი ნაწილი დისტანციურ სამუშაოზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ ბავშვებთან ერთად მუშაობა ძალიან რთულია, რაშიც კორონავირუსის გავრცელებამ ბევრი ადამიანი დაარწმუნა. შვილები მშობლებისგან რეგულარულად მოითხოვენ ყურადღებას. მშობლობა უსასრულო და ზეგანაკვეთური შრომაა. ამასთან, ბავშვის სწორად აღზრდას ადამიანისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლიდან მუშაობა იდეალურ პირობებშიც კი რთულია, დღეს კი, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა.

მშობლებო, ვიდრე თქვენი პესიმისტური განწყობებისა და ფრუსტრაციის განცდის სოციალურ ქსელებში გაზიარებას დაიწყებთ, დაფიქრდით. თქვენ ძალიან იღბლიანი ადამიანები ხართ! შვილი ადამიანისთვის ნამდვილი საჩუქარია. ბავშვებთან ერთად სახლში დიდი დროის გატარება, მაშინაც კი, როდესაც თქვენ დისტანციურად მუშაობას ეჩვევით, ბავშვი კი დისტანციურად სწავლას ცდილობს, კორონავირუსის პანდემიის ერთადერთი და მოულოდნელი საჩუქარია. სამყარო უცნაური და მოულოდნელი გზით შეგვახსენებს, თუ რა არის ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი: ოჯახი და ბავშვები. სამსახური მოწინავე პოზიციებს ნამდვილად არ იკავებს. კორონავირუსის პანდემია ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის, როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროს შესახებ.

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ბიზნეს ინდუსტრია, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს, სამუშაო დრო შემცირდეს, მშობლებს კი ბავშვებთან ყოფნის მეტი შესაძლებლობა მიეცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვობა ძალიან სწრაფად გადის. კარანტინში ყოფნა კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შვილებთან ერთად დიდი დრო გავატაროთ, რაც ნამდვილი საჩუქარია. 

მომზადებულია ​pantagraph.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვების(12-15 წლის) ვაქცინაციაზე ისაუბრა, რომელთა აცრის დაწყებასაც ამ ეტაპზე განიხილავენ.

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12-15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა. მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პაციენტები არიან მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფრებში, აქვთ დაავადებები, რომლებიც აქვეითებს მათ იმუნურ სტატუსს, ეს არის სხვადასხვა გულ-ფილტვის დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები, მანკები, ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მოითხოვს მკურნალობას, ჰორმონებით ან ქიმიოპრეპარატებით. ასევე, ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, რომელთა დროს რისკი მეტია“.

პედიატრის თქმით, ვაქცინაცია არის პრევენცია, ის არ არის 100%-იანი დაცვა:

„ვაქცინაციის მეშვეობით ვიცავთ ბავშვს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში ან საერთოდ არ, ან მსუბუქი სიმპტომატიკით გამოეხატოს ინფექცია.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ზოგადად, ნებისმიერ ვაქცინას ახასიათებს, ძირითადი და დროებითი უკუჩვენება. ადგილობრივი რეაქცია, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურული რეაქცია, რაც შესაძლებელია, როგორც მოზრდილს, ასევე ბავშვს განუვითარდეს".

წყარო: "დილა მშვიდობისა საქართველო"

წაიკითხეთ სრულად